რუსთავის სიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუსთავის სიონის ტაძარი
რუსთავის სიონის ტაძარი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, უფრო ცნობილი როგორც რუსთავის სიონიქართული მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ რუსთავში. აგებულია 2000-2011 წლებში. პროექტის ავტორები არიან დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, ნიკოლოზ აბაშიძე და ნიკოლოზ დადიანი; მშენებლობას ხელმძღვანელობდა თემურ ბურკიაშვილი. მოქანდაკეები ქალაქ რუსთავის მოქალაქეები იყვნენ[1]. ტაძრის ქტიტორია თამაზ გველუკაშვილი[2].

ტაძარი ჩახაზული ჯვრის ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც გარშემო გალერეა აკრავს. ეკლესიის სიმაღლე 19 მეტრია[3]. რუსთავის სიონი XI-XII საუკუნეების ქართული ტაძრების ერთგვარ ნაკრებს წარმოადგენს; არქიტექტურულად იგი ნიკორწმინდის, კაცხისა და ბანას ტაძრების შერწყმაა, მისი ჩუქურთმები კი სხვადასხვა ქართული ტაძრების მორთულობებს იმეორებს. რუსთავის სიონი გადახურულია ქვის ლორფინებით. აღსანიშნავია, რომ კედლებსა და თაღებში ჩატანებულია სეისმური სარტყლები, რაც შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისათვის იყო დამახასიათებელი[4].

რუსთავის სიონის ტაძარი 2011 წლის 27 აგვისტოს რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ აკურთხა. 28 აგვისტოს კი, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე (ტაძარი მიძინების სახელობისაა) რუსთავის სიონში პირველი სადღესასწაულო წირვა ჩატარდა; იმავე დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა[5].

მშენებლობა[რედაქტირება]

რუსთავში ახალი ტაძრის აგების იდეა თამაზ გველუკაშვილს გაუჩნდა, რომელიც ასევე რუსთავის სიონის ქტიტორია. 2001 წლის აგვისტოში (მარიამობისთვეში) მომავალ ტაძარზე საუბრისას გადაწყდა, რომ ახალი ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის იქნებოდა. საინიციატივო ჯგუფმა ტაძრის აგებაზე ლოცვა-კურთხევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან, ილია II-ისაგან მიიღო, რის შემდეგაც მათ საპატრიარქოსთან არსებულ ხუროთმოძღვრების საბჭოს მიმართეს[2].

პროექტზე მუშაობა დეკანოზ ბესარიონ მენაბდის ხელშეწყობით დაიწყო. საწყის ეტაპზე რუსთავში ჩამოვიდნენ სპეციალისტები, რომლებმაც შეისწავლეს მომავალი ტაძრის მშენებლობის ადგილი და შეადგინეს გეგმა[2].

მშენებლობა 2000 წელს დაიწყო. მშენებლობას ათი წლის განმავლობაში სათავეში ედგა თემურ ბურკიაშვილი. მშენებლებად რუსთავის მცხოვრებლები იყვნენ დასაქმებულნი — 600 ადამიანიდან მხოლოდ 30 შეირჩა. თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრული წესების დაცვით უნდა აგებულიყო; ამ მიზნით მშენებელთა გუნდი მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა XI, XII და XIII საუკუნეების მართლმადიდებლურ არქიტექტურას. აღსანიშნავია, რომ მშენებლთაგან უმრავლესობა სპეციალისტი არ იყო და ქვაზე მუშაობას, ჩუქურთმების გამოყვანას ადგილზევე სწავლობდა; მიუხედავად ამისა, როგორც ტაძრის არქიტექტორი თეიმურაზ ბურკიაშვილი აღნიშნავს, ისინი მუშაობისას იმდენად დახელოვნდნენ, რომ ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრების რესტავრაციაზეც ალბათ მათ მოუწევთ მუსაობა[2].

მშენებლობის ყოველი დღე ლოცვით იწყებოდა და სრულდებოდა. იყო შემთხვევა, რომ ხარაჩოდან გადმოვარდა ადამიანი, მაგრამ მთლიანობაში რუსთავის სიონის მშენებლობას მსხვერპლი არ მოჰყოლია[2].

ტაძარი აგებულია ნიჩბისიდან მოტანილი ქვიშაქვით; ტაძრის მშენებლები აღნიშნავენ, რომ ეს არის ის ქვა, რომლითაც აშენდა სვეტიცხოველი და ანჩისხატი. XII-XIII საუკუნეების ტაძრების მსგავსად ინტერიერი აგურით ამოიყვანეს, რის შემდეგაც კედლები თლილი ქვით მოაპირკეთეს[3].

რუსთავის სიონი გამორჩეულია ბოლო დროის ქართულ ტაძრებს შორის იმმხრივ, რომ მშენებლობისას არ გამოყენებულა თანამედროვე ტექნიკა; სამშენებლო მასალად მხოლოდ ქვაა გამოყენებული, დუღაბი კი ძველი ქართული ტრადიციული წესით დამზადდა და მის შემადგენლობაში კვერცხის გულიც შედის. როგორც ტაძრის არქიტექტორები აცხადებენ, ასეთი ტრადიციული წესით აგებული ტაძარი დროთა განმავლობაში უფრო მყარდება და საუკუნეებს უძლებს[3]. ტრადიციული წესებით საქართველოში ტაძარი რუსთავის სიონამდე რამდენიმე საუკუნეა არ აგებულა[4].

სქოლიო[რედაქტირება]

  1. თანამედროვე ქართული საეკლესიო ხელოვნება, თბილისი, 2009, ISBN 978-9941-0-2037-7
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 რუსუდან ყიფიანი, რუსთავს უძველესი ქართული სატაძრო სამშენებლო წესით აშენებული სიონის ახალი ტაძარი ამშვენებს, „გზა ჭეშმარიტებისა“, № 8 (25), ნოემბერი, გვ. 29-30
  3. 3.0 3.1 3.2 რუსთავის სიონი
  4. 4.0 4.1 საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება, რუსთავის სიონი
  5. „ბეთლემი“, რუსთავის სიონი. სადღესასწაულო წირვა. რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე აყვანილია მიტროპოლიტის ხარისხში