რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რუსეთ-თურქეთის ომი (1877-1878))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ოსმალეთის ომი.
რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)
რუსეთ-ოსმალეთის ომების ნაწილი

ქართველი გამყოლები (ჩავლადრები) ომში
თარიღი 24 აპრილი, 1877 - 3 მარტი, 1878
მდებარეობა ბალკანეთი, კავკასია
შედეგი რუსეთის იმპერიის გამარჯვება, სან-სტეფანოს ზავი, ბერლინის ხელშეკრულება (1878)
ტერიტორიული
ცვლილებები

რუმინეთის, სერბეთისა და მონტენეგროს დამოუკიდებლობა
ბულგარეთმა შეიერთა მაკედონია და მიიღო ავტონომია

რუსეთმა შეიერთა არტაანი, ყარსი, ბაიაზეთი და აჭარა
მხარეები
რუსეთის იმპერია ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
მიხეილ რომანოვი

მიხეილ ლორის-მელიქიშვილი

სულეიმან-ფაშა
ძალები
737 355 ქვეითი

500 ზარბაზანი

281 000 ქვეითი
დანაკარგები
95 567 მოკლული

105 000 დაჭრილი ან დაკარგული

120 000 მოკლული
რუსეთ-ოსმალეთის ომი ვიკისაწყობში

რუსეთ-ოსმალეთის ომი 1877-78 წლებშირუსეთის იმპერიის მიერ წამოწყებული სამხედრო კამპანია ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ოსმალეთის იმპერიისგან წასართმევად. ომს წინ უძღოდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერება. 1877 წლის 12 (24) აპრილს კიშინიოვში მყოფმა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა მანიფესტს ოსმალეთთან ომის შესახებ.

ბალკანეთის ფრონტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საომარი მოქმედებები თავიდანვე დაიწყო ორ ფრონტზე – ბალკანეთსა და კავკასიაში. ოსმალეთის არმია ომის დასაწყისისათვის 450 ათას კაცს ითვლიდა, აქედან 338 ათასი ბალკანეთის ფრონტზე იმყოფებოდა, ხოლო 70 ათასი – კავკასიის ფრონტზე. რუსეთის მხარეს იბრძოდა ბულგარეთი და სერბეთის სამეფო. 1877 წლის აპრილში რუსეთის არმიამ გადალახა მდინარე პრუტი და რუმინეთის ტერიტორიაზე შევიდა. 1877 წლის მაის–ივნისში მიმდინარე ცხარე ბრძოლების შემდეგ რუსებმა ბულგარელ მოლაშქრეებთან ერთად მდინარე დუნაი გადალახეს და დაიკავეს სისტოვო. ამის შემდეგ რუსეთის არმია სამ ნაწილად გაიყო: გენერალ იოსებ გურკოს კორპუსს უნდა გადაელახა ბალკანეთის მთები და გადასულიყო ოსმალეთის არმიის ზურგში ადრიანოპოლის რაიონში. გენერალ ნიკოლოზ კრიდერის კორპუსს უნდა ემოქმედა რუსეთის არმიის მარჯვენა ფლანგზე და დაეკავებინა მნიშვნელოვანი სიმაგრე პლევნა. ტახტის მემკვიდრის ალექსანდრე ალექსანდრის ძის კორპუსს უნდა ემოქმედა რუსეთის არმიის მარცხენა ფლანგზე და დაეკავებინა მნიშვნელოვანი სიმაგრე რეშჩუკი. იოსებ გურკოს კორპუსმა სწრაფი შეტევა განახორციელა, დაიკავა ბულგარეთის ძველი დედაქალაქი ტირნოვო და შეუდგა ბალკანეთის მთებზე გადასვლას.

ოსმალეთის სარდლობამ მიზნად დაისახა რუსეთის არმიის სამხრეთ ბალკანეთიდან გნდევნა. ოსმალეთის არმია სულეიმან-ფაშას სარდლობით 1877 წლის ზაფხულში დიდი მონდომებით უტევდა შიპაის უღელტეხილზე გამაგრებულ რუსების რაზმს. მაგრამ რუსეთ-ბულგარეთის ერთობლივმა არმიამ არ დაუშვა ოსმალეთის არმიის ჩრდილოეთ ბალკანეთში გადასვლა. 1877 წლის ნოემბერში პლევნის გარნიზონის ოსმალურმა სარდლობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. პლევნის აღებამ გადამწყვეტი გავლენა იქონია ომის მსვლელობაზე. 1878 წლის იანვარში იოსებ გურკოს კორპუსმა სოფია დაიკავა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ოსმალები დაამარცხა ფილიპოპოლთან, რუსებმა აიღეს პლოვდივი, არმიის მეორე კორპუსმა 1878 წლის 8 იანვარს დაიკავა ადრიანოპოლი.

კავკასიის ფრონტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასიაში რუსეთის არმიას სარდლობდა მიხეილ ლორის-მელიქიშვილი. მის განკარგულებაში იყო 70 ათასი კაცი, რომელთა ნახევარს ქართველები შეადგენდნენ. ქართველებს იმედი ჰქონდათ ოსმალეთის მფლობელობაში არსებული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთებისა. ოსმალეთის მხრიდან ანატოლიის არმიას სარდლობდა მუხთარ ფაშა. საომარი მოქმედებები კავკასიის ფრონტზე დაიწყო 1877 წლის 30 აპრილს. ამავე წლის მაისში რუსებმა აიღეს ბაიაზეთი და არტაანი. რუსეთის არმიამ არ ისარგებლა მოპოვებული უპირატესობით და ბათუმის მაგივრად გეზი ყარსისაკენ აიღო, ბათუმზე შეტევა კი ოზურგეთიდან დაიწყო. ამ სტრატეგიული შეცდომის წყალობით რუსეთის სარდლობამ ინიციატივა ხელიდან გაუშვა. რუსეთის არმიამ ყარსი ვერ აიღო, საჭირო გახდა ხანგრძლივი ალყა. ამან ოსმალეთის სარდლობას საშუალება მისცა ჯარების მობილიზება მოეხდინა. რუსეთის სარდლობა მიხვდა საკუთარ შეცდომას და არზრუმის მიმართულებით დაიწყო შეტევა. დაგეგმილი შეტევა დაგვიანდა და ამჯერადაც ხელიდან გაუშვეს უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა. 1877 წელს ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს ერევნიდან ბაიაზითის მიმართულებით შეტევაზე გადასული რუსეთის ჯარები. ასევე დამარცხდნენ რუსები აფხაზეთშიც. 1877 წელს ოსმალეთმა გუდაუთასთან 1500-კაციანი დესანტი გადასხა და სოხუმი უბრძოლველად აიღო. 25 ივნისს ზივინთან განცდილი მარცხის შემდეგ რუსებმა დატოვეს ომის დასაწყისში დაკავებული ტერიტორიები. 1877 წლის ივნისიდან-სექტემბრამდე რუსეთის არმიის მდგომარეობა მცირე აზიის ფრონტზე მძიმე იყო. რუს-ქართველთა ერთობლივმა ჯარმა გაიმარჯვა მუხაესტატესთან და ხუცუბანთან, მაგრამ დამარცხდა ციხისძირთან. აფხაზეთში გენერალ იაკობ ალხაზიშვილის სარდლობით სასწრაფოდ გაიგზავნა დამხმარე ძალა, რომელიც რუსეთის რეგულარული ჯარისა და ქართული სახალხო ლაშქრისაგან შედგებოდა. გადამწყვეტი ბრძოლა ოქუმთან ოსმალების მარცხით დამთავრდა და უკან დაიხიეს. 1877 წლის 2 სექტემბერს რუსეთის ჯარები სოხუმში დაბრუნდნენ. მალე თურქებმა აფხაზეთი მთლიანად დატოვეს.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა, რუსები შეტევაზე გადავიდნენ არზრუმის და ყარსის მიმართულებით. გენერალ ობრუჩოვის სარდლობით რუსებმა დაამარცხეს ანატოლიის არმია. 8 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა ქართული სახალხო ლაშქრის დახმარებით ყარსი აიღეს და ერზურუმი ალყაში მოაქციეს. 1877 წლის დეკემბერში რუსებმა დაიკავეს ხერთვისი, არტანუჯი და ბათუმისაკენ გავიდნენ, თუმცა აჭარელი ბეგების პოზიციის გარკვევამდე ბრძოლის დაწყებას ერიდებოდნენ, ასეთ ვითარებაში შერიფ ხიმშიაშვილმა რუსებს აჭარაში შესვლა სთხოვა მათაც აღარ დააყოვნეს და ახალციხის მხრიდან რუსეთის ჯარები აჭარისკენ დაიძრნენ. ოსმალეთი კი თავგამოდებით იცავდა არზრუმს.

რუსეთის წარმატებებმა შეაშფოთა ევროპული სახელმწიფოები, ისინი სულთანს ზავის დადებას ურჩევდნენ. ევროპის ქვეყნებთან გართულების თავიდან აცილების მიზნით ალექსანდრე II-მ სულთნის პირობა მიიღო და 1878 წლის 19 (31) იანვარს ადრიანოპოლში დაიდო რუსეთ-ოსმალეთის დროებითი ზავი.

ომის შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროებითი ზავი განახლდა 19 თებერვალს. სტამბოლიდან დასავლეთით 12 კმ-ის დაშორებით დაიდო სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სერბეთმა, მონტენეგრომ და რუმინეთმა მიიღეს დამოუკიდებლობა, ბულგარეთმა შეიერთა მაკედონია და ოსმალეთში შემავალ ავტონომიურ სამთავროდ იქცა. ოსმალეთის ჯარები არ უნდა დარჩენილიყვნენ ბულგარეთში, ხოლო ციხესიმაგრები უნდა დაენგრიათ. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარელები ფორმალურად ოსმალეთის მმართველობის ქვეშ რჩებოდნენ 1908 წლამდე, მათ გარკვეული თვითმმართველობა ჰქონდათ მოპოვებული ოსმალეთისგან. ომს შედეგად მოჰყვა ბულგარეთში მუსლიმთა ეთნიკური წმენდა. რუსეთმა ამავე ზავით მიიღო სამხრეთი ბესარაბია. სან-სტეფანოს ზავი გადაისინჯა 1878 წლის 13 ივლისს ბერლინში. ბერლინის ხელშეკრულებით შეიცვალა სან-სტეფანოს ზავის რამდენიმე პირობა რუსეთის საზიანოდ. განსაკუთრებული დავის საგნად იქცა ბათუმის საკითხი. ბათუმის რუსეთს მხოლოდ პორტო-ფრანკოს სტატუსით გადაეცა. რუსეთმა ასევე მიიღო კოლა-არტაანი, ყარსი, ბაიაზეთი და აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ოლთისი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013. — გვ. 493-497, ISBN 978-9941-0-5498-3.
  • საქართველოს ისტორია, XIX საუკუნე, თბ., 2004 წ. გვ., 185-187
  • ხაჭაპურიძე გ., საქართველოს XIX და XX საუკუნეთა ისტორია, თბილისი: სახელგამი, 1940. — გვ. 82-83.
  • «Сборник материалов по Русско-Турецкой войне 1877-78 гг. на Кавказско-малоазиатском театре.» - Санкт-Петербург: издание Военно-исторической комиссии Главнаго штаба, 1903.
  • «Сборник материалов по Русско-Турецкой войне 1877-78 гг. на Балканском полуострове.» - Санкт-Петербург: издание Военно-исторической комиссии Главнаго штаба, 1898-1911