რუის-ურბნისის საეკლესიო კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რუის-ურბნისის საეკლესიო კრება 1104)

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება — მოიწვია დავით აღმაშენებელმა რუისისა და ურბნისის მახლობლად (ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი). რუის-ურბნისის კრების მოწვევის თარიღი არც ერთ ჩვენამდე მოღწეულ საისტორიო წყაროში არ არის დასახელებული. ისტორიკოსები ასახელებენ სამ სავარაუდო თარიღს: 1103, 1104, 1105. კრების მოწვევას ბევრი მიზეზი ედო საფუძვლად: სამეფოს წინაშე იდგა ამოცანა — ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკიცების სამსახურში ჩაეყენებინა ეკლესია, აღმოეფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი (ხელდასხმის წესის დარღვევა, საეკლესიო ქონების განიავება, მცირეწლოვანთა ქორწინება და სხვა). კრების მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის ერთგული მოხელე გიორგი, შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. შემოიკრიბა რა გიორგი მთაწმიდლის იდეურ მემკვიდრეთა ძლიერი დასი, საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მკაცრად შეუტია ეკლესიის მაშინდელ მესვეურებს.

კრებამ დავით აღმაშენებლის მომხრეთა ხაზი გაატარა და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი დადგენილებები ე. წ. ძეგლისწერა (რუის-ურბნისის ძეგლისწერა), რომლის ძალითაც გადააყენეს უღირსი მღვდელმთავრები; მათი ადგილი სამეფო ხელისუფლების ერთგულმა პირებმა დაიკავეს. მოწესრიგდა ხელდასხმის წესი და მოგვარდა საეკლესიო ცხოვრების ბევრი სხვა საკითხი.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება დავით აღმაშენებლის საეკლესიო რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამიერიდან დიდი ფეოდალები მღვდელმთავრების სახით ძლიერ მოკავშირეებს კარგავდნენ. რეფორმას მხარს უჭერდნენ მოსახლეობის ფართო ფენები. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოს სახელმწიფოს განმტკიცება-ცენტრალიზებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეტრეველი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 468-469.
  • გაბიძაშვილი ე., რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, თბ., 1978;
  • მეტრეველი რ., დიდნი საქმენი (XI საუკუნის მეორე ნახევრისა და XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი), თბ., 1978;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 3, თბ., 1966.