რონალდინიო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რონალდინიო
Ronaldinho
Soccer Ronaldinho.jpg

მეტსახელები: რონი (Ronni), ახალი რონალდუ, ჯადოქარი პორტუ-ალეგრიდან (El Brujo de Porto Alegre), მოღიმარი (O Rei), კიჭა (Nibbler), დინიო (Dinho)
პირადი მონაცემები
სრული სახელი რონალდო დე ასის მორეირა
დაბადების
თარიღი
21 მარტი, 1980 (1980-03-21) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
პორტუ-ალეგრი, რიუ-გრანდი-დუ-სული, ბრაზილია
სიმაღლე 182
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
თავისუფალი აგენტი
ახალგაზრდული კარიერა
1987—1991 ბრაზილიის დროშა „ლანჟენდონკი“
1991—1995 ბრაზილიის დროშა „ბელუ-ორიზონტი“
1995—1998 ბრაზილიის დროშა „გრემიო“
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998—2001 ბრაზილიის დროშა გრემიო 115 (64)
2001—2003 საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი 55 (17)
2003—2008 ესპანეთის დროშა ბარსელონა 145 (70)
2008—2011 იტალიის დროშა მილანი 76 (20)
2011—2012 ბრაზილიის დროშა ფლამენგო 33 (15)
2012—2014 ბრაზილიის დროშა ატლეტიკო მინეირო 45 (16)
2014—დღემდე მექსიკის დროშა კერეტარო 0 (0)
ეროვნული ნაკრები
1996 ბრაზილიის დროშა ბრაზილია 17 წლ. 6 (2)
1999 ბრაზილიის დროშა ბრაზილია 20 წლ. 5 (3)
1999–2005 ბრაზილიის დროშა ბრაზილია 23 წლ. 27 (18)
1999—დღემდე. ბრაზილიის დროშა ბრაზილია 97 (33)
2000—2008 ბრაზილიის დროშა ბრაზილია (ოლიმპიური) 27 (18)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 8 დეკემბერი 2013.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
6 თებერვალი 2013.

რონალდო დე ასის მორეირა[1] (პორტ. Ronaldo de Assis Moreira; 21 მარტი 1980, პორტუ-ალეგრი, შტატი რიუ-გრანდი-დუ-სული), უფრო მეტად ცნობილია, როგორც რონალდინიო (პორტ. Ronaldinho) და რონალდინიო გაუჩო[2] (პორტ. Ronaldinho Gaúcho) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობს შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. ამჟამად თამაშობს მექსიკურ „კერეტაროში“. მფლობელი „ოქროს ბურთისა“, რომელიც გადაეცა 2005 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. 2004 და 2005 წლების მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით.

იცავდა ბრაზილიური „გრემიოს“, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“, ესპანური „ბარსელონას“, იტალიური „მილანის“, ბრაზილიური „ფლამენგოსა“ და „ატლეტიკო მინეიროს“ ღირსებებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

რონალდინიო დაიბადა 1980 წლის 21 მარტს შტატ რიუ-გრანდი-დუ-სულის დედაქალაქ პორტუ-ალეგრის საავადმყოფო „სან-ლუკასში“. იგი ოჯახში მესამე შვილი გახდა.[3] მისი დედა, დონა მიგუელინა, გამყიდველად მუშაობდა, პარალელურად ექთნობას სწავლობდა. მისი მამა, ჟუან და სილვა მორეირა, ნავსაშენზე მუშაობდა და კლუბ „გრემიოს“ ავტოსადგომის გუშაგი იყო,[4] ასევე მანამდე იგი თამაშობდა ადგილობრივ სამოყვარულო გუნდ „კრუზეიროში“.[5] სწორედ მამა გახდა რონალდინიოს პირველი მწვრთნელი. იგი მას ფეხბურთის თამაშს ასწავლიდა ვილა ნოვას ქუჩებში, სადაც ოჯახი ცხოვრობდა. 1987 წელს რონალდინიომ სწავლა დაიწყო „ალბერტო ტორეს დე ვილა ნოვას“ კოლეჯში, მაგრამ ფეხბურთისადმი სიყვარულმა მაინც თავისი ქნა: რონალდინიოს ფეხბურთის თამაში მთელი დღის განმავლობაში შეეძლო. მაშინაც კი, როცა მისი მეგობრები დაღლილობის გამო ვერ ახერხებდნენ თამაშის გაგრძელებას, იგი ბურთს თავის ძაღლთან, ბომბონთან ერთად თამაშობდა, როგორც ბაღში, ისევე სახლში.

7 წლის ასაკში რონალდინიო შევიდა საფეხბურთო სკოლა „ლანჟენდოკში“.[3] სწორედ მაშინ მიიღო მან თავისი მეტსახელი „რონალდინიო“, რაც ნიშნავს „პატარა რონალდოს“. იგი „გრემიოს“ უმცროსი გუნდის ყველაზე პატარა ფეხბურთელი იყო.[6]. 1988 წელს, როდესაც რონალდინიო 8 წლის იყო, ოჯახის მამა ოჯახის აუზში ცურვისას გულის შეტევისგან გარდაიცვალა. როდესაც რონალდინიოს უფროსმა ძმამ, რობერტო დე ასისმა ხელი მოაწერა „გრემიოსთან“ კონტრაქტს, ოჯახი პორტუ-ალეგრის უფრო პრესტიჟულ რაიონში, გუარუიაში გადავიდა. ამ ადგილზე სახლი ოჯახისთვის „გრემიოს“ საჩუქარი გახდა, რათა რობერტო გუნდიდან არ წასულიყო. მოგვიანებით რონალდინიომ თქვა:

„ჩემი ძმა — ჩემთვის ნამდვილი გმირია. სწორედ ის გახდა ჩემთვის სამაგალითო მამა, ძმა და ფეხბურთელი“[7]

1991 წელს მან კლუბ „ბელუ-ორიზონტიში“ დაიწყო თამაში. დიდ ფეხბურთთან ერთად რონალდინიო მინი-ფეხბურთითა და საპლაჟო ფეხბურთითაც იყო დაკავებული, რაც მას დიდი ფეხბურთის მატჩებში ეხმარებოდა. 1993 წელს, 13 წლის ასაკში, რონალდინიო პირველად მოიხსენიეს ბრაზილიურ ინფორმაციის მასობრივ საშუალებებში, როდესაც მან ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ მატჩში 23-ვე გოლი გაიტანა; თამაში დამთავრდა ანგარიშით 23:0 „ბელუ-ორიზონტის“ სასარგებლოდ.[8]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

„გრემიო“[რედაქტირება]

რონალდინიოს კარიერა „გრემიოში“ დაიწყო 1995 წელს ახალგაზრდულ გუნდში, სადაც იგი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლიამ ჰიგინსის ხელმძღვანელობის ქვეშ გამოდიოდა გაუჩუს ლიგის ახალგაზრდულ პირველობაში. 1997 წლის თებერვალში მან ხელი მოაწერა პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს გუნდთან. იმავე წელს, ეგვიპტეში გამართულ 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სადაც მან პენალტიდან ორი გოლი გაიტანა, რონალდინიო გახდა ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი. ამავე ტურნირზე რონალდინიოს მაისურზე ეწერა სახელი „რონალდო“.[9]

ერთი წლის შემდეგ ლიბერტადორესის თასის მატჩში რონალდინიომ კლუბის პირველი გუნდის შემადგენლობაში განახორციელა დებიუტი. 1998 წლის 11 აპრილს შედგა რონალდინიოს დებიუტი რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატის ჩემპიონატში „სანტა კრუზის“ წინააღმდეგ მატჩში, რომელიც დამთავრდა ფრედ 1:1.[10] იმავე წლის 26 ივლისს რონალდინიომ პირველად ითამაშა ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატში „ინტერნასიონალის“ წინააღმდეგ, სადაც „გრემიო“ დამარცხდა ანგარიშით 0:1.[10] ერთი წლის შემდეგ რონალდინიომ მოიგო თავისი პირველი სერიოზული ტურნირი — შტატ რიუ-გრანდი-დუ-სულის ჩემპიონატი, რომლის გათამაშებაშიც მან 14 მატჩში 15 გოლი გაიტანა, რომელთაგან ერთ-ერთიც ფინალში, „ინტერნასიონალის“ კარში.[4] „გრემიოში“ 4-წლიანი კარიერის განმავლობაში რონალდინიომ ბრაზილიის ჩემპიონატში გამართა 35 მატჩი და გაიტანა 14 გოლი.

2001 წელს რონალდინიოთი დაინტერესდა ლონდონის „არსენალი“. თუმცა შეთანხმება ვერ შედგა იმის გამო, რომ ბრაზილიელმა ვერ მოახერხა სამუშაოზე ნებართვის აღება, რადგან ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში არასაკმარისი რაოდენობის მატჩები ჰქონდა ჩატარებული.[11] ასევე ჩაიშალა 6 მლნ ფუნტის ოდენობის საარენდო შეთანხმება შოტლანდიურ კლუბ „სენტ-მირენთან“ იმის გამო, რომ რონალდინიო გარეული იყო ყალბ პასპორტთან დაკავშირებულ სკანდალში, რომლის გამოც რონალდინიოს შოტლანდიურ კლუბში გადასვლის უფლება მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ მიეცა.[12] ასევე არსებობდა ჭორები კლუბ „ლიდს იუნაიტედის“ რონალდინიოსადმი ინტერესის შესახებ შესაძლო ტრანსფერთან ერთად, რომელიც უნდა შემდგარიყო 40-დან 80 მილიონ დოლარამდე თანხის გადახდის შემთხვევაში, თუმცა ეს ჭორები არ დადასტურდა.[13]

2000 წლის 22 დეკემბერს რონალდინიომ საიდუმლოდ მოაწერა ხელი წინასწარ კონტრაქტს ფრანგულ კლუბ „პარი სენ-ჟერმენთან“. რაღაც პერიოდის შემდეგ „გრემიოს“ პრეზიდენტმა გაზეთში განაცხადა პარიზელების 6,4 მლნ ევროიანი შემოთავაზების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული იყო 2 წელიწადზე, რონალდინიოსთვის პირველ სეზონზე 150 000, ხოლო მეორეზე 213 000 ევროს გადახდის ოდენობით.[14] ამ შემოთავაზების მიუხედავად, 2001 წლის 17 იანვარს პარიზულმა კლუბმა განაცხადა რონალდინიოს 5,1 მლნ ევროს ოდენობის ტრანსფერის შესახებ,[15] რომლის თანახმადაც რონალდინიომ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც ბრაზილიურ კლუბს საერთოდ არ მოეწონა.[14] ბოლო თვე ბრაზილიელმა „გრემიოში“ გაატარა, რომლის გულშემატკივრებმაც ფეხბურთელის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს: მათ ჩაიცვეს შავი სამკლაურები, რონალდინიოს ძმა, რობერტო დე ასისი, მოღალატედ გამოაცხადეს, ხოლო თვითონ რონალდინიოს ყოველი მოქმედება სტვენით ხვდებოდნენ.[14]

„პარი სენ-ჟერმენი“[რედაქტირება]

სეზონი 2001/2002[რედაქტირება]

2001 წლის 15 თებერვალს რონალდინიომ ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს ფრანგულ კლუბ „პარი სენ-ჟერმენთან“. თვითონ პარიზულმა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერში 5 მლნ ევრო გადაიხადა. პარიზში ჩამოსვლისას რონალდინიომ მიიღო 21-ნომრიანი მაისური. იგი გუნდის შემტევ ხაზში დააყენეს თავდამსხმელ ალოიზიოსა და ნახევარმცველებ მიკელ არტეტასა და ჯეი-ჯეი ოკოჩასთან ერთად. რონალდინიომ ახალ კლუბში დებიუტი განახორციელა 2001 წლის 4 აგვისტოს საფრანგეთის ლიგაში „ოსერის“ წინააღმდეგ მატჩში, რომელიც ფრე ანგარიშით 1:1 დასრულდა. რონალდინიომ 2001-2002 წლების სეზონის უდიდესი ნაწილი მონაცვლეობაში გაატარა, ხან სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხან კი მთავარ შემადგენლობაში გამოდიოდა. პირველი გოლი კლუბის მაისურით რონალდინიომ გაიტანა 13 ოქტომბერს „ლიონის“ წინააღმდეგ (2:2), როცა მოახდინა პენალტის რეალიზება, თანაც ამ დროისთვის მხოლოდ 10 წუთის გამოსული იყო მოედანზე. ზამთრის არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ რონალდინიომ შესანიშნავი სერია აჩვენა: მან ზედიზედ ოთხ მატჩში მოახერხა მოწინააღმდეგის კარის აღება. ბრაზილიელმა საკუთარ ანგარიშზე ჩაწერა შესანიშნავი გოლები „მონაკოს“, „რენის“, „ლანსისა“ და „ლორიანის“ წინააღმდეგ. 2002 წლის 16 მარტს რონალდინიომ კლუბში პირველი დუბლი განახორციელა, როცა „ტრუას“ წინააღმდეგ მატჩში ორჯერ გაიტანა გოლი (3:1). სეზონზე თავისი ბოლო გოლი მან 27 აპრილს „მეცის“ წინააღმდეგ მატჩში გაიტანა (2:0).

სეზონი 2002/2003[რედაქტირება]

ახალი სეზონის დასაწყისში რონალდინიომ თავისი 21 ნომერი შეცვალა 10-ით. ბრაზილიელი თავდამსხმელი უფრო ხშირად ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონზე მისი გამოსვლები კლუბში გულშემატკივრებისთვის არც ისე აღმაფრთოვანებელი იყო, იგი სეზონის კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 2002 წლის 26 ოქტომბერს რონალდინიომ ორი გოლი გაიტანა, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ლე კლასიკოში „მარსელის“ წინააღმდეგ პარიზელების გამარჯვებაში (3:1). პირველი გოლი რონალდინიომ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა, როდესაც 18 იარდიდან ბურთი „მარსელის“ რამდენიმე ფეხბურთელს გადაუგდო თავზე. საპასუხო მატჩში მან ისევ შეძლო გოლის გატანა და მისმა კლუბმა იმარჯვა ანგარიშით 3:0. რონალდინიო ასევე შეაქეს საფრანგეთის თასის ნახევარფინალში თამაშისთვის, სადაც მან ორი გოლის გატანა მოახერხა და კლუბს „ბორდოს“ წინააღმდეგ 2:0 მოაგებინა, რითიც „პარი სენ-ჟერმენმა“ ფინალის საგზური მოიპოვა. მაგრამ თასის ფინალში პარიზელები „ოსერთან“ დამარცხდნენ ანგარიშით 1:2, როცა უკანასკნელ წუთებზე გაუშვეს ბურთი. რონალდინიოს გრანდიოზული გამოსვლის მიუხედავად, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა. სეზონის დასრულების შემდეგ რონალდინიომ განაცხადა, რომ იგი მზად იყო, დაეტოვებინა კლუბი, რადგან იგი ევროთასებზე ვერ გავიდა.

შედეგი კლუბში: ორი სეზონი (2001—2003), 86 მატჩი, 25 გოლი, 18 საგოლე გადაცემა.

„ბარსელონა“[რედაქტირება]

სეზონი 2003/2004[რედაქტირება]

რონალდინიო

თავდაპირველად „ბარსელონის“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კლუბში ინგლისელი დეივიდ ბექჰემის მოყვანას აპირებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი მადრიდის „რეალში“ გადავიდა, ლაპორტამ აქცენტი რონალდინიოს შეძენაზე გადაიტანა. 2003 წლის 19 ივლისს, ძალიან რთული მოლაპარაკებების შემდეგ, რონალდინიო „ბარსელონის“ ფეხბურთელი გახდა. „ბარსამ“ ბრაზილიელში 32,25 მლნ ევრო გადაიხადა.[15] მან გუნდის შემადგენლობაში დებიუტი განახორციელა „მილანის“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, გაიტანა გოლი, მისმა გუნდმა კი 2:0 მოიგო. ოფიციალურ შეხვედრაში მან დებიუტი განახორციელა ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ, რომელიც „ბარსამ“ დაამარცხა ანგარიშით 1:0. პირველი გოლი ოფიციალურ თამაშში მან გაიტანა „სევილიის“ კარში. მეორე წრეზე რონალდინიომ ტრავმა მიიღო და დროებით შეწყვიტა გამოსვლები. „ბარსელონას“ შემადგენლობაში თავისი პირველი სეზონის განმავლობაში რონალდინიომ გამართა 45 მატჩი და გაიტანა 22 გოლი. თვითონ „ბარსამ“ დაიკავა მეორე ადგილი ესპანეთის ჩემპიონატში. სეზონის დასრულების შემდეგ რონალდინიო ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დაასახელეს. იმავე წელს მან მიიღო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ფიფა-ს ვერსიით. ეს ჯილდო მას გადაეცა 2004 წლის 20 დეკემბერს. თუმცა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში რონალდინიომ მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. მან დააგროვა 133 ქულა, რაც ნაკლები იყო ანდრეი შევჩენკოსა (175 ქულა) და დეკუს (139 ქულა) მიერ დაგროვებულ ქულებზე.

სეზონი 2004/2005[რედაქტირება]

რონალდინიო აღნიშნავს გოლს

2004-2005 წლების სეზონზე რონალდინიომ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე კლუბი 1/8 ფინალში „ჩელსისთან“ დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ რონალდინიომ სტუმრად გასვლისას თავისი კლუბისთვის ორი გოლი გაიტანა (საერთო ანგარიში 4:5).[16] სეზონის დასრულებისას რონალდინიომ მიიღო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ფიფპრო-ს ვერსიით, ასევე „ოქროს ბურთი“ (მან დააგროვა 225 ქულა, რაც 77 ქულით მეტია მეორე ადგილზე გასული ფრენკ ლამპარდის მიერ დაგროვებულზე) და ზედიზედ მეორეჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით (დააგროვა 956 ქულა, რაც 650 ქულით მეტია მე-2 ადგილზე გასული ლამპარდის ქულებზე). იმავე სეზონზე მან კლუბთან 2010 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. ამ კონტრაქტის მიხედვით მას „ლურჯ-ბროწეულისფერების“ რიგების დატოვება მხოლოდ 85 მლნ ფუნტის სანაცვლოდ შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მას 2014 წლამდე სთავაზობდა კონტრაქტის გახანგრძლივებას.[17]

სეზონი 2005/2006[რედაქტირება]

რონალდინიო კუთხურს აწვდის, 2005 წელი

2005-2006 წლების სეზონზე 19 ნოემბერს რონალდინიომ დუბლი შეასრულა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ. თამაშის ბოლოს, როდესაც ბრაზილიელი მოედნიდან შეცვლაზე გადიოდა, მას „სამეფო კლუბის“ თაყვანისმცემლებიც კი უკრავდნენ აპლოდისმენტებს.[18] იმავე წელს „ბარსა“ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც კლუბმა ლონდონის „არსენალი“ დაამარცხა ანგარიშით 2:1. ამ თამაშამდე ერთი კვირით ადრე ლურჯ-ბროწეულისფერებმა „სელტასთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატჩში გამარჯვება აღნიშნეს. ამისთვის რონალდინიო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად (მან 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა) და ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დაასახელეს. ამავე სეზონზე მან დაამყარა პირადი რეკორდი გატანილი გოლების რაოდენობაში — 26 გოლი.

სეზონი 2006/2007[რედაქტირება]

რონალდინიო 2006 წლის აგვისტოში

შემდეგი სეზონის დასაწყისში რონალდინიოს ხშირად აკრიტიკებდნენ. კრიტიკოსებს შორის იყო ლურჯ-ბროწეულისფერების მთავარი მწვრთნელიც, ფრანკ რაიკაარდი, რომელიც თვლიდა, რომ ბრაზილიელი ვერ ახერხებდა კარგი ფორმის აკრიბვას. ფეხბურთელის ძმა და აგენტი ამბობდა, რომ თავდამსხმელის ფორმის გაუარესება დაკავშირებული იყო პრესაში მოწყობილი დევნასთან.[19] 25 ნოემბერს რონალდინიომ განგმირა „ვილიარეალის“ კარი და თავისი 50-ე გოლი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში, იმავე თამაშში მან მაკრატელა გოლის გატანა მოახერხა. მოგვიანებით რონალდინიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასეთი გოლის გატანას ჯერ კიდევ მაშინ ოცნებობდა, როცა პატარა ბიჭი იყო.[20] 2006 წლის ნოემბერში რონალდინიომ მე-4 ადგილი დაიკავა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, ერთი თვის შემდეგ კი მესამე ადგილი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ფიფა-ს ვერსიით. 2006 წლის 14 დეკემბერს რონალდინიომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „ამერიკის“ წინააღმდეგ გაიტანა გოლი და განახორციელა ორი საგოლე გადაცემა, მაგრამ ტურნირის ფინალში „ბარსელონა“ დამარცხდა ბრაზილიურ „ინტერნასიონალთან“ მინიმალური სხვაობით 0:1. იანვარში რონალდინიო შევიდა უეფა-ს წლის გუნდში და დააგროვა ყველაზე მეტი, 292 000 ნომინაცია.[21] მარტში რონალდინიომ საქველმოქმედო მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო, რომელიც „რეალთან“ მიიღო (3:3). გაზაფხულზე რაიკაარდმა გუნდისთვის ახალი ტაქტიკური მონახაზების ძებნა დაიწყო, რის გამოც რონალდინიოს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში მოუწია, ამ პოზიციაზე კი მას უკვე მრავალი წლის განმავლობაში არ ეთამაშა.[19] 36-ე ტურში „ხეტაფესთან“ მატჩში რონალდინიომ მიიღო წითელი ბარათი, რის შემდეგაც მან მოედანი გაბრაზებულმა დატოვა და რის გამოც ვერ მოახერხა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ „ოქროს მატჩში“ მონაწილეობის მიღება.[19] შემოდგომაზე „ჩელსიმ“ „ბარსელონას“ რონალდინიოს ტრანსფერში 70 მლნ ევრო შესთავაზა, თუმცა „ბარსამ“ უარი განაცხადა.

სეზონი 2007/2008[რედაქტირება]

რონალდინიო და ფრენკ რაიკაარდი

2007-2008 წლების სეზონის დასაწყისი რონალდინიოსთვის წარუმატებელი გამოდგა. ამას იმდენი მოყვა, რომ საბოლოოდ „ბარსას“ გულშემატკივრები ბრაზილიელს სტვენით ხვდებოდნენ,[19] ამასთან ერთად სეზონისთვის მომზადებას ხელი შეუშალა წვივის კუნთის ტრავმამ, რომლის გამოც მან სეზონის დასაწყისში რამდენიმე თამაში გამოტოვა.[22] 2008 წლის 3 თებერვალს რონალდინიომ გამართა თავისი მე-200 მატჩი „ბარსელონას“ მაისურით „ოსასუნას“ წინააღმდეგ. შუა სეზონში რაიკაარდმა, რომელიც უკმაყოფილო იყო ბრაზილიელის დამოკიდებულებით ვარჯიშისადმი, რონალდინიო გუნდის შემადგენლობიდან გაიყვანა.[19] რაიკაარდმა რონალდინიოს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი „რეალის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში ანდო, თუმცა ბრაზილიელმა საკმაოდ წარუმატებლად ითამაშა. ეს მატჩი ლურჯ-ბროწეულისფერებმა წააგეს, ხოლო საზოგადოებამ ამ მარცხში სწორედ რონალდინიოს დასდო ბრალი.[23] 3 აპრილს რონალდინიოს მარჯვენა ფეხზე კუნთი გაუწყდა, რის გამოც იგი 6 თვის განმავლობაში ფორმიდან ამოვარდა. საბოლოოდ მისთვის სეზონი დასრულებული იყო.[24] 19 მაისს ლაპორტამ განაცხადა, რომ „რონალდინიოს ახალი გამოწვევა სჭირდებოდა“. იგი ამტკიცებდა, რომ ბრაზილიელს ახალი კლუბი ესაჭიროებოდა, რათა თავისი გამოსვლების დონე აღედგინა.[25] „მანჩესტერ სიტის“ მფლობელმა ტაკსინ ჩინავატმა 6 ივნისს თქვა, რომ მისი კლუბი რონალდინიოთი იყო დაინტერესებული.[26] უკანასკნელად „ბარსელონას“ მაისურით რონალდინიომ ითამაშა 28 ივნისს ვენესუელაში, რასიზმის წინააღმდეგ გამართულ საჩვენებელ მატჩში, რომელშიც მან 2 გოლი გაიტანა, მატჩი კი დასრულდა ანგარიშით 7:7.[27] 2008 წლის ივლისის დასაწყისში „მანჩესტერ სიტიმ“ კვლავ სცადა რონალდინიოს ყიდვა 25,5 მლნ ფუნტად, თუმცა ფეხბურთელს არ სურდა ინგლისში გადასვლა.[28]

„მილანი“[რედაქტირება]

სეზონი 2008/2009[რედაქტირება]

2008 წლის 15 ივნისს რონალდინიო იყიდა იტალიურმა „მილანმა“.[29] მილანის კლუბმა „ბარსელონას“ 21 მლნ ევრო გადაუხადა +4 მლნ ევრო იმ შემთხვევაში, თუ „როსონერი“ ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაციას გაივლიდა.[30] ახალ კლუბში რონალდინიოს წლიური ხელფასი შეადგენდა 6,5 მლნ ევროს.[31] 17 ივლისს თანდავსხმელი ოფიციალურად წარადგინეს „მილანის“ ფეხბურთელად. მან პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი კონტრაქტს 2011 წლის 30 ივნისამდე.[32] იმავე საღამოს იგი წარუდგინეს „როსონერის“ ტიფოზის სან-სიროზე, სადაც 40 000 მაყურებელი შეიკრიბა.[33] „მილანში“ რონალდინიომ აიღო 80 ნომერი, იმის გამო, რომ 10-იანი ნიდერლანდელ კლარენს ზეედორფს ეკუთვნოდა.[34]

რონალდინიო „მილანის“ შემადგენლობაში
პირველი სეზონი იტალიაში მეტად რთული იყო: ახალი ენა, ცხოვრების ახალი სტილი, ახალი ხალხი. ახალი წლის წინ მე ტრავმა მივიღე, ხოლო, როცა დავბრუნდი, ანჩელოტიმ სასტარტო შემადგენლობაში აღარ დამაყენა. მე ისღა მრჩებოდა, რომ მევარჯიშა და დამემტკიცებინა, რომ იგი არ იყო მართალი[35]
რონალდინიო

რონალდინიომ „მილანის“ შემადგენლობაში დებიუტი განახორციელა 2008 წლის 31 აგვისტოს „ბოლონიასთან“, რომელთანაც „როსონერი“ დამარცხდა ანგარიშით 1:2. 28 სექტემბერს მან კლუბისთვის პირველი გოლი გაიტანა, როცა თანამემამულე კაკას გადაცემის შემდეგ „ინტერის“ კარი თავით გაგმირა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა (1:0).[36] 2008 წლის 19 ოქტომბერს რონალდინიომ „სამპდორიის“ კარში ორი გოლის გატანა მოახერხა და კლუბისთვის პირველი დუბლი შეასრულა. 6 ნოემბერს რონალდინიომ „ბრაგის“ წინააღდეგ უეფა-ს თასის მატჩში გოლი გაიტანა და გუნდს 1:0 გაამარჯვებინა.[37] საკმაოდ წარმატებული დასაწყისის მიუხედავად, შუა სეზონზე რონალდინიომ შეყვიტა სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლა, იგი ხშირად სათადარიგოთა სკამზე იჯდა. სულ პირველი სეზონის განმავლობაში „მილანში“ რონალდინიომ გამართა 36 მატჩი და გაიტანა 10 გოლი.

სეზონი 2009/2010[რედაქტირება]

მეორე სეზონის დასაწყისი „მილანში“ რონალდინიოსთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლეონარდო არაუჟოს მოსწონდა:

„სამწუხაროდ, ის ჯერჯერობით ვერ ავლენს თავის საუკეთესო თვისებებს. თუ იგი კარგ ფორმაში იქნება და მართლა მოენატრება ფეხბურთი, მხოლოდ მაშინ შეძლებს გუნდისთვის სარგებლის მოტანას.[38] საქმე ის არ არის, მომწონს თუ არა მე რონალდინიო, მაგრამ მე და კლუბის მფლობელი სხვადასხვანაირად ვუყურებთ ბრაზილიელის სიტუაციას. ბერლუსკონიმ იცის, რომ მის შემადგენლობაში ბრილიანტია და უნდა, რომ იგი რაც შეიძლება მკაფიოდ ბრწყინავდეს. მე კი რონალდინიოს ყოველდღე ვხედავ და სხვანაირად ვთვლი. ჩემი აზრით, ახლა რონალდინიოს კარიერაში გადამწყვეტი მომენტია. იგი მშვენივრად ვარჯიშობს ყოველდღიურად. საჭიროა, რომ ეს მატჩებშიც გამოვლინდეს, რათა მან ეს მომენტები ხელახლა გაავარჯიშოს. სწორედ მაშინ გველოდება წარმატება. მან თამაშებისადმი თავისი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, რათა სტაბილური ფეხბურთი აჩვენოს“.[39]

მალე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რონალდინიოს საფეხბურთო კარიერის დასრულება სურდა, მაგრამ ბრაზილიელის ძმამ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მოგონილი იყო.[40] ოქტომბერში ჩემპიონთა ლიგაზე, „მილანის“ „ციურიხთან“ მატჩის წინ, ბრაზილიელი 2:30 საათზე ღამის კლუბში შენიშნეს, რის გამოც იგი დააჯარიმეს.[41] 2009-2010 წლების სეზონის დასაწყისში რონალდინიოს გადაეცა პრიზი Golden Foot, რომელიც განკუთვნილი იყო 29 წელს გადაცილებული საუკეთესო მოთამაშისთვის.[42] 21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ თამაშისას რონალდინიომ „სამეფო კლუბის“ ფორვარდს, რაულს გუნდების ფეხბურთელების შეტაკებისას თავში დაარტყა.[43] მალე რონალდინიომ კარგი ფორმა აკრიბა, ხოლო „სამპდორიასთან“ მატჩის შემდეგ, სადაც ბრაზილიელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა, „მილანის“ პრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ თქვა, რომ რონალდინიო, როგორც ფეხბურთელი, აღსდგა.[44] თვითონ რონალდინიო ამ შეფასებას დაეთანხმა:[45] „მე ახლა იმაზე უკეთესიც გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. წელიწადი დავხარჯე სწავლაში, თანაც არა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე. ამის შემდეგ გაცილებით უფრო გამიმარტივდა, ყველაფერი ჩემი ჩარევის გარეშეც აეწყო. მე მსურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მთავარი ვარსკვლავი გავხდე. ეს ნამდვილად ძალმიძს. ისედაც გამოვტოვე შესარჩევი კამპანია, რაც აქამდე ჩემს თავს არასდროს მომხდარა, ამიტომ ყველაფერი უნდა ავინაზღაურო“.[45]

რონალდინიო „მილანის“ თამაშში

2010 წლის იანვარში „მილანის“ ხელმძღვანელობამ რონალდინიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოინდომა.[46] 10 იანვარს რონალდინიომ „იუვენტუსთან“ მატჩში ორი გოლი გაიტანა. თამაშის შემდეგ მან თქვა, რომ კმაყოფილი იყო საკუთარი თამაშით[47] და ბედნიერი იყო კლუბში ყოფნით: „მე გახარებული ვარ. „მილანმა“ ყველა პირობა შემიქმნა საიმისოდ, რომ კარგად მემუშავა. ახლა მოედანზე გამოვდივარ საკუთარ თავში დარწმუნებული და იმის გაკეთების უფრო მეტი მონდომებით, რაც მსურს. როცა არ ვთამაშობდი, არ ვიყავი კმაყოფილი. მაგრამ ლეონარდოსთან მე რეგულარულად ვიღებ სათამაშო პრაქტიკას. ახლა კარგ ფორმაში ვარ, ამიტომ ყველაფერი მშვენივრადაა. მე მხოლოდ მსურს, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო და „მილანს“ რაიმეს მოგებაში დავეხმარო.[48] 2010 წლის 17 იანვარს რონალდინიომ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში სამჯერ გაგმირა „სიენის“ კარი.[49] 21-ე ტურში „ინტერის“ წინააღმდეგ მატჩის წინ, რომელშიც „მილანი“ 0:2 დამარცხდა,[50] რონალდინიო ზედიზედ სამი დღის განმავლობაში ერთობოდა მილანის ერთ-ერთ სასტუმროში,[51] რის გამოც კლუბმა იგი დააჯარიმა.[52]

2010 წლის 13 აპრილს რონალდინიომ „მილანთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა.[53] 16 მაისს, ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, რონალდინიომ „იუვენტუსის“ კარში ორი გოლი გაიტანა და გუნდს 3:0 გაამარჯვებინა.[54] პირველობის შედეგებით „მილანმა“ მე-3 ადგილი დაიკავა. რონალდინიო 15 საგოლე გადაცემით გახდა სერია A-ს საუკეთესო ასისტენტი,[55] „გოლი + საგოლე გადაცემის“ სისტემით მან მე-3 ადგილი დაიკავა — 12 გოლი და 15 საგოლე გადაცემა.[56] სულ სეზონის განმავლობაში რონალდინიომ 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.[57]

სეზონი 2010/2011[რედაქტირება]

შემდეგი სეზონის დასაწყისში გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ მალე რონალდინიო „მილანის“ დატოვებას აპირებდა.[58] ასევე მან შეწყვიტა შარშანდელი თამაშის დონის ჩვენება და უკმაყოფილო იყო გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის ტაქტიკით.[59] ნოემბერში რონალდინიო ერთ-ერთ ბარში შეამჩნიეს, რამაც გამოიწვია უკმაყოფილება გუნდის მთავარი მწვრთნელისა,[60] რომელმაც ფეხბურთელი „როსონერის“ სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო.[61] თვითონ ბრაზილიელმა განაცხადა, რომ მზად იყო, ებრძოლა გუნდის შემადგენლობაში ადგილის დასაკავებლად.[62] თუმცა, ამ სიტყვების მიუხედავად, ფეხბურთელმა მოლაპარაკებები გამართა „პალმეირასში“[63] ან „გრემიოში“[64] გადასვლასთან დაკავშირებით. 2010 წლის 30 დეკემბერს „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ თქვა: „რონალდინიო „მილანიდან“ იანვარში წავა. ახლა მას არ სურს გუნდთან ერთად ვარჯიში იმიტომ, რომ თავს მის ნაწილად ვეღარ გრძნობს“.[65] 2011 წლის 8 იანვარს ბრაზილიური ტელეარხის, SporTV-ის ეთერში გალიანიმ განაცხადა, რომ რონალდინიო 99,99%-ით „ფლამენგოს“ ფეხბურთელი იყო.[66][67]

„ფლამენგო“[რედაქტირება]

სეზონი 2011/2012[რედაქტირება]

2011 წლის 10 იანვარს რონალდინიო „ფლამენგოში“ გადავიდა, ამასთან ერთად კლუბის პრეზიდენტმა, პატრისია ამორინმა დირექტორთა საბჭოს მადლობა გადაუხადა „მოლაპარაკებების მსვლელობისას გამოჩენილი სიბრძნისა და გამჭრიახობისთვის“.[68][69] ხელი მოეწერა 4-წლიან კონტრაქტს.[70] 2011 წლის 2 თებერვალს რონალდინიო „rubro-negro-სთვის“ დებიუტი განახორციელა გუანაბარის თასის მე-5 ტურის მატჩში „ნოვა იგუასუს“ წინააღმდეგ.[71][72] 2011 წლის 6 თებერვალს გუანაბარის თასის მე-6 ტურის გასვლით მატჩში „ბოავისტას“ წინააღმდეგ რონალდინიომ „ფლამენგოს“ მაისურით გატანილი გოლით ანგარიში გახსნა (23-ე წუთზე მან პენალტის რეალიზება მოახდინა. პენალტი დაიდო იმის გამო, რომ მასპინძელთა მეკარე ტიაგო შმიდტმა საჯარიმოში წააქცია დეივიდ დე სოუზა).[73][74] 2011 წლის 16 თებერვალს ბრაზილიის თასის 1-ლი რაუნდის მატჩში „მურისის“ წინააღმდეგ რონალდინიომ „ფლამენგოსთვის“ თავისი პირველი გოლი გაიტანა „თამაშიდან“ (66-ე წუთზე რონალდინიომ მატჩში ანგარიში გახსნა. მან ბურთი შორეულ კუთხეში გაგზავნა თავით). მატჩი დასრულდა ანგარიშით 3:0 „ფლამენგოს“ სასარგებლოდ.[75][76][77] 2011 წლის 27 თებერვალს ბრაზილიელმა ერთადერთი გოლი გაიტანა გუანაბარის თასის ფინალში „ბოავისტის“ წინააღმდეგ (მან ტიაგო ნევესის წინააღმდეგ თამაშის დარღვევის გამო დადებული 24-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის რეალიზება მოახდინა).[78][79][80] 28 ივლისს „სანტოსის“ წინააღმდეგ მატჩში რონალდინიომ სამი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა, რითიც თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა (5:4).[81]

„ატლეტიკო მინეირო“[რედაქტირება]

2012 წლის 4 ივნისს რონალდინიომ ხელი მოაწერა 6-თვიან კონტრაქტს „ატლეტიკო მინეიროსთან“.[82][83][84] მან აიღო 49 ნომერი, რადგან მისი საყვარელი 10-იანი გილიერმე გუსმანს ჰქონდა დაკავებული. რონალდინიომ კლუბში დებიუტი განახორციელა 2012 წლის 9 ივნისს „პალმეირასის“ წინააღმდეგ მატჩში, რომელიც დასრულდა „ატლეტიკოს“ მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით (1:0). კლუბისთვის პირველი გოლი რონალდინიომ გაიტანა 2012 წლის 23 ივნისს „ნაუტიკო რესიფის“ წინააღმდეგ თამაშისას. მან პენალტის რეალიზება მოახდინა.

საბოლოოდ რონალდინიომ 2012 წელს თავის ახალ კლუბთან ერთად ლიგაზე გამოსვლებისთვის ბრაზილიის ოქროს ბურთი მოიგო.[85]

2014 წლის 9 იანვარს რონალდინიომ, როგორც იგი თავის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე იუწყება[86], კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

2014 წლის 28 ივლისს ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა[87].

„კერეტარო“[რედაქტირება]

2014 წლის 5 სექტემბერს რონალდინიომ ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს „მექსიკურ კლუბ კერეტაროსთან“.[88]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება]

რონალდინიო შვეიცარიასთან მატჩში, 2006 წელი

რონალდინიომ თავისი საერთაშორისო გამოსვლები 17 წლამდელთა ნაკრებში დაიწყო, რომელთან ერთადაც 1997 წელს ეგვიპტეში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი. ამ ტურნირზე მან ორი გოლი გაიტანა, პირველი — ავსტრიის კარში, ბრაზილიელებისთვის პირველ მატჩში, რომელიც დასრულდა ანგარიშით 7:0. გარდა ამისა, გათამაშების შედეგების მიხედვით მან მიიღო „ბრინჯაოს ბურთი“ — ტურნირის მესამე მოთამაშის ჯილდო.

რონალდინიო 2006 წლის 22 ივნისს

1999 წელს რონალდინიომ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ თამაშში ზამბიის კარში გაიტანა გოლი. 1/8 ფინალში რონალდინიომ ხორვატიას ორი გოლი გაუტანა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 4:0 მოიგო.[89] 1/4 ფინალში ბრაზილია ურუგვაისთან დამარცხდა.

1999 წლის 26 ივნისს, ამერიკის თასის დაწყებამდე 3 დღით ადრე, რონალდინიომ დებიუტი განახორციელა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში, რომელიც ბრაზილიელებმა 3:0 მოიგეს. თავის მეორე თამაშში — ვენესუელასთან, ამერიკის თასზე, რონალდინიომ თავისი გუნდის 7 უპასუხო ბურთიდან ერთ-ერთი გაიტანა. ეს ამერიკის თასი ბრაზილიამ მოიგო, რონალდინიომ კი 4 მატჩი გამართა და 1 გოლი გაიტანა.[90] ამერიკის თასის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ რონალდინიო კონფედერაციების თასზე გამოიძახეს, სადაც მან ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, გარდა ფინალური თამაშისა (რომელშიც ბრაზილიამ მექსიკას მოუგო ანგარიშით 3:4), ასევე 1 აგვისტოს, საუდის არაბეთთან გააკეთა ჰეთ-თრიკი (ის მატჩი ბრაზილიელებმა 8:2 მოიგეს). რონალდინიომ თავისი გამოსვლებისთვის ტურნირის საუკეთესო მოთამაშისა და 6 გოლით საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა (ამავე რაოდენობის გოლები ჰქონდათ გატანილი მარზუკ ალ-ოტაიბისა და კუაუტემოკ ბლანკოს).

რონალდინიო და ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა

2000 წელს რონალდინიო ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებზე სიდნეიში. უფრო ადრე, იმავე წელს, იგი ბრაზილიელებს წინასაოლიმპიადო ტურნირის მოგებაში დაეხმარა და 7 თამაშში 9 გოლი გაიტანა. თუმცა თვითონ შეჯიბრში ბრაზილია 1/4 ფინალიდან გამოვარდა, როცა კამერუნთან წააგო. რონალდინიომ ტურნირზე 4-ვე მატჩი გამართა და კამერუნთან წაგებულ თამაშში 1 გოლი გაიტანა.

2002 წელს რონალდინიომ მონაწილეობდა თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატში. ტურნირზე მან 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. პირველი გოლი მან ჯგუფურ ეტაპზე, ჩინეთის ნაკრების კარში გაიტანა. ეს თამაში ბრაზილიელებმა მოიგეს ანგარიშით 4:0. მეორე ბურთი რონალდინიომ ინგლისს გაუტანა 21 ივნისს, ამ გოლმა ბრაზილიელებს გამარჯვება მოუტანა: შეხვედრის 50-ე წუთზე რონალდინიომ 35 მეტრიდან დაარტყა და დევიდ სიმენის კარი განგმირა. 7 წუთში რონალდინიო მოედნიდან გააძევეს, მას შემდეგ, რაც მან თამაშის წესები დაარღვია ინგლისელ მცველ დენი მილზთან. ამის გამო ბრაზილიელმა ნახევარფინალური მატჩი გამოტოვა, მაგრამ გავიდა ფინალში და გუნდს გერმანიის დამარცხებასა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

2003 წელს რონალდინიო მონაწილეობდა კონფედერაციების თასზე, თუმცა ბრაზილიელებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს, თვითონ რონიმ კი 3-ვე თამაში გამართა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. მომავალ წელს რონალდინიო არ წავიდა ამერიკის თასზე, რადგან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს ალბერტო პარეირამ გადაწყვიტა თავისი „ვარსკვლავები“ დაესვენებინა და ტურნირზე მეორე შემადგენლობა წაიყვანა.[91] 2005 წელს რონალდინიო თავის გუნდს კონფედერაციების თასის მოგებაში დაეხმარა, ასევე იგი დაასახელეს ფინალური შეხვედრის მთავარ მოთამაშედ, სადაც ბრაზილიელებმა არგენტინა დაამარცხეს ანგარიშით 4:1. ტურნირზე რონალდინიომ 3 გოლი გაიტანა.

2006 წელს იგი მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ბრაზილელების 5-ვე შეხვედრა გამართა. ის გუნდის შეტევის „მაგიური კვადრატის“ ნაწილი იყო, რომელიც შედგებოდა რონალდოს, კაკას, ადრიანოსა და თვითონ რონალდინიოსგან. თუმცა თავდასხმის ოთხეულმა ტურნირზე მხოლოდ 5 გოლი გაიტანა. რონალდინიომ ვერც ერთხელ ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის კარის აღება, მეტიც, მან მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა (ჟილბერტოზე იაპონიასთან მატჩში). 1/4 ფინალში ბრაზილია საფრანგეთთან დამარცხდა ანგარიშით 0:1. ამ მატჩში ბრაზილიელებმა ფრანგების კარში მხოლოდ ერთხელ გაგზავნეს ბურთი.[92] შინ დაბრუნებისას მთელი გუნდი კრიტიკას დაექვემდებარა. 3 ივნისს, საფრანგეთთან მარცხის შემდეგ 2 დღეში, ვანდალებმა შაპეკოში ფისისა და მინის ბოჭკოსგან გაკეთებული რონალდინიოს 7,5 მეტრიანი ძეგლი გაანადგურეს,[93] რომელიც 2004 წელს დადგეს ფიფა-ს ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების პატივსაცემად. იმავე დღეს რონალდინიო, რომელსაც ადრიანოც შეუერთდა, წავიდნენ ბარსელონაში და მის სახლში გამართეს წვეულება, რომელიც ღამის კლუბში გაგრძელდა დილამდე. ამას მოჰყვა იმ აზრის მომხრეების ზრდა, რომლის თამახმადაც ბრაზილიელი ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე არ დახარჯულან.[94]

რონალდინიო 2007 წლის 18 ნოემბერს

2007 წლის 24 მაისს რონალდინიომ ორჯერ მოახერხა ჩილეს ნაკრების კარის აღება, რაც მისთვის პირველი შედეგიანი მატჩი გამოდგა 2005 წლის კონფედერაციების თასის შემდეგ, ამით მან შეყვიტა 2-წლიანი უგოლო სერია ეროვნულ ნაკრებში. იმავე წელს მან ითხოვა, რომ არ გამოეძახებინათ ამერიკის თასზე. ამის მიზეზად მან დაღლილობა მოიყვანა.[95] 18 დეკემბერს რონალდინიომ დააგვიანა „ბარსელონის“ შეკრებაზე, ნაკრებში ეკვადორთან თამაშის შემდეგ, იმის გამო, რომ ის და კიდევ რამდენიმე ბრაზილიელი ფეხბურთელი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღამის კლუბში ერთობოდნენ და იქიდან მხოლოდ დილის 11 საათზე წამოვიდნენ.[96]

2008 წლის 7 ივლისს რონალდინიო დაასახელე 3 ასაკოვ ფეხბურთელს შორის, რომლებიც გაემგზავრებოდნენ ოლიმპიადაზე.[97] „ბარსელონამ“ თავიდან აუკრძალა რონალდინიოს ტურნირზე წასვლა, მაგრამ ბრაზილიელი „მილანში“ გადავიდა, რომელსაც თავისი ფეხბურთელის ტურნირზე გამგზავრებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.[98] რონალდინიომ ტურნირზე 2 გოლი გაიტანა, ორივე — ახალი ზელანდიის კარში. ბრაზილიელები ტურნირის ნახევარფინალამდე გავიდნენ, სადაც არგენტინასთან დამარცხდნენ. მე-3 ადგილისთვის მატჩში ბრაზილიამ დაამარცხა ბელგია ანგარიშით 3:0.

მილანში გადასვლის შემდეგ რონალდინიომ თავიდან დაკარგა ადგილი ბრაზილიელების სასტარტო შემადგენლობაში, შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტეს მისი ეროვნულ ნაკრებში გამოძახება. 2009 წლის შემოდგომაზე რონალდინიომ კარგი ფორმა აკრიბა და ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.[45][99] წარმატებული გამოსვლების მიუხედავად, რონალდინიო მხოლოდ ნაკრების სათადარიგო ფეხბურთელების სიაში მოხვდა.[100] ეს გადაწყვეტილება კრიტიკას დაექვემდებარა მსოფლიო ჩემპიონატის ორგკომიტეტის თავმჯდომარის, დენი ჯორდანის მიერ.[101]

2010 წლის 6 სექტემბერს ბრაზილიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, მანო მენეზესმა, განაცხადა, რომ რონალდინიოს ეროვნულ გუნდში თამაშის საშუალებას მისცემდა.[102]

2010 წლის 29 ოქტომბერს რონალდინიო წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად გამოიძახეს ბრაზილიის ნაკრებში, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.[103] 17 ნოემბერს რონალდინიო ეროვნული ნაკრების მაისურით გამოვიდა არგენტინასთან მატჩში, რომელშიც ბრაზილიელები დამარცხდნენ ანგარიშით 0:1.[104]

2011 წლის 18 აგვისტოს მანო მენეზესმა რონალდინიო გამოიძახა განის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელიც გაიმართა 5 სექტემბერს[105] და რომელიც ბრაზილიელების მინიმალური სხვაობით გამარჯვებით დასრულდა — 1:0. მალე რონალდინიო როკის თასის ორ მატჩში გამოიძახეს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ, რომლებიც შედგა 15[106] და 29 სექტემბერს.[107] პირველ მატჩში ის კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა, შეხვედრა კი საბოლოოდ ნულოვანი ყაიმით დასრულდა. ასევე მანო მენეზესმა რონალდინიო გამოიძახა ამხანაგურ მატჩებზე კოსტა-რიკისა და მექსიკის ნაკრებების წინააღმდეგ, რომლებიც შესაბამისად გაიმართა 7 და 11 ოქტომბერს.[108]

მისი კარგი ფორმა 2013 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ იგი ნაკრების კაპიტნად დაასახელა ჩილესთან ამხანაგურ მატჩში, რომელიც 24 აპრილს გაიმართა.[109] მიუხედავად ამისა, რონალდინიო არ გამოუძახებიათ 2013 წლის კონფედერაციების თასზე.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

რობერტო, რონალდინიოს ძმა, ამჟამად მისი აგენტია.[6] ხოლო და, დეიზი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კონტაქტის კოორდინატორად მუშაობს.[110]

2001 წელს იგი გადაიღეს ტელესერიალ „კლონის“ ეპიზოდში.

2005 წლის 25 თებერვალს რონალდინიო მამა გახდა. მან ვაჟს ჟუანი დაარქვა, გარდაცვლილი მამის პატივსაცემად.[111] ბიჭი გაჩნდა კლუბ „დომინგან დე ფაუსტანის“ მოცეკვავე ჟანაინა ნატიენელე ვიანა მენდესისგან.

2007 წლის 27 აგვისტოს რონალდინიომ ესპანეთის ქვეშევდრომობა მიიღო.[112]

გამოსვლების სტატისტიკა[რედაქტირება]

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება]

განახლდა: 14 ოქტომბერი 2012 წელი
გამოსვლები ჩემპიონატი თასი კონტინენტი სხვა ჯამში
კლუბი ლიგა სეზონი თამაშები გოლები თამაშები გოლები თამაშები გოლები თამაშები გოლები თამაშები გოლები
ბრაზილიის დროშა „გრემიო“ სერია А 1998 14 1 2 0 15 3 17 4 48 8
1999 17 6 3 0 4 2 24 15 48 23
ჟოაო აველანჟის თასი 21 14 6 6 22 21 49 41
ჯამში 52 21 11 6 19 5 63 40 145 72
საფრანგეთის დროშა „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1 2001/02 28 9 6 2 14 2 48 13
2002/03 27 8 7 3 4 1 38 12
ჯამში 55 17 13 5 18 3 86 25
ესპანეთის დროშა „ბარსელონა“ პრიმერა 2003/04 32 15 6 3 7 4 45 22
2004/05 35 9 0 0 7 4 42 13
2005/06 29 17 2 1 12 7 2 1 45 26
2006/07 32 21 6 0 11 3 49 24
2007/08 17 8 1 0 8 1 26 9
ჯამში 145 70 22 4 45 19 2 1 214 94
იტალიის დროშა „მილანი“ სერია А 2008/09 29 8 1 0 6 2 7 1 43 11
2009/10 36 12 0 0 7 3 14 2 57 17
2010/11 11 0 0 0 5 1 16 1
ჯამში 76 20 1 0 18 6 21 3 116 29
ბრაზილიის დროშა „ფლამენგო“ სერია А 2011 31 14 5 1 3 2 13 4 52 21
2012 27 7 12 0 8 2 9 4 56 13
ჯამში 33 15 5 1 11 4 22 8 71 28
სულ კარიერის განმავლობაში 376 147 73 16 113 37 107 52 669 252

საერთაშორისო სტატისტიკა[რედაქტირება]

ნაკრები სეზონი ამხანაგური ტურნირები სულ
თამაშები გოლები თამაშები გოლები თამაშები გოლები
ბრაზილიის დროშა ბრაზილია
1999 4 0 9 7 13 7
2000 0 0 5 1 5 1
2001 2 1 2 0 4 1
2002 5 2 5 2 10 4
2003 4 1 4 1 8 2
2004 5 5 5 1 10 6
2005 1 0 11 6 12 6
2006 4 0 5 0 9 0
2007 7 4 4 1 11 5
2008 0 0 2 0 2 0
2009 1 0 2 0 3 0
2010 1 0 0 0 1 0
2011 5 1 0 0 5 1
2012 1 0 0 0 1 0
2013 2 0 0 0 2 0
სულ კარიერაში 42 14 54 19 96 33

მატჩები და გოლები ნაკრებში[რედაქტირება]

შესრულებული საჯარიმო დარტყმები[რედაქტირება]

სულ რონალდინიოს ჯარიმიდან გატანილი აქვს 54 გოლი. მათ შორის: 24 „ბარსელონასთვის“, 11 ბრაზილიის ნაკრებისთვის, 7 „გრემიოსთვის“, 4 „ფლამენგოსა“ და „პარი სენ-ჟერმენისთვის“, 3 „მილანისთვის“ და 1 „ატლეტიკო მინეიროსთვის“.

რეალიზებული პენალტები[რედაქტირება]

რონალდინიომ თავისი კარიერის განმავლობაში 15 პენალტის რეალიზება მოახდინა. მათ შორის: 9 „მილანისთვის“ და 6 „ფლამენგოსთვის“.

მიღწევები[რედაქტირება]

გუნდური

რონალდინიო 2005 წლის ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვების აღნიშვნაზე

ბრაზილიის დროშა „გრემიო“

საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი

ესპანეთის დროშა ბარსელონა

იტალიის დროშა მილანი

ბრაზილიის დროშა ფლამენგო

ბრაზილიის დროშა ატლეტიკო მინეირო

ბრაზილიის დროშა ბრაზილიის ნაკრები

პირადი მიღწევები

გრაფიტი, რომელიც მიძღვნილია რონალდინიოსა და რონალდოზე ბერლინის რაიონ კროიცბერგში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. პრაქტიკული ტრანსკრიპციის მიხედვით, სახელის გადმოცემის მართებული ვარიანტია რონალდუ დე ასის მორეირა.
  2. პრაქტიკული ტრანსკრიპციის მიხედვით, სახელის გადმოცემის მართებული ვარიანტია რონალდინიო გაუჩუ.
  3. 3.0 3.1 რონალდინიო > ბიოგრაფია
  4. 4.0 4.1 რონალდინიო გაუჩოს ვიდეოები
  5. 10 რამ რონალდინიოს შესახებ
  6. 6.0 6.1 ერთი-ერთზე რონალდინიოსთან
  7. რონალდინიოს პორტრეტი
  8. რონალდინიოს ბავშვობა
  9. რონალდინიო kingsport.it-ზე
  10. 10.0 10.1 პროფილი acmilan.com-ზე
  11. Arsene KO’d in Dinho bid
  12. რონალდინიომ შოტლანდიაში გადასვლა ვერ მოახერხა
  13. 80 000 000 დოლარი რონალდინიოში: ახალი სატრანსფერო რეკორდი თუ ბრაზილიელების მდიდარი წარმოსახვის შედეგი?
  14. 14.0 14.1 14.2 ბიოგრაფია — მისი კურსი — წლები „პსჟ-ში“
  15. 15.0 15.1 პროფილი transfermarkt.de-ზე
  16. ჩელსი 4-2 ბარსელონა
  17. რონალდინიომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2010 წლამდე გაახანგრძლივა
  18. Ronaldinho come Maradona Strappa applausi al nemico
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 დაცემული ანგელოზი
  20. Ronaldinho fulfils boyhood dream with overhead goal
  21. 2006 წლის „წლის გუნდი“ უეფა-ს ვერსიით. UEFA.COM
  22. რონალდინიო: „არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ „ბარსელონადან“ წავსულიყავი“
  23. განტევების ვაცი
  24. ტრავმა რონალდინიოს კამპანიას ასრულებს
  25. „ბარსას“ პრეზიდენტი ლაპორტა ამბობს, რომ დროა, რონალდინიომ „კამპ ნოუ“ დატოვოს და გზას გაუდგეს
  26. „მანჩესტერ სიტი“ რონალდინიოს შესაძენად იბრძვის
  27. რონალდინიოს ბიოგრაფია
  28. რონალდინიომ „მანჩესტერ სიტის“ გიგანტურ შემოთავაზებას „მილანი“ არჩია
  29. პროფილი footballdatabase.com-ზე
  30. Ronaldinho, sei un «trecante» Praticamente un nove e mezzo
  31. საგაზეთო სტატია რონალდინიოს ტრანსფერის შესახებ. Спорт-Экспресс. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-06-01-ში.
  32. Ronaldinho, sei un «trecante» Praticamente un nove e mezzo
  33. 40 000 მილანისტა რონალდინიოს „სან-სიროზე“ შეეგება
  34. DINHO: IL NOSTRO R80!
  35. საღეჭი რეზინის გამყიდველი
  36. Ronaldinho ferma Mourinho Derby al Milan, la Lazio ringrazia
  37. „მილანი“ — „ბრაგა“. ჯგუფი E. უეფა-ს თასი 2008-2009. „Спорт-Экспресс“
  38. ლეონარდო: „ჯერჯერობით რონალდინიო თავის საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს
  39. ლეონარდო: რონალდინიომ მატჩებისადმი თავისი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს
  40. რონალდინიო არ აპირებს კარიერის დასრულებას
  41. Corriere dello Sport: „მილანმა“ შესაძლოა რონალდინიო დააჯარიმოს იმის გამო, რომ მან ღამის კლუბი მოინახულა „ციურიხთან“ მატჩის წინ
  42. რონალდინიომ მოიგო Golden Foot-2009
  43. რონალდინიომ „რეალი“— „მილანის“ მატჩის დროს რაულს დაარტყა
  44. სილვიო ბერლუსკონი: „ხომ ვამბობდი, რომ რონალდინიო აღსდგებოდა, როგორც ფეხბურთელი“
  45. 45.0 45.1 45.2 რონალდინიო: მსურს რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მთავარი ვარსკვლავი გავხდე
  46. „მილანს“ რონალდინიოსთან 2013 წლამდე სურს კონტრაქტის გახანგრძლივება
  47. რონალდინიო: თავს ისე ვგრძნობ, თითქოს 18 წლის ვიყო
  48. რონალდინიო: „მე „მილანში“ ბედნიერი ვარ“
  49. რონალდინიოს ჰეთ-თრიკი „მილანს“ „სიენის“ განადგურებაში დაეხმარა
  50. „ინტერმა“ მილანურ დერბიში გამარჯვება მოიპოვა
  51. რონალდინიო დერბის წინ ზედიზედ სამი დღის განმავლობაში ერთობოდა
  52. „მილანმა“ რონალდინიო დააჯარიმა
  53. რონალდინიო 2014 წლამდე დარჩება „მილანში“
  54. „მილანმა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა „იუვენტუსი“
  55. ასისტენტები
  56. 56.0 56.1 „გოლი + საგოლე გადაცემა“
  57. ევროპის 10 საუკეთესო ასისტენტი
  58. რონალდინიო: შემიძლია „მილანში“ იმდენი ვითამაშო, რამდენიც მომესურვება
  59. რონალდინიო უკმაყოფილოა „მილანის“ ტაქტიკით
  60. რონალდინიო შესაძლოა სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდეს
  61. ალეგრი: რონალდინიოს მთავარ შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევს
  62. რონალდინიო: მე არ ვაპირებ ბერლუსკონისთვის დახმარების თხოვნას
  63. აგენტი: „პალმეირასის“ ვარიანტი რონალდინიოსთვის პრიორიტეტულია
  64. ოდონე: რონალდინიოსთან დაკავშირებით მხოლოდ „მილანთან“ დარჩა მოსალაპარაკებელი
  65. ადრიანო გალიანი: „რონალდინიო „მილანიდან“ იანვარში წავა“
  66. Flamengo e Milan anunciam acordo por Ronaldinho Gaúcho
  67. რონალდინიომ „გრემიოს“ „ფლამენგო“ არჩია. გალიანი: „რონალდინიო 99,99%-ით ფლამენგოს ფეხბურთელია“
  68. რონალდინიო კლუბ „ფლამენგოში“ გადავიდა. „РИА Новости“
  69. Novela tem final rubro-negro, e Fla confirma Ronaldinho até o fim de 2014
  70. „ფლამენგომ“ ოფიციალურად განაცხადა რონალდინიო გაუჩოს შეძენის შესახებ
  71. Ronaldinho estreia bem, Wanderley brilha e Fla segue 100 %
  72. Os 90 minutos de Ronaldinho em sua estreia pelo Fla
  73. «Sambadinha» para as semifinais da Taça Guanabara
  74. Ronaldinho: «Foi muito emocionante marcar pelo Fla»
  75. Flamengo faz 3 a 0 e garante classificação na Copa do Brasil
  76. ბრაზილიის თასი-2011. „ფლამენგომ“ სტუმრად გასვლისას „მურისი“ გაანადგურა და შემდეგ რაუნდში გავიდა
  77. ბრაზილიის თასი. „მურისი“ — „ფლამენგო“ — 0:3
  78. Mengão sem freio e campeão
  79. Ronaldinho comemorou muito o título do Flamengo
  80. Luxemburgo quer Ronaldinho como protagonista do Fla
  81. ნეიმარი: რონალდინიო — გენიოსია
  82. Ronaldinho é Galo. Site oficial do Clube Atlético Mineiro (4.06.2012). დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-06-25-ში. წაკითხვის თარიღი: 5 ივნისი 2012.
  83. Presidente Alexandre Kalil comenta contratação de Ronaldinho Gaúcho. Site oficial do Clube Atlético Mineiro (4.06.2012). დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-06-25-ში. წაკითხვის თარიღი: 5 ივნისი 2012.
  84. Schneller Wechsel: Ronaldinho heuert bei Atlético Mineiro an. transfermarkt.de (5.05.2012). დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-06-25-ში. წაკითხვის თარიღი: 5 ივნისი 2012.
  85. Ronaldinho Gaúcho leva Bola de Ouro do Brasileirão 2012 - Jornal O Globo
  86. რონალდინიომ „ატლეტიკო მინეიროსთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
  87. რონალდინიო „ატლეტიკო მინეიროს“ ტოვებს
  88. "RONALDINHO ES GALLO!". Club Querétaro. Retrieved 6 September 2014
  89. ფიფა-ს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 1999 — ნიგერია. ბრაზილია — ხორვატია
  90. პროფილი cbf.com.br-ზე
  91. ბრაზილიის გამარჯვება ამერიკის თასის ღირსებას ლახავს
  92. ფრანგებმა ბრაზილიელები 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არ გაუშვეს
  93. Estátua de Ronaldinho é queimada em Santa Catarina
  94. Decepção da Copa, Ronaldinho «festeja» com comida, dança e balada
  95. რონალდინიო ამერიკის თასის გამოტოვებას ითხოვს
  96. რონალდინიო და რობინიო მათმა გუნდებმა დააქვეითეს
  97. ბრაზილიის ვარსკვლავები პეკინში მიემგზავრებიან
  98. რონალდინიო კაკასთან ერთად „მილანში“ თამაშით გახარებულია
  99. რონალდინიო: თუ ასე თამაშს განვაგრძობ — მსოფლიო ჩემპიონატზე წავალ
  100. რონალდინიო ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სათადარიგო ფეხბურთელების სიაში მოხვდა
  101. მსოფლიო ჩემპიონატის ორგკომიტეტის თავმჯდომარემ დუნგუ გააკრიტიკა
  102. მენეზესი: „ეჭვი არ მეპარება, რომ რონალდინიო ბრაზილიის ნაკრებს დაეხმარება“
  103. რონალდინიო წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად გამოიძახეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში
  104. არგენტინა 1:0 ბრაზილია
  105. რონალდინიო ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს
  106. LiveTV / პირდაპირი ტრანსლაცია არგენტინა — ბრაზილია (ამხანაგური მატჩი)
  107. LiveTV / პირდაპირი ტრანსლაცია ბრაზილია — არგენტინა (ამხანაგური მატჩი)
  108. რონალდინიო ისევ გამოიძახეს ბრაზილიის ნაკრებში
  109. Felipão confirma Ronaldinho como capitão; Jean e Cavalieri escalados | globoesporte.com
  110. პატივისცემა კატალონიისგან
  111. Ronaldinho Gaúcho fala sobre seu filho pela primeira vez
  112. Ronaldinho jura la Constitución española