როლანდ სარჩიმელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როლანდ სარჩიმელია

როლანდ სარჩიმელია[1][2] (დ. 1933, სენაკი — გ. 2017, თბილისი) — ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1998 წლიდან, სპეციალობით ეკონომეტრიკა), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1969 წლიდან), პროფესორი. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომლის მეორე კურსიდან გადავიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე (დაამთავრა 1957 წელს). 1957—1966 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში, 1966—1973 წლებში თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ეკონომიკის მატემატიკურ-კიბერნეტიკული პრობლემების განყოფილებაში. აკადემიკოს პაატა გუგუშვილის წინადადებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ილია ვეკუამ, 1973 წელს, მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ეკონომიკის მათემატიკურ-კიბერნეტიკული კვლევების გასაღრმავებლად, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტიდან ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში გადმოიყვანა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მუშაობდა მეცნიერმუშაკად, ლაბორატორიის გამგედ, სექტორის გამგედ, განყოფილების გამგედ, უფროს მეცნიერთანამშრომლად.

პროფესორ როლანდ სარჩიმელიას 120-ზე მეტი შრომიდან სამ მონოგრაფიასა და ორ სახელმძღვანელოში მეტწილად ეკონომიკური კვლევის მათემატიკური მეთოდებია გამოყენებული, ძირითადად, ოპერაციათა გამოკვლევასა და ეკონომეტრიკაში, გარდა ამისა, ნაწილობრივ მშენებლობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ოპტიმიზაციის ამოცანების გადასაწყვეტად. როლანდ სარჩიმელიას მეცნიერული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს რისკისა და მისი განმარტების თავისებურებები[3], მეცნიერების განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრობლემები საქართველოში[4], ეკონომიკური ეფექტიანობა და სხვ. პროფესორი როლანდ სარჩიმელია კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა ასპირანტებს. როლანდ სარჩიმელია ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ინფორმაცია როლანდ სარჩიმელიას შესახებ, — „ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, საქართველოს მეცნ. აკად. წევრ-კორესპონდენტის ავთანდილ სილაგაძის საერთო რედაქციით, თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“, 2005, გვ. 571-572.
  2. კვლავ ჩვეული შემართებით. — გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 2003, 29 ოქტომბერი (N291).
  3. (საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, გვ. 138-145)
  4. (თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის შრომების კრებული, IV, გვ. 243-262)