როდოპოლისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

როდოპოლისი, ისტორიული ქალაქი დასავლეთ საქართველოში. ნაქალაქარი შემორჩენილია თანამედროვე სოფელ ვარციხის (ბაღდათის მუნიციპალიტეტი) ახლოს.

ისტორია[რედაქტირება]

ახლანდელი ვარციხის ადგილზე ადრინდელ შუა საუკუნეებში მდებარეობდა ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე). პირველად მოიხსენიება VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა. VI საუკუნის შუა წლებში სპარსეთ-ბიზანტიის ომის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველად ირანელების თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახალ დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია. IX-XI სს-ში ქალაქმა აღმავლობა განიცადა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.

არქეოლოგიური გათხრები[რედაქტირება]

ვარციხის ტერიტორიაზე 1968 წლიდან დაიწყო დაზვერვითი სამუშაოები. 1972 წლიდან კი ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი ვ. ჯაფარიძე). გამოვლინდა IV-VI სს. კოშკებიანი გალავნით გარშემოტყმული ციხე-ქალაქის კომპლექსის დიდი ნაწილი. ამ ხანაში ციხე-ქალაქი მნიშვნელოვანი გამაგრებული პუნქტი იყო. ამ დროის არქეოლოგიური მასალა (ძირითადად კერამიკა და მინა) ეგრისის მნიშვნელოვან საშინაო და საგარეო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე მიუთითებს. აღმოცენილი წითელლაქიანი კერამიკა და ამფორები აქ რიონ-ფასისის გზით უნდა მოხვედრილიყო. ეს გზა, რომელიც ანტიკურ ხანაში იყო ცნობილი, ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე ინარჩუნებდა მნიშვნელობას. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ქალაქ არტაშატიდან სებასტოპოლისაკენ მიმავლ გზას, რომელიც ზეკარზე, ხანისწყლის ხეობასა და ვარციხეზე გადიოდა.

გათხრების შედეგად გამოვლინდა აგრეთვე ნაგებობათა ნაშთები, რომლებიც ვარციხის შემდეგი აღმავლობის ხანას (IX-XI სს.) განეკუთვნება. ამ დროის ცხოვრების კვალი მოიცავს IV-VI სს. ციხე-ქალაქის მთელ ტერიტორიას. მოპოვებული მასალიდან საყურადღებოა IX-X სს. მოჭიქული კერამიკა.

1737 შედგენილი დასავლეთ საქართველოს რუკის მიხედვით, აქ აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაუტარებია იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ს. იმავე პერიოდისაა ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე გამოვლენილი ნაგებობათა ნაშთები და გალავნის გარეთ გაწმენდილი გეგმით ოთკუთხა მცირე ზომის ეკლესია. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: "ერისთავებმა მოსწვეს სასახლე ალექსანდრესი ვარციხეს".

ვარციხიდან 800 მეტრის მოშორებით, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას გაითხარა ნამოსახლარი გორა, რომელიც ხელოვნური თხრილით იყო გამაგრებული. აღმოჩნდა ადრინდელი ანტიკურიხანის რიყის ქვითა და კირქვით ნაგები, ხანძრით განადგურებული შენობების ნაშთები. ანტიკური ხანის კულტურული ფენებივრცელდება სამოსახლოს ირგვლივ. აღმოჩენილია ადგილობრივი და იმპორტული (შავლაქიანი ჭურჭელი, ამფორები) კერამიკა.

გაითხარა ძვ. წ. IV-III სს. სამარხი, რომელშიც გამოვლინდა ბრინჯაოს სამაჯურები, მინისებრი პასტის მძივები, წითლად გამომწვარი დოქი და ე. წ. კოლხური თეთრი.

მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე დაზვერვებით გამოვლინდა ადრინდელი შუა საუკუნეების ვარციხის თანადროულ სამოსახლოთა ნაშთები.

ლიტერატურა[რედაქტირება]