რიჩარდ ფეინმანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიჩარდ ფილიპს ფეინმანი
Richard Philips Feynman

რიჩარდ  ფილიპს ფეინმანი
რიჩარდ ფეინმანი
დაბადების თარიღი 11 მაისი, 1918
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 15 თებერვალი, 1988
გარდაცვალების ადგილი ლოს-ანჯელესი, აშშ
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი მანჰეტენის პროექტი, კორნელის უნივერსიტეტი, კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, პრინსტონის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი ჯონ არჩიბალდ უილერი
განთქმული მოსწავლეები ალბერტ ჰიბსი[1],
ჯორჯ ცვაიგი[1]
ცნობილია როგორც კვანტური ელექტროდინამიკა, ნაწილაკების თეორია, „ფეინმანის დიაგრამები“
ჯილდოები და პრემიები Nobel prize medal.svg ნობელის პრემია ფიზიკის დარგში (1965)
ოერსტედის მედალი (1972)
საიტი ფეინმანისადმი მიძღვნილი საიტი (ინგლ.)
Richard Feynman signature.svg

რიჩარდ ფილიპს ფეინმანი (ინგლ. Richard Philips Feynman [ˈfaɪnmən]) (დ. 11 მაისი, 1918, ნიუ-იორკი ― გ. 15 თებერვალი, 1988, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში (1965). 1943-1945 ბირთვული იარაღის შექმნაზე მომუშავე, მანჰეტენის პროექტის აქტიური წევრი ლოს-ალამოსში, ასევე იყო კოსმოსური შატლ „ჩელენჯერის“ კატასტროფის გამომძიებელი პანელის წევრი. ფეინმანი იყო ელემენტარული ნაწილაკების გარდაქმნების ამსახველი, „ფეინმანის დიაგრამების“ შემქმნელი. თეორიულ ფიზიკაში მის ნაშრომებთან ერთად, ფეინმანს ასევე მიიჩნევენ კვანტური კომპიუტერის შექმნის ერთ-ერთ პიონერად და ნანოტექნოლოგიის კონცეფციის შემმუშავებლად. სიცოცხლის ბოლო წლებში ფეინმანი თეორიული ფიზიკის პროფესორი იყო კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში.

ადრეული წლები[რედაქტირება]

რიჩარდ ფეინმანი დაიბადა მატერიალურად უზრუნველყოფილ ოჯახში. მისი მშობლები, მელვილი და ლუსილი, ცხოვრობდნენ ქუინსის სამხრეთით, ნიუ-იორკში. მის მამას გადაწყვეტილი ჰქონდა, იმ შემთხვევაში, თუ მათ ბიჭი შეეძინებოდათ, იგი აუცილებლად მეცნიერი გახდებოდა. იმ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ქალის სამეცნიერო კარიერა წარმოუდგენელი იყო (თუმცა არაოფიციალურად მათთვის შესაძლებელი იყო აკადემიური ხარისხის მიღება), რიჩარდის უმცროსმა დამ ჯოან ფეინმანმა მიაღწია აღიარებას სამეცნიერო წრეებში, როგორც წარმატებულმა ასტროფიზიკოსმა. მამა ცდილობდა ბავშვობიდან გაეღვივებინა რიჩარდში ბავშვური ინტერესი გარემო სამყაროს მოვლენებისა და მისი შემეცნების მიმართ. იგი ყოველთვის სრულად და დიდი ინტერესით პასუხობდა ბავშვის უამრავ შეკითხვას, პასუხებში კი იყენებდა საკუთარ ცოდნას ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის სფეროდან. ხშირად მიმართავდა სხვადასხვა ცნობარებს. მისი მეთოდი არ იყო დაძალება. მამა არასდროს არ ეუბნებოდა რიჩარდს, რომ იგი აუცილებლად უნდა გამხდარიყო დიდი მეცნიერი. დედისგან კი, პატარა რიჩარდმა მემკვიდრეობით მიიღო საოცარი იუმორის გრძნობა.

რიჩარდმა, მისი პირველი სამუშაო დავალება შეასრულა რადიომიმღების შეკეთებისას. მას შეეძლო რადიომიმღებების სწრაფად და ხარისხიანად შეკეთება, გარდა ამისა იგი რადიოს გაუმართავობის მიზეზს ეძებდა ლოგიკურად, სიმპტომების მიხედვით და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა შეკეთებას. მან ამ გზით „საპატიო“ სახელი მოიპოვა მეზობლებს შორის — მეზობლები აღტაცებას ვერ მალავდნენ, ბავშვის ნიჭიერების მიმართ.

რიჩარდი ახალგაზრდობაში

რიჩარდ ფეინმანმა დაამთავრა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ფიზიკის ფაკულტეტი და სწავლა განაგრძო პრინსტონის უნივერსიტეტში. მეორე მსოფლიო ომის დროს, ფეინმანი ცდილობდა მოხვედრას მოხალისეთა ჯგუფებში, მაგრამ ფსიქიატრის დასკვნის საფუძველზე, მას უარი გამოუცხადეს.

ოჯახი[რედაქტირება]

დოქტორის ხარისხის მოპოვების პერიოდში მან ოჯახი შექმნა — იქორწინა არლინ გრინბაუმზე, რომელიც იმ დროს ძლიერ (უკიდურესად) იყო დაავადებული ტუბერკულოზით. ფეინმანის მშობლები ძლიერ ეწინააღმდეგებოდნენ ასეთ ქორწინებას, მაგრამ რიჩარდმა მაინც მიიღო საკუთარი გადაწყვეტილება. ქორწინების ცერემონია და ჯვრისწერა შედგა ლოს-ალამოსისის მიმართულების რკინიგზის სადგურში, მეჯვარეები იყვნენ ფუნთუშების გამყიდველი და აფთიაქარი, ახლოს მდებარე მაღაზიებიდან. რიტუალს არ ესწრებოდა არც ერთი ნათესავი. ცერემონიის დასასრულს, როდესაც სიძეს მოეთხოვებოდა ეკოცნა პატარძლისთვის — რიჩარდმა, ახსოვდა რა არლინის ავადმყოფობა, მხოლოდ ლოყაზე ძლიერი კოცნით დაასაჩუქრა იგი.

1950 წელს ფეინმანმა მეორეჯერ იქორწინა. მისი მეორე ცოლი იყო მერი ლოუ, მაგრამ მალე დაშორდა, მიხვდა რა, რომ ვერ იქნებოდა სიყვარული ის რასაც, უკეთეს შემთხვევაში დავუძახებდით ძლიერ გატაცებას.

1960 წელს, ევროპაში, ერთ–ერთ კონფერენციაზე იგი შეხვდა ქალს, რომელიც მომავალში გახდა მისი მესამე ცოლი, - ეს იყო ინგლისელი გვინეტ ჰოვარტი. წყვილს შეეძინა ბიჭი, რომელსაც დაარქვეს კარლი, მათ მალე იშვილეს პატარა გოგო, სახელად მიშელი.

ამ პერიოდში ფეინმანი ძალზე გაიტაცა ხელოვნებამ. მას აინტერესებდა - რა გავლენას ახდენდა ადამიანებზე ხელოვნება. მან ხატვას მიჰყო ხელი. მისი ნახატები არ გამოირჩეოდნენ სილამაზით, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი დაეუფლა კარგი პორტრეტისტის ხელოვნებას.

1970 წელს ფეინმანმა, მისმა მეუღლემ და მათმა მეგობარმა რალფ ლეიტონმა (ფიზიკოსის რობერტ ლეიტონის შვილი) გადაწყვიტეს მოგზაურობა ტუვაში (მცირე, მთებით გარშემორტყმული ტერიტორია, რომელიც განლაგებულია რუსეთსა და მონღოლეთს შორის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა). ერთადერეთი პროფესორის, ტუვის მკვლევარის აზრით, ამ მოგზაურობას შეეძლო გაეორმაგებინა ცოდნა ამ ოლქის შესახებ. ფეინმანი, ამ მოგზაურობისთვის ემზადებოდა მთელი სერიოზულობით: იგი გაეცნო მთელ ლიტერატურას ტუვას შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ მოგზაურობა არ შედგა.

ფეიენმანი რობერტ ოპპენჰაიმერთან ერთად, ლოს-ალამოსი

უკანასკნელი დღეები[რედაქტირება]

1970 წელს ცნობილი გახდა, რომ იგი ავად იყო კიბოს იშვიათი ფორმით. სიმსივნე, რომელიც მუცლის არეში აღმოაჩინეს, სასწრაფოდ ამოკვეთეს, მაგრამ ამ დროისთვის ორგანიზმი უკვე აუნაზღაურებლად დაზიანებული იყო - შეჩერდა ერთი თირკმელის მუშაობა. განმეორებითმა ქირურგიულმა ოპერაციებმა შედეგი არ მოიტანა. ავადმყოფობა უკან არ იხევდა - ფეინმანი განწირული იყო.

მდგომარეობა უარესდებოდა. ექიმებმა, 1987 წელს დამატებით აღმოაჩინეს კიდევ ერთი სიმსივნე, რომელიც ამოკვეთეს, მაგრამ რიჩარდი ძალზე დასუსტებული იყო და იტანჯებოდა აუტანელი ტკივილით. 1988 წელს იგი ისევ ჰოსპიტალის სტაციონარში მოხვდა, სადაც ექიმებმა სიმსივნის გარდა, მის სხეულზე აღმოაჩინეს ღია წყლული. ყველაფერთან ერთად მეცნიერს მეორე თირკმელმა უმტყუნა.

შეიძლებოდა ხელოვნური თირკმელების გადანერგვა და სიცოცხლის რამდენიმე თვით გახანგრძლივება, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება - და მოაწერა ხელი სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარის განცხადებას. იგი გარდაიცვალა 1988 წლის 18 თებერვალს. იგი დაკრძალულია ალტადანეს სასაფლაოზე (სახელად „მაუნთინ ვიუ“-ში). მისი მეუღლე, გვინეტ ფეინმანი ასევე მის გვერდითაა დაკრძალული.

რიჩარდ ფეინმანმა შთამომავლობას დაუტოვა კვანტური ნაწილაკების ურთიერთქმედების ახალი თეორია. ამას გარდა, 1985 წელს მან გამოსცა თავს გადამხდარი სასაცილო ისტორიების კრებული, სათაურით - „თქვენ, რა თქმა უნდა, ხუმრობთ მისტერ ფეინმან!“. ამ კრებულის მეორე ტომს ეწოდება - „რად გენაღვლება თუ რას ფიქრობენ სხვები?“ ("What do You Care What Other People Think?").

შრომები[რედაქტირება]

კოლოქვიუმი ლოს-ალამოსში

1950 წლიდან რიჩარდ ფეინმანი მუშაობდა კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. მეუღლის გარდაცვალების და მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი განიცდიდა დეპრესიას. ამ პერიოდში იგი იღებდა მოწვევებს სხვადასხვა უნივერსიტეტების კათედრებიდან. მან პრინსტონის უნივერსიტეტის მოწვევაც მიიღო (სადაც მოღვაწეობდა ალბერტ აინშტაინი).

ფეინმანი განაგრძობს მუშაობას კვანტური გარდაქმნების საკუთარ თეორიაზე. გარდა ამისა იგი აყენებს ჰიპოთეზას ზედენადობის თეორიაში (იყენებს ერვინ შრედინგერის განტოლებებს). ეს აღმოჩენა, ზეგამტარობის თეორიასთან ერთად, რომლებიც გაცილებით ადრე მიღწეული იყო სხვა სამი, ფიზიკოსის მიერ, ახალ სათავეს უდებს დაბალი ტემპერატურების ფიზიკას. გარდა აღნიშნულისა, ფეინმანი "სუსტი დაშლის" თეორიაზე მუშაობდა მიურეი გელ-მანთან ერთად. „სუსტი დაშლის თეორია“ ყველაზე უკეთესად ჩანს თავისუფალი ნეიტრონის, პროტონად, ელექტრონად და ანტინეიტრინოდ ბეტა-გამოსხივებაში.

1960 წელს, რიჩარდ ფეინმანი აკადემიის თხოვნით, ქმნის ფიზიკის ახალ სასწავლო კურსს. მუშაობის შედეგს წარმოადგენს საავტორო სახელმძღვანელოს შემდეგი სახელწოდებით „ფეინმანის ლექციები ფიზიკაში“ ("The Feynman Lectures on Physics"). ეს წიგნები (ცხრა ტომი) ნათარგმნია მსოფლიოს მრავალ ენაზე და დღემდე აღიარებულია ფიზიკის სპეციალობის სტუდენტთათვის ერთ–ერთ საუკეთესო სახელმძღვანელოდ.

„შატლის“ კატასტროფის გამოკვლევა[რედაქტირება]

კოსმოსური შატლ ჩელენჯერის აფეთქება

1986 წლის 28 იანვარს, აშშ ეროვნულმა აეროკოსმოსურმა სააგენტომ განახორციელა მრვალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის - „ჩელენჯერის“ მორიგი გაშვება. ეს იყო „ჩელენჯერის“ ბოლო მისია. ხომალდი აფეთქდა გაშვებიდან 73 წამის შემდეგ. კატასტროფის მიზეზების გამოკვლევის მიზნით ჩამოყალიბდა საპრეზიდენტო კომისია. გვინეტმა დაარწმუნა მეუღლე, რომ მას აუცილებლად უნდა მიეღო მონაწილეობა ამ კომისიის მუშაობაში და შეეტანა საკუთარი წვლილი. ფეინმანმა, მართლაც მიაგნო აფეთქების მიზეზს - საწვავის ორი ცილინდრული ავზის შემაერთებელი მილის დამცველი, გარსული რეზინის მილი, დიდი ვიბრაციის გამო, განიცდიდა კრიტიკულ დატვირთვას, რის გამოც გარდაუვალი იყო მისი ფორმის მნიშვნელოვანი ცვლილება და დაცვის ფუნქციის დაკარგვა. ფეინმანის მიერ, ჭიქების, პატარა მილების და ყინულის გამოყენებით ჩატარდა თვალსაჩინო ცდა, რომელიც ამართლებდა თეორიული კვლევის შედეგს: ატმოსფეროს დაბალი ტემპერატურის პირობებში, რეზინის დამცავ მილს მართლაც უნდა დაეკარგა ელასტიურობის უნარი, გამსკდარიყო, ცხელი გაზის გამოშვების შედეგად (შუალედური მილიდან, ნაცვლად „სოპლო“-სი) კი გარდაუვალი იყო ცეცხლის გაჩენა და თხევადი წყალბადის უზარმაზარი ავზის აფეთქება.

ფეინმანის ცდა აჩვენეს პირდაპირი ეთერის სატელევიზო გადაცემაში. შემდგომში აღმოჩნდა, რომ კოსმოსური ცენტრის (ნასა) ტექნოლოგებისთვის წინასწარ ყოფილა ცნობილი, რომ გადადგმული იყო სარისკო ნაბიჯი და უგულვებელყოფილი იყო მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პირობა - ხომალდის გაშვება არ იყო სასურველი გარემოს დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში.

მოყვანილი ვითარებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელებმა საშუალო რგოლის ტექნიკური პერსონალი აიძულეს გაჩუმებულიყვნენ და დაეცვათ გაწეული „რისკის საიდუმლო“. შვიდი ასტრონავტის სიცოცხლე და მრავალ მილიონად შეფასებული ხომალდი შეეწირა კოსმოსური ცენტრის ხელმძღვანელთა პოლიტიკურ ამბიციებს. მათ მთავარი მიზანს წარმოადგენდა - ხომალდი გაშვებულიყო ზუსტად 28 იანვარს.

საინტერესო ცნობები[რედაქტირება]

რიჩარდ ფეინმანის ავტომობილი

1975 წელს რიჩარდ ფეინმანმა იყიდა „დოდჯ ტრეიდსმენის“ მარკის ავტომობილი (მიკროავტობუსი). ავტომობილი შეღებილი იყო, იმ დროისათვის მოდურ - მდოგვის ფერად, შიგნიდან კი მწვანე ფერებში, იგი მოხატული იყო ფეინმანის დიაგრამებით, ანუ იმით, რამაც მის პატრონს ნობელის პრემია მოუტანა. ფეინმანმა ამ მანქანისთვის სპეციალური სანომრე ნიშნები დაამზადებინა - წარწერით "QUANTUM".

ამ მანქანით ძირითადად სარგებლობდა მისი მეორე ცოლი გვინეტ ფეინმანი. ერთხელ, როდესაც მას შუქნიშანზე გაჩერებისას ჰკითხეს, თუ რატომაა გამოსახული ავტომობილზე ფეინმანის დიაგრამები, - მან უპასუხა: „იმიტომ, რომ მე მქვია გვინეტ ფეინმანი“.

რიჩარდ ფეინმანის გარდაცველების შემდეგ ავტომობილი, სიმბოლურ ფასად, ერთ დოლარად იყიდა ოჯახის მეგობარმა, რალფ ლეიტონმა. ერთ დოლარად გაყიდვა იყო ტრადიციული გზა, რომელსაც თავად რიჩარდი მიმართავდა, როდესაც მას სურდა ძველი ავტომობილების გაყიდვა.

ავტომობილი დიდხანს ემსახურებოდა მის ახალ პატრონს. 1993 წელს კი ეს მანქანა მონაწილეობდა რიჩარდ ფეინმანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ავტო-ტურნეში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Richard Phillips Feynman. Mathematics Genealogy Project (North Dakota State University). წაკითხვის თარიღი: 2010-03-18.
P vip.svg ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე.