რიონის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რიონის ბრძოლა — ბრძოლა 550 წელს ეგრის-ბიზანტიისა და ირანის ჯარს შორის ეგრისის დიდი ომის (542-562) დროს. 549 წელს ირანელმა სარდალმა მერმეროემ თავისი 30000-იანი არმიის 5000 მეომარი ეგრისში დატოვა, დანარჩენი კი გამოსაზამთრებლად სომხეთში გადაიყვანა. ირანელები რიონის სამხრეთ სანაპიროზე დაბანაკდნენ. გუბაზ II-მ, რომელიც ქართლიდან გადმოსასვლელ გზებს და რიონის მარჯვენა სანაპიროს იცავდა, გადაწყვიტა გაენადგურებინა ეს რაზმი და ბიზანტიელთა სარდალს დაგისთეს დახმარება სთხოვა.

ეგრისისა და ბიზანტიის ჯარი შეერთდა. გუბაზმა ჯერ 1000 მეომრისაგან შემდგარი მზვერავი რაზმი გაანადგურა, ხოლო შემდეგ მოულოდნელად ირანელთა მთავარ ბანაკს დაეცა და დაამარცხა. ირანელთა უმეტესობა ბრძოლის ველზე დაეცა, ბევრი ტყვედ ჩავარდა. გაქცეულები კი გუბაზმა ქართლში გადარეკა. ეგრისი ირანელებისაგან გაიწმინდა, ირანელთა გარნიზონი მხოლოდ პეტრას ციხე-ქალაქში იდგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუჩუა ვ., გადავცედოთ წარსულს, თბ., 1967;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973;