რივერსაიდის ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რივერსაიდის ტაძარი 120-ე ქუჩიდან.

რივერსაიდის ტაძარი (Riverside Church) ინტერდენომინაციული ეკლესიაა ნიუ-იორკში, 120-ე და 122-ე ქუჩებს შორის რივერსაიდ დრაივსა და კლერმონტ ავენიუსთან, მორნინგსაიდ ჰაიტსისა და ჰარლემის საზღვართან, მანჰეტენის ზემო ვესტ-საიდზე; განთქმული არა მხოლოდ სტილიზებული გოტიკური არქიტექტურით, არამედ ასევე როგორც სოციალური სამართლიანობის საკითხებზე დებატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ამერიკის უახლეს ისტორიაში.

ისტორია[რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში, ნიუ-იორკის ქრისტიანული ეკლესიები და მათი მრევლი საკუთარი რწმენის მომავლის შესახებ აქტიურ დებატებში იყვნენ ჩართული. ზოგიერთი ფუნდამენტალისტურ ინტერპრეტაციას ქადაგებდა, უილიამ ჯენინგს ბრაიანის ნააზრევის საფუძველზე, რომელსაც ბიბლიის მცნებების პირდაპირი, მკაცრი ინტერპრეტაციისა და განხორციელების სწამდა. თუმცა სხვები ეწინააღმდეგებოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ რელიგიის წარმატებისთვის მას უფრო თანამედროვე მიდგომა სჭირდებოდა და უფრო აქტიურად უნდა ჩართულიყო მსოფლიო მოვლენებში, მიჰყვებოდა რა იესოს, როგორ სოციალური რეფორმატორის, მაგალითს. 1922 წელს, ამ გჯუფმა, ჯონ დ. როკფელერისა და მოდერნისტი ბაპტისტი ჰარი ემერსონ ფოსდიკის დახმარებით, გადაწყვიტა შეექმნა ამ იდეებისადმი მიძღვნილი ეკლესია ნიუ-იორკში.

ეს ეკლესია უნდა აგებულიყო დოქტორ ფოსდიკის მიერ ქადაგებული სამი მთავარი პრინციპის მიხედვით: ეკლესია ინტერდენომინაციული უნდა ყოფილიყო; დიდი ეკლესია ქალაქის მნიშვნელოვან უბანში უნდა განთავსებულიყო; და იგი ღია უნდა ყოფილიყო ყველასთვის, ვისაც ქრისტეს სწამდა. ამ მოთხოვნების შესაბამისად, როკფელერმა მიწა შეისყიდა. მშენებლობა 1927 წლის დეკემბერში დაიწყო და ორ წელიწადში, 1930 წლის 5 ოქტომბერს დასრულდა. ფრანგული გოთური ეკლესიის ნიმუშზე (იხ. არქიტექტურა ქვემოთ) აგებული რივერსაიდის ეკლესია დღემდე რჩება არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა ტურისტებისთვის, არამედ ასევე გაცხოველებული პოლიტიკური დისკუსიების მნიშვნელოვანი ცენტრიც. წარსულში აქ სიტყვით გამოსულთა შორის იყვნენ: მარტინ ლუთერ კინგი, უმც. ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, ნელსონ მანდელა, მისი აშშ-ში პირველ ვიზიტზე ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, და ფიდელ კასტრო მისი ერთ-ერთი უიშვიათესი ვიზიტისას ამ ქვეყანაში 1999 წელს. ჯეიმზ ა. ფორბსი, უმც. მთავარი პასტორია 1989 წლიდან. ამერიკული მასმედია მას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინგლისურენოვან სახალხო სპიკერად მოიხსენიებს და ერთ-ერთ საუკეთესო შავკანიან პასტორად ქვეყანაში.

არქიტექტურა[რედაქტირება]

ეკლესია დააპროექტა ფირმამ ალენ, პელტონ ენდ კოლინზი. ჰარი პელტონი და ჩარლზ კოლინზი როკფელერმა დააფინანსა ესპანეთსა და საფრანგეთში სამოგზაუროდ, მათი პროექტისთვის შთაგონების საპოვნელად. ტაძრის პროექტისთვის ნიმუშად მათ შარტრის მე-13 საუკუნის ღვთისმშობლის ტაძარი (საფრანგეთი) აირჩიეს, ხოლო მასიური სამრეკლოსთვის, რომელიც ეკლესიის დანარჩენს ნაწილს ჯუჯად აქცევს, ლაონის ერთ-ერთი კოშკი, ოღონდ აქ მისი ძირი 100 კვ. ფუტია, აგებული ლითონის კარკასზე, რომელიც 22-სართულიანი შენობის ექვივალენტურია[1]. ეკლესიის იატაკზე დაგებულია ლაბირინთი, შარტრის მსგავსად. ეკლესიის მშენებლობა 1926 წელს დაიწყო, თუმცა მისი დასრულება დააყოვნა ხის ხარაჩოებში გაჩენილმა ხანძარმა, რომელიც თავისთავად მომსწრეთათვის თვალისმომჭრელი სანახავი იყო. დასრულებულ ტაძარში პირველი მღვდელმსახურება 1930 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა.

მთავარი შესასვლელი, სამხრეთ ფასადში, სამრეკლოს კოშკის ძირში, შარტრის პორტ-როიალის მსგავსია, ტიმპანში ქრისტეს მჯდომარე ფიგურით, რომელსაც გარს მოციქულთა სიმბოლოები ახვევია. კარის მრავალიარუსიან არკებში გამოკვეთილი ფიგურები რელიგიისა და ფილოსოფიის წამყვან ადამიანებს გამოსახავს, დიდ მეცნიერებთან ერთად.

სამრეკლოში მოთავსებულია კარილიონი, რომელიც ჯონ დ. როკფელერმა შესწირა ეკლესიას დედის ხსოვნისთვის, და რომელიც 1925 წელს დამონტაჟდა. მას შემდგომ რამდენიმე ზარიც დაემატა. 74 ბრინჯაოს ზარი, რომელიც მას უდიდეს ზარების კარიოლიონს ხდის მსოფლიოში, მოიცავს 20 ტონიან ბურდონს, უდიდეს ჩამოსხმულ და მომართულ ზარს, რომელიც კი დღემდე არსებობს.

ეკლესია კომპლექსური სოციალური საქმიანობის ცენტრის დანიშნულებას ასრულდებდა მისი არსებობის დასაბამიდან, და ის მოიცავს რამდენიმე შეხვედრათა დარბაზს, საკლასო ოთახებს, საბავშვო ბაგა-ბაღს, ბიბლიოთეკას, აუდიტორიასა და სასპორტო დარბაზს.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ნიუ-იორკის არქიტექტურული სახეები - რივერსაიდის ეკლესია, 31 ივლისი, 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Flag of New York City.svg პორტალი ნიუ-იორკი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ნიუ-იორკზე.