იოახიმ ფონ რიბენტროპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რიბენტროპი, იოახიმ ფონ)
იოახიმ ფონ რიბენტროპი
იოახიმ ფონ რიბენტროპი
იოახიმ ფონ რიბენტროპი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 თებერვალი, 1938 – 30 აპრილი, 1945
კანცლერი  ადოლფ ჰიტლერი
წინამორბედიკონსტანტინ ფონ ნოირათი
მემკვიდრეარტურ ზაის-ინკვარტი

დაბადებული30 აპრილი, 1893
ვეზელი, გერმანიის იმპერია
გარდაცვლილი16 ოქტომბერი, 1946 (53 წლის)
ნიურნბერგი, გერმანია
ეროვნებაგერმანელი
პოლიტიკური პარტიანსდაპ
მეუღლეანა ელიზაბეთ (ანელიზ) ჰენკელზე (1920)
შვილები5
პროფესიაბიზნესმენი, დიპლომატი
ხელმოწერა

ულრიხ ფრიდრიხ ვილი იოახიმ ფონ რიბენტროპი (გერმ. Ullrich Friedrich Willy Joachim von Ribbentrop; დ. 30 აპრილი, 1893, ვეზელი, გერმანია — გ. 16 ოქტომბერი, 1946, ნიურნბერგი) — ნაცისტური გერმანიის გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე და საგარეო საქმეთა მინისტრი 1938-1945 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიბენტროპი დაიბადა ოფიცრის, რიხარდ ულრიხ ფრიდრიხ იოახიმ რიბენტროპის და მისი მეუღლის, სოფი ჰარტვიგის ოჯახში. დაწყებითი სასკოლო განათლება მან გერმანიის და შვეიცარიის კერძო სკოლებში მიიღო, სადაც ბრწყინვალედ დაეუფლა ინგლისურ და ფრანგულ ენებს. 1908 წლიდან იგი ბევრს მოგზაურობდა საზღვარგარეთ. 1910–1914 წლებში ძირითადად ცხოვრობდა კანადაში, სადაც გერმანული ღვინოების იმპორტით იყო დაკავებული.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისთანანავე რიბენტროპი დაბრუნდა გერმანიაში და დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა. ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის იგი დააჯილდოეს 1-ლი ხარისხის რკინის ჯვრით და მიენიჭა ობერლეიტენანტის წოდება. 1916 წელს ფრონტზე მიღებული ჭრილობის გამო რიბენტროპი გადაყვანილ იქნა გერმანიის საელჩოში სტამბოლში, შტაბის ოფიცრის თანამდებობაზე. აქ იგი გაეცნო და დაუმეგობრდა ფრანც ფონ პაპენს

1920 წელს რიბენტროპი დაქორწინდა ანა ელიზაბეთ (ანელიზ) ჰენკელზე, რომელიც ცნობილი შამპანური ღვინოების (Henkell & Söhnlein KG) ფაბრიკანტის შვილი იყო და ამ ფირმის ბერლინის განყოფილების დირექტორი გახდა. 1925 წელს იგი იშვილა მისმა შორეულმა ნათესავმა გერტრუდ ფონ რიბბენტროპმა, რომელიც რიბეტროპთა საგვარეულოს გათავადაზნაურებულ შტოს ეკუთვნოდა და ამიერიდან იოახიმი თავის გვარს წინ ურთავს „ფონ“-ს (von) და იწოდება „ფონ რიბენტროპად“. 1932 წელს ჰიტლერის გაცნობის შემდეგ იგი შევიდა ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში და ხელს უწყობდა ჰიტლერს ახლო კონტაქტი გაება მასთან დაახლოებულ და დამეგობრებულ მსხვილ მეწარმეთა და ფინანსისთა წრესთან.

1933 წელს ჰიტლერის მიერ მთავრობის კაბინეტის ჩამოყალიბებისას საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი, რომელსაც რიბენტროპი თავისად იგულებდა, ალფრედ როზენბეგს, როგორც „ძველ გვარდიელს“, ერგო. 1934 წელს რიბენტროპი დაინიშნა „რაიხის მთავრობის საგარეო პოლიტიკურ და განიარაღების საქმეთა მრჩევლად“. 1935 წლის ივნისში იგი დაწინაურებულ იქნა „გერმანიის რაიხის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის“ თანამდებობაზე. ამ პოსტზე რიბენტროპის დაუცხრომელი მცდელობით შედგა „ინგლის-გერმანიის საზღვაო პაქტი“, რომელიც გერმანიას ნებას აძლევდა ინგლისის საზღვაო ძალების 1/3 რაოდენობის ფლოტი ჰყოლოდა. ერთი წლის შემდეგ, 1936 წელს, მისი ინიციატივით გერმანიამ და იაპონიამ ხელი მოაწერეს „ანტიკომინტერნულ პაქტს“, რომელიც მიზნად ისახავდა ამ ორი სახელმწიფოს კოოპერაციას კომუნისტური ინტერნაციონალის (კომინტერნი) წინააღმდეგ ბრძოლაში. 1936 წელს რიბენტროპი დაინიშნა გერმანიის ელჩად ლონდონში და მას ეს თანამდებობა ეკავა 1938 წლამდე.

1938 წელს რიბენტროპი დაინიშნა რაიხის საგარეო საქმეთა მინისტრად. მას შემდეგ რაც 1939 წლის მარტში ვერმახტი ჩეხოსლოვაკიაში შევიდა ბრიტანეთი აქტიურ მუშაობას შეუდგა ანტიგერმანული ბლოკის შექმნაზე. მთავარი აქცენტი გადატანილი იყო სსრკ-ზე, მაგრამ ინგლისელთა გასაკვირად რიბენტროპმა იმდენი მოახერხა, რომ 1939 წლის 23 აგვისტოს გერმანიის და სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რიბენტროპმა და მოლოტოვმა, ხელი მოაწერეს ე.წ. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტს (გერმ. Hitler-Stalin-Pakt - ჰიტლერ-სტალინის პაქტი). პაქტი ითვალისწინებდა ურთიერთთავდაუსხმელობას 10 წლის განმავლობაში, პოლონეთის ტერიტორიის განაწილებას გერმანიასა და სსრ-ს შორის და სსრკ-ს ნეიტრალიტეტს დასავლეთ ევროპაში მიმდნარე საომარ ოპერაციებში. ეს პაქტი რიბენტროპის და მთელი გერმანული დიპლომატიის დიდი გამარჯვება იყო.

რიბენტროპი ნიურნბერგის ტრიბუნალზე (პირველი რიგი, მარცხნიდან მესამე)

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე მოვლენების უკანა პლანზე მოექცა და იმისათვის რომ შეენარჩუნებინა ძველი გავლენა ნაცისტურ ელიტაში რიბენტროპმა თავისი სამინისტროს კადრები სს-ის წევრებით გაავსო. რაკი დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობის საქმეები საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდა სს-ელები თავის მხრივ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უზრუნველყოფდნენ დაპყრობილი ტერიტორიებიდან ებრაელთა დეპორტაციას საკონცენტრაციო ბანაკებში. ეს გახდა მიზეზი იმისა რომ ომის დამთავრების შემდეგ რიბენტროპი ნიურნბერგის პროცესი მთავარ დამნაშავეთა სიაში მოხვდა. 218 დღიანი გამოძიების პერიოდში რიბენტროპს არ გამოუვლენია არავითარი სინანულის გრძნობა და 1946 წლის 1 ოქტომბერს მოკავშირეთა სამხედრო ტრიბუნალმა მას ჩამოხრჩობა მიუსაჯა. განაჩენი შესრულდა ნიურნბერგის ციხეში 1946 წლის 16 ოქტომბერსშუაღამის 1 საათზე.

რიბენტროპის ბოლო სიტყვები იყო:

ღმერთო დაიცავი გერმანია. ჩემი უკანასკნელი სურვილია შენარჩუნებულ იქნას გერმანიის ერთიანობა და აღმოსავლეთსა და დასვლეთს შორის ურთიერთგაგებით მსოფლიოში მშვიდობა დამყარდეს.
ორიგინალი ტექსტი (გერმანული)

Gott schütze Deutschland. Mein letzter Wunsch ist, dass Deutschlands Einheit erhalten bleibt und die Verständigung zwischen Ost und West für den Frieden der Welt kommt.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bloch, Michael. Ribbentrop. New York: Crown Publishing, 1992. ISBN 0-517-59310-6.
  • Browning, Christopher R. The Final Solution and the German Foreign Office: A Study of Referat D III of Abteilung Deutschland, 194–43. New York: Holmes & Meier, 1978. ISBN 0-8419-0403-0.
  • Craig, Gordon. "The German Foreign Office from Neurath to Ribbentrop" in Gordon A. Craig and Felix Gilbert (eds.) The Diplomats 1919–39. Princeton: Princeton University Press, 1953, pp. 406–436.
  • Hildebrand, Klaus. The Foreign Policy of the Third Reich, Anthony Fothergill (trans.). London: Batsford, 1973. ISBN 0-520-02528-8.
  • Hillgruber, Andreas. Germany and the Two World Wars, William C. Kirby (trans.). Cambridge, Massachusetts: Harvard University Press, 1981. ISBN 0-674-35321-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]