რეტის ალპები
რეტის ალპები (იტალ. Alpi Retiche; გერმ. Rätische Alpen) — აღმოსავლეთი ალპების ნაწილი იტალიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და ავსტრიაში. შეჭრილია იტალიის ლომბარდიისა და ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონებში, შვეიცარიის ტიჩინოსა და გრაუბიუნდენის კანტონებში და ავსტრიის ფორარლბერგისა და ტიროლის ტერიტორიებზე. ვრცელდება შპლიუგენისა და რეზიის უღელტეხილებს შორის. სიგრძე 140 კმ. სიმაღლე 4049 მ-მდე (პიკი ბერნინა). გადაკვეთილია მრავალი ხეობით. რეტის ალპებიდან სათავეს ღებულობენ მდინარეები ადა და ინი. უმთავრესად აგებულია კირქვებით, მერგელებით, დოლომიტებითა და კრისტალური ქანებით. ჭარბობს ალპური ტიპის რელიეფი.
მოიცავს იზოლირებულ ორტლერის, ადამელოსა და ბერნინის მასივებს. ფლორა და ფაუნა მეტად მრავალფეროვანია. 800 მ სიმაღლემდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, 2250 მ-მდე შერეული და წიწვოვანი ტყით, 2700 მ-მდე სუბალპური და ალპური მდლოები ბუჩქნარია, უფრო მაღლა — მუდმივი თოვლი და მყინვარები. აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს შვეიცარიის ეროვნული პარკი. განვითარეულია ტურიზმი, ალპინიზმი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- რეტის ალპები – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- რეტის ალპები – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)