რენე პრევალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რენე პრევალი

რენე გარსია პრევალი (დ.17 იანვარი, 1943, პორტ-ო-პრენსი) — ჰაიტის ამჟამინდელი არჩეული პრეზიდენტი. მანამდე ის პრეზიდენტი იყო 1996 წლის 7 თებერვლიდან 2001 წლის 7 თებერვლამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

პრევალი განათლებით აგრონომია და დიპლომი მიღებული აქვს გემბლუქსის კოლეჯში, ბელგიაში. 1963 წელს ის იძულებული იყო ჰაიტი დაეტოვებინა ოჯახითურთ მაშინდელი მმართველი დიქტატორის ფრანსუა დუვალიეს, ცნობილი აგრეთვე როგორც "პაპა დოკი", დევნის გამო. ბრუკლინში, ნიუ-იორკი, ხუთი წლის გატარების შემდეგ ის ჰაიტიზე ბრუნდება და მინერაული რესურსების ეროვნულ ინსტიტუტში იწყებს მუშაობას.

1991 წლის 13 თებერვლიდან 11 ოქტომბრამდე პრევალი პრემიერ მინისტრის პოსტზე იმყოფებოდა, თუმცა 1991 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად ისევ მოუწია ქვეყნიდან გაქცევა. ამ პერიოდში ის ჟან-ბერტრან არისტიდს უკავშირდება, მისი მარჯვენა ხელი და ლავალასის ოჯახის პარტიის ლიდერი ხდება.

1996 წელს 88% ხმების რაოდენობით ის პრეზიდენტად იქნა არჩეული ხუთი წლით. ინაუგურაციის დროს პრევალი გახდა მეორე დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ამ ქვეყნის არსებობის 200-წლიანი ისტორიის განმავლობაში. ხოლო 2001 წელს ის გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობიდან წავიდა პრეზიდენტობის ვადის ბუნებრივად გასვლის გამო.

პრეზიდენტად ყოფნის გამნავლობაში პრევალი რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმას ატარებს, მათ შორის მრავალი სახელმწიფო ორგანიზაციის პრივატიზაციას. მავანთა მოსაზრებით ეს იყო პრევალზე გარე ზეწოლის შედეგი, რომელშიც დიდი წვლილი საერთაშორისო სავალუტო ფონდს უნდა მიუძღოდეს. უმუშევრობა (თუმცა მაინც საკმაოდ მაღალი) ყველაზე დაბალ დონეს აღწევს დუვალიეს რეჟიმის გადავარდნის შემდეგ პრევალის ვადის მიწურულს. უმუშევრობის ვარდნის ტენდენცია შემდგომშიც შენარჩუნებულ იქნა არისტიდის მმარჳელობის პერიოდში 2004 წლის გადატრიალებამდე.

როგორც პრეზიდენტი, პრევალი სამხედრო და პოლიციის თანამშრომელთა მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიებისა და დამნაშავეთა გასამართლების მკაცრი მომხრე იყო.

პრევალი კენჭს იყრიდა ჰაიტის საპრეზიდენტო არჩევნებში 2006 წელს. ნაწილობრივი საარჩევნო შედეგების მიხედვით, რომელიც 9 თებერვალს იქნა გამოცხადებული, მას ამომრჩეველთა 60% ჰქონდა მიღებული, თუმცა მომდევნო დათვლების შედეგად მისი წილი 48.7%-მდე დაეცა, რაც აუცილებელს ხდიდა მეორე ტურის ჩატარებას. ამ განცხადებას მოჰყვა ჰაიტის მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში. 14 თებერვალს პრევალი აცხადებს რომ ხმების დათვლის დროს გაყალბებას ჰქონდა ადგილი და ითხოვს, რომ ის არჩევნებში გამარჯვებულად იქნეს გამოცხადებული მეორე ტურის გარეშე. მის განცხადებას ამყარებდა ის ფაქტი, რომ დათვლილ საარჩევნო ბიულეტენებში შემოწმების შემდეგ მრავალი ცარიელი ბარათი იქნა ნაპოვნი.

16 თებერვალს პრევალი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა დროებითი საარჩევნო საბჭოს მიერ ამომრჩეველთა 51.15%-ით, ცარიელი ბარათების დათვლიდან ამოღების შედეგად. ეს გადაწყვეტილება მრავალმა ოპოზიციურმა პარტიამ გააპროტესტა, როგორც უსამართლო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლების სიჩუმის გამო გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

პრევალის ძირითადი მხარდამჭერები ჰაიტის ღარიბი ფენებიდან მოდის, განსაკუთრებით კი პორტ-ო-პრენსის უღარიბესი უბნებიდან. მისი საარჩევნო კამპანიის დროს ის გაემიჯნა ლავალასის პარტიასთან მის ყოფილ ასოციაციას და გამოდიოდა როგორც "ლა ესპერანცას" კანდიდატი. პრევალი მხარს უჭერს გაეროს ძალების ყოფნას ქვეყანაში, ამბობს რა, რომ ისინი "უნდა დარჩნენ იმდენ ხანს რამდენიც ეს საჭირო იქნება".