რაიხსვერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაიხსვერის დროშა (1921–1935).

რაიხსვერი (გერმ. Reichswehr; reich - სახელმწიფო, იმპერია, Wehr - იარაღი, თავდაცვა), გერმანიის შეიარაღებული ძალები 1919-35 წლებში; შეიქმნა ვერსალის საზავო ხელშეკრულების საფუძველზე. 1919 წლის 6 მარტის კანონით შეიქმნა დროებითი რაიხსვერი (24 ბრიგადა); 1921 წლის 28 მარტს მიიღეს კანონი რაიხსვერის შესახებ. რაიხსვერის პირადი შემადგენლობა დაქირავების წესით კომპლექტდებოდა. რაიხსვერი სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო საზღვაო ფლოტისაგან შედგებოდა. ვერსალის ხელშეკრულებით გერმანიას ეკრძალებოდა სამხ.-საჰაერო ძალების, ტანკების, საზენიტო, მძიმე და ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის, წყალქვეშა ნავების, სახაზო ხომალდების (10 ათას ტ-ზე მეტი წყალწყვის), 6 ათას ტ-ზე მეტი წყალწყვის კრეისერების და გენშტაბი-ს რაიმე ფორმით ყოლა. სახმელეთო ჯარების რიცხვი განსაზღვრული იყო 100 ათასი კაცით. სამხედრო საზღვაო ფლოტი ითვლიდა 37 საბრძოლო ხომალდსა და 15 ათასამდე კაცს. მაგრამ არსებობდა ფარული რეზერვი, ე.წ. შავი რაიხსვერი, თავდაცვის რაზმები („ჰაიმვერი), ჯარისკაცთა სათვისტომოები, ვეტერანთა კავშირები („ფოლადის ჩაჩქანი“, „ვიკინგი“ შარნჰორსტი“ და სხვა“), რომლებიც 4 მლნ-მდე კაცს აერთიანებდა. 1926 წლიდან დაიწყო ფარული სამზადისი რაიხსვერის გაზრდისათვის, ხოლო 1930 - 32 მიღებული გეგმით 1938 წლისთვის 300 ათას კაცამდე უნდა გაეზარდათ. 1935 წ. 16 მარტს ფაშისტურმა გერმანიამ ვერსალის ხელშეკრულების სამხედრო მუხლები გააუქმა და საყოველთაო სამხედრო ვალდებულება შემოიღო. დაიწყო სამზადისი რაიხსვერის ბაზაზე მრავალმილიონიანი ვერმახტი-ს შესაქმნელად.