რადამისტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რადამისტი
Sabatelli - Rhadamistus killing Zenobia 1803.jpg
«რადამისტი კლავს ზენობიას» — ლუიჯი საბატელი (1803)
დიდი სომხეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 51
მმართ. დასასრული: 55
წინამორბედი:
დაბ. თარიღი:
დაბ. ადგილი: მცხეთა
გარდ. თარიღი: 58
გარდ. ადგილი: იბერიის სამეფო
მეუღლე: ზენობია
დინასტია: ფარნავაზიანები
მამა: ფარსმან I

რადამისტი — ქართველი უფლისწული, სომხეთის მეფე 51-53 და 54-55 წლებში. უფროსი ძე მეფე ფარსმან I-სა.

ახ. წ. 51 წელს მან მამის ბრძანებით ილაშქრა სომხეთში, ჯერ დაამარცხა, შემდეგ ღალატით მოკლა ბიძამისი — სომხეთის მეფე მითრიდატე, ძმა ფარსმან I-სა, და თვითონ გამეფდა სომხეთში. 52 წელს ფარსმანმა და რადამისტმა რომაელ სარდალ იულიუს პელიგნუსთან შეთანხმებას მიაღწიეს და სომხეთზე ბატონობა განიმტკიცეს. რადამისტი სასტიკი მმართველი იყო, რის გამოც სომხები მას აუჯანყდნენ. მას სომხეთიდან გაქცევა მოუწია.

რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი გადმოგვცემს, რომ რადამისტის ცოლი ზენობია ფეხმძიმედ ყოფილა და ცხენზე ჯდომა უჭირდა. როდესაც საშიშროება შეიქმნა, რომ მდევარნი მათ შეიპყრობდნენ, რადამისტმა ხანჯლით განგმირა ცოლი და მდინარე არაქსში გადააგდო, თვითონ კი ქართლში დაბრუნდა.

რადამისტის გაძევების შემდეგ სომხეთში პართიის (სპარსეთის) მეფის ძმა ტირიდატე ანუ თრდატ I (63-80) გამეფდა. ამით სომხეთში დაიწყო ახალი, სპარსულ-არშაკიდული დინასტიის მეფობა. ფორმალურად კი ქვეყანა რომის იმპერიის ვასალად გამოცხადდა. მოვლენების ასეთი განვითარება პართიელთა წარმატებას და რომის უკან დახევას ნიშნავდა. ეს საქართველოს პოზიციების შესუსტებაც იყო. პართიელებმა ასევე გადაიბირეს აქამდე იბერიის გავლენის ქვეშ მყოფი ალბანეთის სამეფო. ასეთი სამარცხვინო პოლიტიკური მარცხის გამო ფარსმან I-მა რადამისტი სიკვდილით დასაჯა.

რადამისტს ცოლის, — ზენობიასგან, — დარჩა შვილი მირდატი.

რადამისტს ახსენებს პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი „ანალთა“ მე-12 წიგნში.

ლიტერატურა[რედაქტირება]