ჟიულ რიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟიულ რიმე

ჟიულ რიმე (ფრანგ. Jules Rimet; დ. 14 ოქტომბერი, 1873 — გ. 16 ოქტომბერი, 1956) — პარიზული საფეხბურთო კლუბ „რედ სტარის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, შემდეგ საფრანგეთის ფედერაციის პრეზიდენტი 1919-1946 წლებში, ფიფა-ს მესამე პრეზიდენტი 1921-1954 წლებში. იგი ყველაზე დიდხანს მართავდა ფიფას.

ჟიულ რიმეს დიდი წვლილი მიუძღვის ევროპის კონტინენტზე ფეხბურთის განვითარებაში. ოლიმპიურ თამაშებზე საფეხბურთო ტურნირების წარმატებამ მასში და მის თანამოაზრეებში ჩამოაყალიბა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების იდეა. იგი იყო სულისჩამდგმელი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისა და ამ ჩემპიონატის გარდამავალ თასს, რომელიც 1970 წელს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების საკუთრება გახდა სამუდამოდ, რიმეს თასსაც უწოდებდნენ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეულ წლებში რიმე ეწეოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და ქრისტიანული მოძრაობის აქტიური წევრი იყო. 1898 წელს მან დააარსა ქრისტიანულ რესპუბლიკური მიმდინარეობის გაზეთი „La Revue“. მისი აქტიურობით შეიქმნა პარიზული საფეხბურთო კლუბი „რედ სტარი“. იყო ამ კლუბის პრეზიდენტი და ამავდროულად შევიდა ფეხბურთის ასოციაციაში. 1904 წელს იგი ფიფა-ს შემქმნელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია გამოვიდა ფიფა-ს რიგებიდან და აუკრძალა თავის საფეხბურთო გუნდებს მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო ტურნირებში. ამის შემდეგ ჟიულ რიმემ თავის კლუბთან ერთად დატოვა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია და გადავიდა საფეხბურთო ასოციაციათა ლიგაში. 1914 წელს ჟიულ რიმე პირველ მსოფლიო ომში წავიდა. იგი ომიდან ბრუნდება ქვეითი ჯარის ლეიტენანტის ჩინით და საბრძოლო წითელი ჯვრით. 1919 წლის 11 აპრილს იგი აირჩიეს ხელახლად დაარსებული საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, 1921 წელს კი ფიფა-ს პრეზიდენტად.

1956 წელს იგი წარდგენილი იქნა ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში, სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და ომის საწინააღმდეგო პროპაგანდისათვის[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]