ჟან ვიგო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ვიგო
Jean Vigo
Jean Vigo.jpg
ჟან ვიგო
დაბ. სახელი ჟან ბონავენტურ დე ვიგო
დაბ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
დაბ. თარიღი 26 აპრილი 1905
გარდ. თარიღი 5 ოქტომბერი 1934
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
წლები 1930—1934

ჟან ვიგო (ფრანგ. Jean Vigo; დ. 26 აპრილი 1905 — გ. 5 ოქტომბერი 1934) — ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჟან ვიგო დაიბადა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 1905 წლის 26 აპრილს. იყო მეამბოხე ანარქისტის ეჟენ ბონავენტურა დე ვიგოსა და ემილი კლეროს შვილი. ეჟენ ბონავენტურა დე ვიგოს ხელმძღვანელობით გამოდიოდა სატირული გაზეთი სახელწოდებით „წითელ ქუდა“. შემდეგ გერმანიის მხარდაჭერისათვის მას ბრალი დასდეს ღალატში და ციხე მიუსაჯეს, სადაც 1917 წლის 13 აგვისტოს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ჟან ვიგოს ბაშვობიდანვე სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და პატარა ასაკობიდანვე ხშირად უწევდა საავადმყოფოებსა და სანატორიუმებში სიარული. რადგან მისი მშობლები აქტიურ პოლიტიკაში იყვნენ ჩაბმულები, მის აღზრდა-განათლებაზე ზრუნავდნენ ნათესავები და ოჯახის ახლო მეგობრები. ვიგო სწავლობდა სკოლა ინტერნატში, გამოგონილი ფსევდონიმით ჟან სალე.

1922 წელს ახალგაზრდა ჟან ვიგო გადავიდა საცხოვრებლად დედამისთან და 1926 წელს გარკვეული დროით სწავლობდა პარიზში სორბონის უნივერსიტეტში. 1929 წელს იგი დაქორწინდა ელიზაბეტ ლოზინსკაიაზე. 1931 წელს ცოლ-ქმარს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ლუსი დაარქვეს.

შემოქმედებითი კარიერა[რედაქტირება]

ჟან ვიგო ახალგაზრდობიდანვე დაინტერსდა კინემატოგრაფიით. 1928 წელს კინოში დაიწყო მუშაობა ოპერატორის თანაშემწედ, სადაც ეხმარებოდა ანრი ბიურელს ფილმ „ვენერას“ დადგმაში. ამ საქმიანობით ვიგო მეტად დაინტერესდა და გადაწყვიტა საკუთრივ დაეწყო ფილმების გადაღება. ამ მიზნით მან შეიძინა კინოკამერა და 1930 წელს დაიწყო მუშაობა თავის პირველ დამოუკიდებელ ნამუშევარ ფილმზე სახელწოდებით „ნიცის გამო“. ეს იყო მოკლემეტრაჟიანი (დაახლ. 20 წუთიანი) მწვავე სოციალური პანფლეტი, რომელსაც დოკუმენტური ჟანრი აქვს. გაშუქებულია ქალაქის (საზოგადოებრივი) ცხოვრება, კერძოდ ხალხის ჩაცმულობა, ქალთა მიერ ქუჩაში ტანსაცმლის რეცხვა, ცეკვა და სხვა. ასევე მოთხრობილია ქალაქის ნიშან თვისებებზე და ზღვის სანაპიროზე. აღსანიშნავია ფილმის კომპოზიცია, რომელიც მთელი კინოს განმავლობაში უწყვეტად ჟღერს. ამ ფილმის შემდეგ ვიგომ ალღო აუღო რეალობის ბუნებრივ სილამაზეს და ბანალურ სცენებს პოეტურ ჟღერადობას ანიჭებდა.

ვიგოს რიგით მეორე ფილმი გახდა „ტარისი“ (მოკლემეტრაჟიანი ფილმი), რომელიც ერთგვადარ დოკუმენტური ხასიათისაა; მოთხრობილია მოცურავე ჟან ტარისზე, რომელიც შეჯიბრში იღებს მონაწილეობას. იგი მეტად ტიტულოვანი სპორტსმენია, რომელიც საფრანგეთისა და მსოფლიოს ჩემპიონია. ფილმში გაშუქებულია მოცურავის პლასტიკა, მოძრაობა, მანერა. მაღალ დონეზეა წარმოდგენილი საოპერატორო სამუშაოები. მნიშვნელოვანი მომენტია ნელ კადრში გადაღებული ფრაგმენტები. ზოგადად ფილმი წარმოადგენს სასწავლო ფილმს, სადაც ახსნილია ცურვის ტექნიკა.

შემდეგ იყო ფილმი „ნული ყოფაქცევაში“, რომელიც ეხება აღზრდის თემას საფრანგეთის სკოლა-ინტერნატებში. ფილმის სიუჟეტის ცენტრალური ნაწილია ის მოქმედება, რომლებიც ბავშვების მიერ არის წამოწყებული სკოლა-ინტერნატის წესრიგის წინააღმდეგ. თუმცა ეს ფილმი ცენზურამ არ მოიწონა და მას ტაბუ დაადო. ამ ფილმის ყურებაზე შეზღუდვა მხოლოდ 1945 წელს მოიხსნა.

1934 წელს ჟან ვიგომ გადაიღო თავის ყველაზე მნიშვნელოვანი და შემოქმედებითი კინო „ატალანტა“, სადაც მთავარ როლში ითამაშა დიტა პარლომ. მოთხრობილია ახალდაქორწინებულ წყვილზე, რომლებმაც გადაწყვიტეს მოგზაურობა პარიზში. მცირე დროით მათ ურთიერთობაში გაუგებრობა იჩენს თავს, თუმცა ახალდაქორწინებულები შერიგდებიან და ისევ გააგრძელებენ ერთადყოფნას. ამ ფილმმა დიდი გავლენა იქონია მომავალი თაობის ფრანგ რეჟისორებზე, კერძოდ, ფრანგული ახალი ტალღის განვითარება-დახვეწაზე. ჟან ვიგო 29 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

  • 1935 წელს საფრანგეთის კინოაკადემიამ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა საუკეთესო ნამუშევრებისათვის დააწესა ვიგოს სახელობის პრემია.
  • ჟან ვიგოს ოთხივე ფილმის ოპერატორი იყო ბორის კაუფმანი, ცნობილი კინორეჟისორის ძიგა ვერტოვის ძმა.
  • ვიგოს ნამდვილი სახელი და გვარია ჟან ბონავენტურ დე ვიგო ალმერეიდა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]