პრეციოზულობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრეციოზულობა, ცხოვრების სტილი, ფილოსოფია, ლიტერატურული მიმდინარეობა XVII საუკუნის ევროპაში, კერძოდ საფრანგეთში. ეს არის ერთგვარი გამორჩეულობის სურვილი სამი მიმართულებით: ქცევებით, ჩაცმულობითა და მეტყველებით.

წარმოშობა და იდეოლოგია[რედაქტირება]

პრეციოზულობა პირველად გამოჩნდა მადამ დე სკუდერის სალონში. ამის შემდეგ სალონები, რომლებიც არსტოკრატების სახლებში იყო მოწყობილი, მთელ საფრანგეთს მოედო. აქ ხდებოდა ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა, განხილვა, საუბრები. ამ სალონებში შესაღწევად მხოლოდ არისტოკრატული წარმოშობა არ იყო საკმარისი, მთავარი იყო ე.წ. "სულიერი კეთილშობილება", განათლება და კარგი მანერები. ამ თვისებების ქონის შემთხვევაში ბურჟუებისთვისაც იყო კარი ღია.

პრეციოზები დაუპირისპირდნენ არსებულ მენტალიტეტსა და წეს-ჩვეულებებს, მიზნად დაისახეს მათი გაკეთილშობილება. შემოიტანეს ე.წ. "ნაზი მეგობრობის" ცნება, წინ წამოსწიეს ქალსა და კაცს შორის მეგობრობისა და სიყვარულის თემატიკა. პრეციოზების აზრით, მართალია, სიყვარული საშიში გრძნობაა, ტკივილი მოაქვს, მაგრამ ამასთანავე ყველაზე მშვენიერია და სწორედ ესაა ნამდვილი სიცოცხლე. ისინი უარყოფენ ფულსა და ამბიციებს და ოცნებობენ პირველყოფილ, უცოდველ ცხოვრებაზე.

XVII საუკუნეში ქორწინება ხშირად ამბიციებზე იყო დამყარებული და ქალი დამოკიდებულ მდგომარეობაში იყო, რამაც გამოიწვია ქალთა ემანსიპაციის მცდელობა, რაც დღევანდელი ფემინიზმის ჩანასახი იყო. პრეციოზებმა მოითხოვეს ქორწინების კანონების შეცვლა: ქორწინებას უნდა ჰქონოდა ერთი წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ მშობლები უნდა განქორწინებულიყვნენ და ბავშვი მამასთან დარჩენილიყო. ქალები მოითხოვდნენ კაცების მსგავს უფლებებსა და დამოუკიდებლობებს.

ლიტერატურულ ჟანრებს შორის პრეციოზულ სალონებში უპირატესობა ენიჭებოდა პოეზიასა და რომანს.

ყველაზე ცნობილი პრეციოზული სალონები იყო მადამ დე სკუდერისა და მადამ დე რამბუიეს სალონები.

პრეციოზული მეტყველება[რედაქტირება]

პრეციოზებმა აკრძალეს ჟარგონები, ტექნიკური სიტყვები, არქაიზმები, პოპულარული მეტყველება, ულამაზო სიტყვები. შემოიღეს ახალი სიტყვები, ცდილობდნენ ენის დახვეწას, მეტაფორებითა და ჰიპერბოლებით ლაპარაკს (მაგ. "სარკის" მაგივრად ამბობდნენ "სილამაზის მრჩეველი", "ქორწილების" მაგივრად - "ნებადართული სიყვარული" და ა.შ.) და ყოველივე ამით უპირისპირდებოდნენ ე.წ. ვულგარულ მეტყველებას. თუმცა ზოგჯერ ზედმეტიც მოსდიდათ, რის გამოც პრეციოზული მეტყველება სასაცილოდაც ჩანდა. პრეციოზული მეტყველება გამასხვარავებული აქვს მოლიერს თავის კომედიაში სასაცილო პრეციოზები.


სალონური ლიტერატურის წარმომადგენლები[რედაქტირება]

  • ჰერცოგი დე ლა როშფუკო
  • ჰერცოგი დე მონტოზიე
  • ვენსან ვუატური
  • ჟორჟ დე სკუდერი
  • ჟან-ფრანსუა სარაზენი
  • ანტუან გოდო
  • ისააკ დე ბენსერადი
  • კლოდ მალვილი
  • ჟილ მენაჟი
  • სკარონი
  • პიერ კორნელი (დროდადრო)
  • მადამ დე ლა ფაიეტი


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]