თინათინ ლევანის ასული ასათიანი (დ.
12 მარტი,
1918,
თბილისი),
ქართველი ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1970), სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1944 წლიდან მუშაობს სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ერევნის ფიზიკის ინსტიტუტში (ამჟამად ატომური ენერგიის სახელმწიფო კომიტეტის ერევნის ფიზიკის ინსტიტუტი). კოსმოსური გამოსხივების ფართო ატმოსფერული ღვარების გამოკვლევისას ასათიანმა პირველმა გამოიყენა ატმოსფერული ღვართა ენერგიის გასზომვის ახალი მეთოდი. 1959 წელს იწყებს კოსმოსური მიუონების პოლარიზაციის ხარისხის ენერგიაზე დამოკიდებულების შესწავლას, ხოლო 1963 წლიდან მონაწილეობს დამუხტულ ნაწილაკთა კვლევის ახალი მეთოდიკის დამუშავებაში - განიერღრეჩოიანი ნაპერწკლოვანი კამერების შექმნაში (ლენინური პრემია, 1970).
ამ სამუშაოს შედეგად გამოირკვა, რომ მაგნიტურ ველში განიერღრეჩოიანი კამერის მოთავსებისას ნაპერწკალი შეიძლება განვითარდეს დამუხტულ ნაწილაკთა წინასწარ არ მოცემული წრიული ტრაექტორიის გასწვრივ. ამან განაპირობა კამერების ფართო გამოყენება ნაწილაკების იმპულსის გასაზომ ხელსაწყოებად. თბილისის საპატიო მოქალაქე (1987). (სრულად...)
ნოდარ შალვას ძე ბიბილაშვილი (დ.
2 დეკემბერი,
1930),
ქართველი გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის იალბუზის ექსპედიციაში, შემდგომ იალბუზის მაღალმთიან გეოფიზიკის ინსტიტუტში (ნალჩიკი, 1954-1966). 1966 წლიდან ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1969 წლიდან ნალჩიკის ღრუბლების ფიზიკისა და აქტიური ზემოქმედების ლაბორატორიის გამგე.
1969 მეცნიერებათა და კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებისა და ჭურვების გამოყენებით სეტყვასთან ბრძოლის მეთოდისა და საშუალებათა დამუშავებისა და დანერგვისათვის.
(სრულად...)
ელეფთერ ლუარსაბის ძე ანდრონიკაშვილი (დ. 12 დეკემბერი/
25 დეკემბერი,
1910,
პეტერბურგი ― გ.
8 სექტემბერი,
1989,
თბილისი),
ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955).
დაიბადა გამოჩენილი ქართველი იურისტის და საზოგადო მოღვაწის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ოჯახში. 1932 წელს დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკა-მექანიკის ფაკულტეტი. იმავე წელს მუშობა დაიწყო აეროჰიდროდინამიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (ცაგი). 1934-1945 წლებში ასწავლიდა თსუ-ში, 1948 წლიდან პროფესორია. ამავე წლიდან ხელმღვანელობდა უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრას. 1951 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორია. ანდრონიკაშვილი მუშობს უმთავრესად კვანტური ჰიდროდინამიკის დარგში.
მან ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ზედაბალ ტემერატურაზე თხევად ჰელიუმში ადგილი აქვს ორი სახის მოძრაობას: ნორმელურს (ბლანტს) და ზედენად. გაზომა He II ნორმალური კომპონენტის ფარდობითი სიმკვრივისა და სიბლანტის დამოკიდებულება ტემპერატურაზე. დაადგინა, რომ ზედენად ჰელიუმს შეუძლია ბრუნვა. უკანასკნელ წლებში თავის მოწაფეებთან ერთად შეისწავლა ამ ბრუნვის გამომწვევი დაკვანტული გრიგალები. მძიმე არასტაბილური ნაწილაკების გენერაცია და კოსმოსური სხივების ფართო ატმოსფერული ღვარების მახასიათებლები. დისლოკაციების გაჩენა ნეიტრონებით კრისტალების დასხივებისას. ანდრონიკაშვილმა დაადგინა, რომ ცხოველთა სიმსივნურ ქსოვილებში წყალი უფრო მოწესრიგებულ მდგომარეობაშია, ვიდრე ნორმალურ ქსოვილებში. გაზომა ბიოპოლიმერების შიგამოლეკულური დნობის სითბო. 1952 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია 3 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. (სრულად...)
რევაზ დოღონაძე (* 21 ნოემბერი, 1931, თბილისი ― † 13 მაისი, 1985), ქართველი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, კვანტური ელექტროქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოლარულ სითხეში ქიმიური, ელექტროქიმიური და ბიოქიმიური პროცესების კინეტიკის ელემენტარული აქტის კვანტურ-მექანიკური თეორიის მთავარი ავტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
იგი დაიბადა 1931 წელს, ქ. თბილისში, სოფლის მეურნეობის მეცნერებათა დოქტორის, პროფესორ რომან დოღონაძის (1905-1970) ოჯახში. 1955 წელს დაასრულა მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტი და ამის შემდეგ 1978 წლამდე მოღვაწეობდა მოსკოვში. 1961 წელს მას მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1966 წელს - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები, 1972 წელს - პროფესორის სამეცნიერო წოდება. რევაზ დოღონაძე წლების მანძილზე გახლდათ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მოსკოვის ელექტროქიმიის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი.(სრულად...)
ალბერტ ნიკიფორეს ძე თავხელიძე (დ.
16 დეკემბერი,
1930,
თბილისი),
ქართველი ფიზიკოსი,
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974) და პრეზიდენტი (1993-2005).
1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1956-1970 წლებში მუშაობდა ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის განყოფილების გამგედ, თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილედ და სხვა. 1963-1970 წლებში პარალელურად მუშაობდა ქ. სერპუხოვში (მოსკოვის ოლქი) მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში სექტორის ხელმძღვანელად. 1970 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბირთვულ გამოკვლევათა ინსტიტუტის დირექტორია, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. თსუ-ის მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის მეცნიერ-კონსულტანტი. თავხელიძის შრომები ეხება ველის კვანტური თეორიისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ძირითად საკითხებს. თავხელიძემ ა. ლოგუნოვთან ერთად ველის კვანტურ თეორიაში შემოიტანა და დაამკვიდრა კვაზიპოტენციალის მეთოდი.
1993-2005 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.