პორტალი:ომი/რჩეული მხედართმთავარი/არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
ხატულა ახლა პორტალზეა...

ლუი ნიკოლა დ’ავუ (ფრანგ.: Louis-Nicolas d'Avoût), იგივე დავუ (ფრანგ.: Davoût), აუერშტეტის ჰერცოგი, ეკმიულის და იმპერიის თავადი (ფრანგ.: duc d'Auerstedt, prince d'Eckmühl et de l'empire) (დ. 10 მაისი, 1770, ანუ, ბურგუნდია — გ. 1 ივნისი, 1823, პარიზი), ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის პერი, საფრანგეთის მარშალი. იგი ითვლება ნაპოლეონ I-ის ერთ-ერთ საუკეთესო გენერლად. მისი სიმკაცრისა და დისციპლინისადმი მეტსახელად „რკინის მარშალი“ შეარქვეს, ხოლო ჰამბურგის გუბერნატორობის დროს (1813-1814) გამოჩენილი სისასტიკისათვის — „ჰამბურგის რობესპიერი“.

დავუ არისტოკრატული და მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი იყო და ნაპოლეონთან ერთად სწავლობდა ბრიენის კადეტთა სასწავლებელში. 1788 წელს მან სამხედრო სამსახური დაიწყო ლეიტენანტის წოდებით ერთ-ერთ კავალერისთა პოლკში. საფრანგეთის რევოლუციას დავუ აღფრთოვანებით შეხვდა და მიუხედავად არისტოკრატული წარმომავლობისა რევოლუციონერთა რიგებში ჩადგა. 1791 წელს იგი მოხალისეთა ბატალიონის მეთაური გახდა. იგი წარმატებით იბრძოდა ჟემაპთან და ნეერვინდენთან გენერალ დიუმურიეს ხელქვეით. 1793 წლის ივლისში მას ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა, თუმცა იძულებული გახდა არმია დაეტოვებინა, ვინაიდან ახალი რევოლუციური დეკრეტის მიხედვით ყოფილ არისტოკრატებს სამხედრო სამსახური ეკრძალებოდათ. (…სრულად)
 
 
ხატულა რჩეული სტატია
პეტრე ბაგრატიონი
პეტრე ბაგრატიონი

პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი (დ. 1765, ყიზლარი, ახლანდელი დაღესტანი ― გ. 12 (24) სექტემბერი, 1812, სოფ. სიმი, ახლანდელი ვლადიმირის ოლქი), რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1809), რუსეთის 1812 წლის სამამულო ომის გმირი. წარმოშობით ის ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარიდან იყო. მასზე ნაპოლეონს უთქვამს:

ვიკიციტატა
„რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს. ესაა ბაგრატიონი“
(აკაკი გელოვანი — სიბრძნის სიმფონია, თბილისი, 1989, გვ. 296)
ბაგრატიონი მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მან ასევე თავი გამოიჩინა 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1793-1794 წლებში მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. 1799 წელს მონაწილეობდა ალექსანდრე სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. საფრანგეთთან 1805-1807 წლების ომში განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოფ. შენგრაბენთან. მან 6-ათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30-ათასიანი არმია. ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა აგრეთვე აუსტერლიცის, პრეისიშ-ეილაუსა და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1808-1809 წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში, სარდლობდა 21-ე დივიზიას. 1809-1810 წლებში მარტამდე სარდლობდა მოლდავეთის არმიას რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1811 წლის აგვისტოდან სარდლობდა პოდოლსკის არმიას, 1812 წლის მარტიდან — II დასავლეთის არმიას. ბოროდინოს ბრძოლაში იგი სარდლობდა რუსეთის არმიის მარცხენა ფრთას. ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა და მას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფ. სიმში. დაკრძალეს იქვე, 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს. (…სრულად)