პოლიცია (თამაში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლიცია
დეველოპერ(ებ)ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სერია პოლიცია (თამაშების სერია)
პლატფორმ(ებ)ი Windows
გამოსვლის თარიღი თებერვალი, 2011
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი
პირველი პირის მსროლელი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
ლიცენზია უფასო
საიტი http://police.ge

პოლიცია — პირველი ქართული კომპიუტერული თამაში, რომელიც წარდგენილი იქნა 2011 წლის თებერვალში. თამაში უფასოდ განთავსდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშზე მუშაობა დაიწყო 2010 წლის ზაფხულში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო ინიციატივითა და მხარდაჭერით. ასეთი პროექტის წამოწყების მიზანი იყო საქართველოში ადგილობრივი წარმოების თამაშების ინდუსტრიის ხელშეწყობა და განვითარება. საპროექტო ჯგუფის დაკომპლექტების შემდეგ დაიწყო თამაშის შემუშავება.

შექმნისას მოძიებული და შესწავლილი იქნა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება თამაშების პროგრამირებისას. პროექტში დასაქმებული იქნა რამდენიმე ახალბედა და დამწყები სპეციალისტი, რომელიც მუშაობდა როგორც თამაშის გრაფიკულ მხარეზე, ასევე პროგრამული კოდის აგებაზე.

თამაშის შექმნის ერთ-ერთი მიზანს წარმოადგენდა მოთამაშის საბრძოლო რეჟიმთან მაქსიმალურად ახლოს მიყვანა. შემოქმედებით ჯგუფთან თანამშრომლობდნენ პოლიციის აკადემია და მისი ინსტრუქტორები, რომელთა მითითებით შემქმნელებმა დახვეწეს პერსონაჟების უნარჩვევები და მოძრაობები.

თამაშის ანიმაციური მხარე ხელით იქნა აგებული, რის გამოც შექმნამ დიდი დრო დაიკავა. მომავალში, თამაშის შემდეგი ნაწილების შემუშავებისას იგეგმება ე.წ. motion capture-ის გამოყენება, რომელიც ავტორებს საშუალებას მისცემს, მოძრაობებს მაქსიმალურად რეალისტური სახე მიანიჭონ. დაგეგმილია თამაშში რეალური და ცნობადი პიროვნებებისა და ადგილმდებარეობების ინტეგრირებაც.[1]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშის მთავარი გმირი ქართველი პოლიციელია, ხოლო მისი მოწინააღმდეგე - რუსი ჯაშუში.

თამაში იწყება წვრთნებით, სადაც იგი მიზანში სროლით და სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვით აჩვენებს საკუთარ მონაცემებს. ამის შემდეგ იგი გარკვეული სირთულის დავალებას იღებს.

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშის გამოჩენამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. მაგალითად, შალვა რამიშვილის (პირველი ქართული 3D ანიმაციური ფილმის, საახალწლო ზღაპარი, ავტორის) აზრით, თამაშს აკლია შემოქმედებითი მუხტი და დრამატურგია. მან დაიწუნა თამაშის გახმოვანებაც, აქა-იქ გაჯერებული უცენზურო ფრაზებით. მისივე აზრით, იმ თანხით, რომელიც გამოყოფილი იყო თამაშის შექმნაზე, უკეთესი შედეგების მიღებაც შეიძლებოდა, თუმცა მოსაწონია ნაშრომის ტექნიკური მხარე.

ფსიქოლოგ ლელა გაფრინდაშვილის აზრით, საქართველოში დაბალია შემეცნებითი პროდუქტისადმი ინტერესები, რაც ბავშვის მენტალურ განვითარებაზე მოქმედებს. მისი თქმით, ასეთი თამაშის გამოჩენა კიდევ უფრო ზრდის მოზარდებში აგრესიის დონეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში არ არსებობს შემეცნებითი ხასიათის თამაშები.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-26. ციტირების თარიღი: 2011-02-11.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2011-02-11.