პიროსთან ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიროსთან ომები
Pyrrhus route.jpg
თარიღი ძვ. წ. 280 - ძვ. წ. 275
მდებარეობა სამხრეთ იტალია, სიცილია
შედეგი რომაელთა გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა, კართაგენი ეპიროსი, იტალიის ბერძნული ქალაქები, სამნიუმი
მეთაურები
პუბლიუს ვალერიუს ლევინუსი, პუბლიუს დეციუს მუსი, მანიუს კურიუს დენტატუსი პიროსი ეპიროსიდან

პიროსთან ომები — ომების სერია ძვ. წ. 280 - ძვ. წ. 275 წლებში რომაელებს, „დიდ საბერძნეთს“, სამნიტებს, ეტრუსკებს და კართაგენს შორის. ომი თავდაპირველად დაიწყო რომსა და ბერძნულ ქალაქ ტარენტუმთან კონფლიქტით. ტარენტუმელებმა კი დახმარება ეპიროსის მეფეს პიროსს სთხოვეს, რომელიც ამ დროისთვის ყველაზე გამოჩენილი ბერძენი მხედართმთავარი იყო. დაწყებულ სამხედრო კონფლიქტში მალევე ჩაერთვნენ სხვა ბერძნული ქალაქებიც. რომაელებისგან კი არაერთგზის დამარცხებულმა სამნიტებმა და ეტრუსკებმა ისარგებლეს სიტუაციით და ჩაერთვნენ ომში ბერძნების მხარეზე. პიროსის მიზანი კი იყო მდიდარი სიცილიის დამორჩილება, რომელიც კართაგენის კოლონია იყო. ამ მიზეზით კართაგენელებიც აღმოჩნდნენ ომში ჩაბმული რომაელთა მხარეს. ამის მიუხედავად რომი და კართაგენი ომში მჭიდრო მოკავშირეებს არ წარმოადგენდნენ, ფაქტობრივად ისინი პიროსს სხვადასხვა ფრონტზე ებრძოდნენ.

პიროსმა იტალიაში რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლები მოიგო, მაგრამ ისეთი დიდი დანაკარგებით, რომ ეს მოგება წაგების ტოლფასი იყო. სწორედ აქედან შემოვიდა გამოტქმა "პიროსის გამარჯვება".

წინაისტორია[რედაქტირება]

ძვ. წ. III საუკუნისთვის რომაელემა უკვე გაავრცეეს თავისი ჰეგემონია აპენინის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილზე. ლათინური ომის შედეგად მათ დაიმორჩილეს ლათინური ქალაქები, სამნიტური ომების და ეტრუსკებთან ომის შედეგად კი ლაციუმის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცხოვრები ეტრუსკები და სამნიტები სასტიკად დაამარცხეს და გაავცელეს მათზე თავისი ძალაუფლება. იტალიაში თითქოს და აღარ დარჩა სერიოზული ძალა, რომელიც შეძლებდა მზარდ რომის სახელმწიფოსთან შებრძოლებას. თუმცა იტალიის უკიდურეს ჩრდილეთით ცხოვრობდნენ გალები, რომაელთა ისტორიული მტრები, თუმცა ძვ. წ. IV საუკუნის მეორე ნახევრის ომების ქარცეცხლში მათაც არაერთხელ განიცადეს რომაელთაგან დამარცხება და არ სურდათ რომაელებთან ახალ ომში ჩაბმა. ნახევარკუნძულის სამხრეთით კი იყო დაუმორჩილებელი "დიდი საბერძნეთი", ბერძნული ქალაქ სახელმწიფოები, რომლებსაც რომთან ჯერ არ უომიათ. კიდევ უფრო სამხრეთით კი მდებარეობდა მდიდარი კუნძული სიცილია, სადაც ბერძენი კოლონისტები ცდილობდნენ შეწინაღმდეგებოდნენ კართაგენის ჰეგემონიას.

ტარენტუმთან კონფლიქტი[რედაქტირება]

ძვ. წ. 282 წელს ტარენტინელები თავს დაესხნენ რომაულ ფლოტს და მოკლეს დუომვირი. ამის საპასუხოდ სენატიდან ტარენტუმში გაგზავნილ იყვნენ ელჩები დაკმაყოფილების მოსათხოვნელად, მაგრამ ტერენტიელებმა გააგდეს ისინი, რის შედეგადაც რომაელებმა მათ ომი გამოუცხადეს. ამით ისარგებლეს სამნიტებმა და ეტრუსკებმა და რომს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს.

პიროსი

ტარენტინელები ხვდებოდნენ რომ საკუთარი ძალებით, თუნდაც სამნიტებთან და ეტრუსკებთან კავშირში ისინი რომს ვერ გაუმკლავდებოდნენ, ამიტომ ომის მომხრებმა შემოიტანეს წინადადება რომ დახმარება იმ დროისთვის საუკეთესო ბერძენი მხედართმთავრისთვის პიროსისთვის ეთხოვნათ.

მიუხედავად იმისა რომ ამ წინადადებას საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა, ტარენტინელებმა გაგზავნეს ელჩობა ეპიროსში, აღუქვეს პიროს სხვა ბერძნული ქალაქების და სამნიტების დახმარება და სთხოვეს იტალიაში ჩამოსვლა. პიროსი ამ მოწვევას დიდი სიხარულით შეხვდა.

პიროსმა ტარენტუმში ჯერ გააგზავნა 3 000 ჯარისკაცი, შემდეგ გემებზე აიყვანა 20 სპილო, 3 000 მხედარი, 20 000 ქვეითი, 2 000 მშვილდოსანი და 500 შუბოსანი. როდესაც ყველაფერი მზად იყო პიროსის ფლოტი ზღვაში გავიდა. ბერძნებს პირველი სირთულე ჯერ კიდევ მგზავრობისას შეხვდათ. წელიწადის ამ დროისთვის არნახული შტორმი დაიწყო და გემების უმეტესობა დაიღუპა. პიროსმა და მისმა მცველებმა კი იტალიის ნაპირს ცურვით მიაღწიეს.

ქალიშხლის შედეგად პიროსის არმიიდან გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ათეული მხედარი, 2 000ზე ნაკლები ქვეითი და 2 სპილო.

ომის დაწყება[რედაქტირება]

ტარენტუმში ჩასვლისას პიროსი მიხვდა რომ ტარენტუმელებს სულაც არ სურდათ ბრძოლა და მას მხოლოდ იმისთვის დაუძახეს რომ მათ ნაცვლად იომოს. პიროსმა დაიწყო ტარენტუმელების უშეღავათოდ ჯარში გაწვევა. ამასობაში მოვიდა ცნობა, რომ რომაელები იბრძოდნენ ლუკანელების წინააღმდეგ და აპირებდნენ ტარენტუმისკენ დაძვრას. პიროსმა გაუგზავნა რომაელებს ელჩი შეთავაზებით რომ კონფლიქტო ომის გარეშე მოგვარებულიყო და საკუთარ თავს მედიატორად სთავაზობდა. რომაელებმა უარყვეს ეს წინადადება და პიროსმა გაილაშქრა მათ წინააღმდეგ.

სამხრეთ იტალია პიროსთან ომის დროს

პიროსი დაბანაკდა პანდოსიუმსა და ჰერაკლიუმს შორის, რომაელთა ბანაკის მახლობლად. პიროსმა ღამით დაზვერა რომაელთა ბანაკი და როდესაც ნახა თუ რა წესრიგი სუფევდა იქ გადაწყვიტა დალოდებოდა მოკავშირეებს და მხოლოდ შემდეგ დაეწყო ბრძოლა, მაგრამ რომაელებმა არ აცალეს მას და მალევე გადმოკვეთეს მდინარე.

რომაელებსა და ბერძნებს შორის გაიმართა ბრძოლა, პიროსი გამოირჩეოდა თავისი სამოსით და იარაღით, იგი ყველგან ასწრებდა მისვლას და ხელმძღვანელობდა ბრძოლას. ბრძოლის დროს ერთერთი იტალიელი დაედევნა პიროს და სცადა მისი მოკვლა, მაგრამ დროულად იქნა შემჩნეული ბერძნების მიერ და მოკლული. ამის შემდეგ პიროსმა თავის მიახლოვებულ პირს მეგაკლოსს გაუცვალა ტანსაცმელი და იარაღი, თვითონ კი შეუტია რომაელებს.

რომაელებსა და ბერძნებს შორის სასტიკი ბრძოლა გაიმართა, ამბობდნენ რომ მათ ერთმანეთს შვიდჯერ დაახევინეს უკან. იარაღის გაცვლამ კი კინაღამ დაღუპა პიროსი. რომაელები გაეკიდნენ მეგაკლოსს და მოკლეს იგი. პიროსის მუზარადი ხელიდან ხელში გადადიოდა, რომაელებმა ხმამაღალი ყვირილით აღნიშნეს მეფის სიკვდილი, ბერძნები კი დაითრგუნნენ. პიროსს მოუწია მეომართა რიგებში გავლა რათა მათ დაეჯერებინათ რომ იგი ცოცხალია.

ასე პიროსმა შეძლო მდგომარეობის გამოსწორება. ბრძოლის ბოლოს რომაელები შეავიწროვეს სპილოებმა. რომაელებს არ ყავდათ მანამდე ნანახი ეს ცხოველები და უცნობმა ცხოველებმა ისინი ძალიან შეაშინა, ცხენები კი სპილოების დანახვისას გიჟებივით გარბოდნენ და აღარ ემორჩილებოდნენ მხედრებს. პიროსი თესალიელ მხედრებთან ერთად თავს დაესხა არეულ რომაულ ჯარს და გააქცია ისინი.

ამ გამარჯვების შედეგად პიროსის მხარეს გადავიდა რომის მოკავშირე ბევრი ქალაქი. პიროსმა წინ წაიწია ისე რომ რომიდან მას მხოლოდ 55 კილომეტრი აშორებდა.

პიროსის სვლა რომისკენ

ჩაშლილი მოლაპარაკება[რედაქტირება]

რომაელთა მხედართმთავარი კონსული პუბლიუს ვალერიუს ლევინუსი დიდი სირცხვილით დაბრუნდა რომში. არჩევნების შემდეგ ახალმა კონსულებმა პუბლიუს დეციუს მუსმა და პუბლიუს სულპიციუს სავერიოსმა აქტიურად დაიწყეს ომისთვის მომზადება.

მიუხედავად გამარჯვებისა, პიროსმა სწორად შეაფასა რომაელთა ძალები და გადაწყვიტა, რომ არსებული ძალებით იგი ვერ შეძლებს რომაელებთან ბრძოლას და რომის აღებას. მან რომში გაგზავნა ელჩები სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. პიროსის ელჩი შეხვდა გამოჩენილ რომაეებს, მათ ცოლშვილებს კი მეფისგან მდიდრული საჩუქრები გადასცა. საჩუქრები არავინ მიიღო, ელჩს კი შეუთვალეს, რომ თუ კი რომი დადებს პიროსთან ხელშეკრულებას, ისინი მზად არიან გახდნენ მეფის მეგობრები. ამის შემდეგ ელჩი მივიდა სენატში და პიროსის სახელით აღუთქვა ტყვეების უსასყიდლოდ გაშვება და იტალიის დაპყრობაში დახმარება ტარენტიუმის ხელშეუხებლობის პირობით. ბევრი სენატორი მიემხრო ამ წინადადებას, რადგან მათ მიიჩნიეს რომ გადამწყვეტი ბრძოლა წააგეს და იტალიკების ღალატის შემდეგ პიროსთან ბრძოლა ძალიან რთული იქნება.

ელჩის ჩამოსვლის და სენატთან მოლაპარაკებების შესახებ შეიტყო აპიუს კლავდიუსმა, რომელიც ცენზორი იყო. იგი დიდი ხნით ადრე დაბრმავდა და ჩამოშორდა სახელმწიფო საქმიანობას, მაგრამ ახლა მონების მეშვეობით მივიდა სენატში და სიტყვა წარმოთქვა, რომლითაც გადააფიქრებინა სენატორებს პიროსის პირობზე დათანხმება. საბოლოოდ სენატორებმა უპასუხეს ელჩს რომ მეგობრობაზე პიროსთან საუბარი ექნებათ მხოლოდ იმის შემდეგ როდესაც პიროსი დატოვებს იტალიას, ხოლო მანამდე ისინი განაგრძობენ ბრძოლას რათაც არ უნდა დაუჯდეთ.

გაიუს ფაბრიციუსი[რედაქტირება]

ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკვე რომაელებმა გაგზავნეს პიროსთან ელჩობა ტყვეების შესახებ მოსალაპარაკებლად. რომაულ დელეგაციაში იყო გაიუს ფაბრიციუსი, რომელიც განთქმული იყო თავისი უკიდურესი პატიოსნებით. მის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომაელებისთვის, მიუხედავად ამისა იგი ძალიან ღარიბი იყო.

პიროსმა სცადა ჯერ ფულით ეცდუნებინა ფაბრიციუსი, მან შესთავაზა გაიუსს დიდძალი ოქრო მეგობრობის ნიშნად, მაგრამ ცივი უარი მიიღო. მეორე დღეს მან გადაწყვიტა რომაელის გაკვირვება სპილოთი, ისე რომ მოლაპარაკებებისას სპილო ფარდის უკან უნდა დაემალათ და მოულოდნელად გამოეჩინათ. როდესაც ფაბრიციუსმა უეცრად დაინახა სპილო, მან არ გამოხატა გაკვირვება. პიროსი აღფრთოვანდა ფაბრიციუსით და გაუშვა ტყვეები ოჯახების მოსანახულებლად და სატურნალიების აღსანიშნავად. შემდეგ კი სენატმა თვითონ მოსთხოვა ტყვეებს პიროსთან დაბრუნება.

ძვ. წ. 278 წელს რომაელთა მხედართმთავარი გახდა ფაბრიციუსი, რომელიც კონსულად იქნა არჩეული. მას ბანაკში მისწერა პიროსის ექიმმა წერილი, რომელშიც სთავაზობდა დიდი ანაზღაურების საფასურად პიროსის მოწამვლას. ფაბრიციუსმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი პატიოსნება, მან პიროსს გაუგზავნა წერილი, რომელშიც გააფრთხილა ექიმის ვერაგობის შესახებ, თან კი ექიმის წერილი დაურთო, თავისი საქციელი კი მან გაამართლა პატიოსან ბრძოლაში ვერაგობის გარეშე გამარჯვების სურვილით.

პიროსმა დასაჯა ექიმი, რომაელებს კი მადლობის ნიშნად ტყვეები დაუბრუნა და კიდევ სცადა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ რომაელებმა ისევ იგივე პასუხი გასცეს, რომ სანამ პიროსი იტალიას არ დატოვებს, ისინი მშვიდობაზე არ დათანხვდებიან. ტყვეები კი უკან გააგზავნეს.

ასკულუმთან ბრძოლა[რედაქტირება]

მეორე ბრძოლა ქალაქ ასკულუმთან გაიმართა. რომაელებმა პიროსი აიძულეს დაბლობიდან მდინარის ტყიან ნაპირზე გადასულიყო, საიდანაც სპილოები ვერ მოახერხებდნენ თავდასხმას. ბრძოლა ღამემდე გაგრძელდა და გაურკვეველი იყო გამარჯვებული.

მეორე დღეს პიროსმა შეძლო დაბლობზე გადმონაცვლება. ყველაზე სუსტ ადგილებში ყარაული დააყენა, სპილოებს შორის მან შუბოსნები და მშვილდოსნები ჩააყენა, და სწრაფად შეუტია რომაელებს. რომაელებმა ვერ შეძლეს ფლანგიდან შეტევა, როგორც წინა ბრძოლაში და პირისპირ შეხვდნენ მეტოქეს და სცადეს მძიმე ქვეუთების დამარცხება, სანამ მათ სპილოები არ მოეშველებოდნენ. პიროსმა კი სპილოებით შეუტია რომაელებს და უკუაქცია ისინი. რომაელები გაიქცნენ ბანაკში. ამ დღეს დაიღუპა 6000 რომაელი და 3500 ბერძენი.

მიუხედავად გამარჯვებისა, პიროსს ისეთი დანაკარგები ჰქონდა, რომ ომის ასე გაგრძელებას იგი ვეღარ შეძლებდა. ისტორიაში შევიდა მის მიერ წარმოთქმული ფრაზა "თუ კიდევ ერთხელ ასე გავიმარჯვებთ რომაელებთან, საბოლოოდ დავიღუპებით". დაიღუპა მის მიერ ჩამოყვანილი ჯარების დიდი ნაწილი და მისი მიახლოვებული მხედართმთავრები.

რომაელები კი ამ დამარცხებამ არ მოტეხა, მათ მხოლოდ უფრო მეტად სურდათ გამარჯვება.

სიცილიის კამპანია[რედაქტირება]

ასკულუმთან ბრძოლის შემდეგ პიროსი სიცილიაში გაემგზავრა, სადაც მას კართაგენის წინააღმდეგ გახმარება სთხოვეს. მან ისარგებლა ამ საბაბით რათა დაეტოვებინა ირალია, სადაც რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლის უნარი აღარ ჰქონდა. სიცილიაში პიროსს წინააღმდეგობა არავინ გაუწია, ამიტომ მან მალევე დაიკავა მთელი კუნძული. რომაელებმა კი კართაგენთან ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადეს 12 წლით.

ამ წარმატების შემდეგ მან განიძრახა კართაგენზე გალაშქრება. პიროსმა დაიწყო სიცილიური ქალაქებიდან ჯარების შევსება, ამასთან იგი სასტიკად და დესპოტურად მოქმედებდა. სიცილიელებმა ამას დიდხანს ვერ გაუძლეს და დაიწყეს აჯანყება. ამასობაში პიროსს სამნიუმიდან და ტარენტუნუმელებისგან წერილი მოუვიდა, სადაც ისინი მეფეს დაბრუნებას სთხოვდნენ, რადგან რომაელებმა ისინი დაამარცხეს და ჩამოართვეს მიწები. პიროსმა ისარგებლა ამით და აჯანყებული სიცილიიდან დაბრუნდა იტალიაში.

როდესაც პიროსმა გასცურა სიცილიიდან, კართაგენულმა ფლოტმა გადაუკეტა მას გზა და შეებრძოლა ზღვაში. პიროსმა ამ ბრძოლასი ბევრი გემი დაკარგა, ნაპირზე გადმოსვლისას კი მას სიცილიელები შეებრძოლნენ. პიროსმა დაამარცხა სიცილიელები, თუმცა თვითონ დაიჭრა.

ბენევენტუმთან ბრძოლა[რედაქტირება]

ძვ. წ. 275 წელს ტარენტუმში პიროსი 20 000-ანი ლაშქარით ჩავიდა. აქ მან შეავსო ჯარი და წავიდა სამნიუმში, სადაც რომაელები იყვნენ დაბანაკებულნი. სამნიტების საქმე ამ დროისთვის ძალიან ცუდად იყო, რომაელებმა ისინი არაერთხელ დაამარცხეს.

პიროსმა ჯარი ორად გაყო, ერთი ნაწილი ლუკანიაში გაუშვა რათა ისინი მეორე კონსულის კორნელიუს ლენტულუს კაუდინუსის ჯარებს შეხვედროდნენ და არ მიეცათ კონსულ მანიუს კურიუს დენტატუსის ჯართან შეერთების საშუალება. მეორე ნაწილს კი თვითონ გაუძღვა სამნიუმში, სადაც რომაელები ქალაქ ბენევენტუმთან იყვნენ დაბანაკებულნი.

პიროსმა განიძრახა თავს დასხმოდა რომაელებს სანამ მათ დამატებითი ჯარები მოუვიდოდათ, ამიტომ მან შეკრიბა საუკეთესო მეომრები და ყველაზე ავი სპილოები და ღამით სურდა ბანაკზე თავდასხმა. მაგრამ გზა გრძელი იყო და ტყით უნდა გაევლოთ, მეომრები დაიკარგნენ და დროც დაიკარგა.

დილით რომაელებმა თვითონ დაიწყეს შეტევა და პიროსის ჯარისკაცებს უკან დაახევინეს. სხვა ფლანგებზე კი სპილოებმა რომაელები შეავიწროვეს. რომაელებმა სპილოებს შუბები დაუშინეს და უკუაქციეს, ცხოველების უწესრიგო რბენამ არეულობა გამოიწვია პიროსის ჯარებში.

ომის შედეგები[რედაქტირება]

ომის შემდგომი მდგომარეობა იტალიაში

ასე დაამარცხეს რომაელებმა პიროსი, რომელმაც ამ ბრძოლის წაგებით ყოველგვარი იმედი დაკარგა იტალიაში ბატონობაზე და დაბრუნდა საბერძნეთში. ამ ომით დასრულდა რომაელების მიერ იტალიის დაპყრობა.

რომაელებმა კი პირიქით, ირწმუნეს თავისი სიძლიერე და ჩათვალეს რომ ამ ომმა საბოლოოდ გადაჭრა საკითხი, თუ ვინ უნდა ბატონობდეს იტალიაში. მათ ადვილად დაიმორჩილეს "დიდი საბერძნეთი" და სიცილიაზეც გაიჩნდათ პრეტენზიები, სადაც მოგვიანებით ისინი კართაგენს დაუპირისპირდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]