პიგმენტი (ბიოლოგია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Bee 2.jpg

პიგმენტები ბიოლოგიაში, ორგანოთა ქსოვილების შედგენილობაში შემავალი ფერადი ნივთიერებანი. პიგმენტების ფერი განპირობებულია ე. წ. ქრომოფორული ჯგუფებით, რომლებიც შერჩევით შთანთქავენ სინათლეს მზის სპექტრის ხილულ ნაწილში. პიგმენტების მნიშვნელობა ორგანიზმებისათვის მეტად დიდია და ნაირგვარი. ბუნებაში ყველაზე მეტად გავრცელებული პიგმენტებია პორფირინები და კაროტინოიდები. პორფირინები შედიან მწვანე მცენარეთა ქლოროფილში, ფოტოსინთეზის უნარის მქონე ბაქტერიოქლოროფილებში, ცხოველთა სუნთქვის პიგმენტებში (ჰემოგლობინში, მიოგლობინში და სხვა). ორგანიზმებში ფართოდაა გავრცელებული ციტოქრომები, რომლებიც ჰემოგლობინის მსგავსად შეიცავენ რკინა-პორფირინის კომპლექსს — ჰემს. მწვანე მცენარეებში, სოკოებსა და ბაქტერიებში ვხვდებით ყვითელ, ნარინჯისფერ ან მოწითალო პიგმენტებს — კაროტინოიდებსა და ქსანტოფილებს; ლურჯ-მწვანე და წითელი წყალმცენარეები შეიცავენ ლერჯ (ფიკოციანინი) და წითელ (ფიკოერითრინი) პიგმენტებს, რომელთა მსგავსია მცენარეებში აღმოჩენილი ფიტოქრომი და ნაღვლის პიგმენტები. მცენარეთა პიგმენტების დიდი ჯგუფია მეტად ნაირგვარი შენებისა და გავრცელების ნაერთები — ფლავონოიდები (ანთოციანები, ფლავინები), რომლებიც ფერს აძლევენ ყვავილებს, ნაყოფებსა და ფოთლებს. ცხოველთა კანში, ბალანსა და თვალის ფერად გარსში შედის მელანინები. ერთნაირი ან მსგავსი პიგმენტები შეიძლება შეგვხვდეს განსხვავებულ, ფილოგენეზურად დაშორებულ ორგანიზმებში. პიგმენტები მეტწილად უჯრედის გარკვეულ ნაწილში შედის, ზოგჯერ პიგმენტები ორგანიზმის სითხეშია გახსნილი, მაგ., ქლოროფილი თავმოყრილია ქლოროპლასტებში, კაროტინოიდები — ქრომო- და ქლოროპლასტებში, ჰემოგლობინი — ერითროციტებში, ფლავონოიდები — მცენარეთა უჯრედის წვენში. ცილებთან დაკავშირებული პიგმენტები შედიან ბიოლოგიურ მემბრანებში. მრავალ მცენარესა და ცხოველს აქვს სპეციალური პიგმენტური უჯრედებიქრომატოფორები.

პიგმენტების ბიოლოგიური დანიშნულება[რედაქტირება]

Bollenveld Rood.jpeg

ისინი აკავშირებენ გარემოს სინათლის პირობებსა და ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას. მცენარეებში ისინი მონაწილეობენ ფოტოსინთეზში. სინათლის შთანთქმა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზრდის, განვითარებისა და მოძრაობის პროცესებში (ფოტოპერიოდიზმი). ცხოველური პიგმენტები მონაწილეობენ მხედველობის პროცესში, ჟანგბადის გადატანაში, ციტოქრომები და სუნთქვის ქრომოგენები — ქსივილის სუნთქვაში. პიგმენტები იცავენ ორგანიზმს მზის ულტრა-იისფერი სხივების მავნე გავლენისაგან, განაპირობენ ორგანიზმთა ნაირგვარ შეფერილობას, რაც ხელს უწყობს მათ შეგუებას გარემოსთან, მტრებისაგან თავდაცვას (მიმიკრია, დამცველი შეფერილობა და ფორმა); მცენარეთა ფერი იზიდავს მწერებსა და ფრინველებს, რაც ხელს უწყობს ყვავილთა დამტვერვასა და თესლის გავრცელებას.

საღებავების სინთეზური ხერხით წარმოების შემოღებამდე მცენარეთა და ცხოველთა პიგმენტებს (ალიზარინი, ინდიგო, კარმინი და სხვა) ფართოდ იყენებენ შესაღებად. ზოგ პიგმენტებს (მაგ., რიბოფლავინი, კაროტინი, პ-ანტიბიოტიკები) იყენებენ კვების მრეწველობასა და მედიცინაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯოხაძე დ., ქსე, ტ. 8, გვ. 56, თბ., 1984