პიგმალიონის ეფექტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიგმალიონის ეფექტი (როზენტალის ეფექტი) — ტერმინი აღებულია ჯორჯ ბერნარდ შოუს პიესიდან და გამოიყენება ისეთი ფსიქოლოგიური ფენომენის აღსანიშნად, როდესაც რაიმე მოვლენის მოლოდინის არსებობა ზრდის ამ მოვლენის განხორციელების შესაძლებლობას. სხვაგვარად ამ ფენომენს მოიხსენიებენ, როგორც თვითქმნად წინასწარმეტყველებას — როდესაც წინასწარმეტყველება პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს რეალობაზე და ცვლის მას იმგვარად, რომ საბოლოოდ ეს წინასწარმეტყველება ხორციელდება.

პიგმალიონის ეფექტის გაგება პირველად თავის წიგნში რობერტ როზენტალმა და ლენორ ჯეკობსონმა გამოიყენეს, რომელშიც ისინი აღწერდნენ მასწავლებელთა მოლოდინის გავლენას მოსწავლეების ქცევაზე. მათ მიერ ჩატატებულ ექსპერიმენტში მანიპულირებდნენ მასწავლებელთა მოლოდინებით და აფასებდნენ მათ გავლენას მოსწავლეთა IQ-ს მაჩვენებელზე. შემთხვევითი შერჩევით 18 სხვადასხვა კლასიდან შეირჩა მოსწავლეთა 20%, რომლებიც მასწავლებლებს დაუხასიათეს, როგორც სწავლაში უჩვეულოდ დიდი შესაძლებლობების მქონე ბავშვები. აღმოჩნდა, რომ დაბალი კლასის მოსწავლეებს, რომელთა მიმართ მასწავლებლებს მაღალი მოლოდინები ჩამოუყალიბეს, შეენიშნებოდათ ინტელექტის კოეფიციენტის მნიშვნელოვანი ზრდა სკოლის დანარჩენ მოსწავლეებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ცდა მოგვიანებით მეთოდოლოგიის თვალსაზრისით გააკრიტიკეს, სწავლის სფეროში მოლოდინის ფენომენმა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

როგორც აღმოჩნდა, სწავლისადმი ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ეფექტიანი იმ ბავშვებისთვის იყო, რომლებიც კეთილდღეობამოკლებულ ოჯახებში ცხოვრობდნენ. გაირკვა, რომ ასეთი ბავშვები ცუდად სწავლობენ მათთან მომუშავე მასწავლებლების დაბალი მოლოდინის გამო.

პიგმალიონის ეფექტის ორი ახსნა იქნა შემოტანილი:

  1. კუპერის თანახმად, მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ აქვთ ნაკლები კონტროლი იმ მოსწავლეებზე, რომელთა მიმართაც მათი მოლოდინები დაბალია, განსხვავებით იმ მოსწავლეებისგან, ვისი წარმატების მოლოდინიც აქვთ. ამიტომ, იმისათვის, რათა გააძლიერონ კონტროლი, პირველ შემთხვევაში მასწავლებლები მიმართავენ აფექტურ უკუკავშირს, მეორე შემთხვევაში კი მასწავლებელი იძლევა ისეთ უკუკავშირს, რომელიც ბავშვის მიერ დახარჯული ძალისხმევის შესატყვისია. შესაბამისად, იმ ბავშვებს, რომელთა მიმართაც დაბალია მოლოდინი, უქრებათ რწმენა, რომ მათი ძალისხმევა გავლენას იქონიებს სწავლის შედეგებზე.
  2. ბარ-ტალის აზრით, მასწავლებლის მოლოდინი განპირობებულია მის მიერ მოსწავლის წარმატება-წარუმატებლობის მიზეზების აღქმით. თუ მასწავლებლები თვლიან, რომ ბავშვის წარუმატებლობის მიზეზი შედარებით მყარია, ისინი აღარ მოელიან მოსწავლის წარმატებებს მომავალში და ამ რწმენის შესაბამისადაც იქცევიან.

მოლოდინის ფორმირების ფენომენი ადამიანის ბუნების თანმდევი მოვლენაა. თუმცა მასწავლებელთა ეფექტიანი მოღვაწეობის შეფერხება მხოლოდ მცდარ ან მოუქნელ მოლოდინებს შეუძლია.

პიგმალიონის ეფექტის ნეგატიური გავლენის შემცირების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს მასწავლებელთა დახმარება გააცნობიერონ ამ ფენომენის არსებობა და მისი შესაძლო შედეგები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Психологическая энциклопедия - Раймонд Корсини, Алан Ауэрбах. Питер, 2006