პიანისტი ქალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


პიანისტი ქალი არის ავსტრიელი მწერლის ელფრიდე იელინეკის რომანი, რომელიც მან 1983 წელს დაწერა.

ოცდაათს მიტანებული, ვენის კონსერვატორიის მუსიკის მასწავლებელი ერიკა კოხუტი დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. დედა პენსიონერია, მამა კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება. დიდი ხანია კოხუტები შემნახველ სალაროში ფულს აგროვებენ სამშენებლო სესხის ანგარიშზე და მალე საკუთარი ბინაც ექნებათ. ამის გამო მომჭირნედ ცხოვრობენ.

ერიკა ბავშვი აღარაა, მაგრამ დედის ფხიზელი ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობს.დედა ყველგან აკონტროლებს, ზუსტად უნდა იცოდეს სად არის და რითია დაკავებული მისი ქალიშვილი. ძალიან ღიზიანდება, როდესაც ერიკა ახალ ჩასაცმელს იყიდის, რადგან ფულის დახარჯვის უფლება არ აქვთ.

ერიკას ოთახის კარს არ აქვს საკეტი, იმიტომ რომ დედამ ყოველთვის შეუფერხებლად შესძლოს შიგნით შესვლა - „ბავშვს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლოებები“ - ამბობს იგი. ერიკას საზოგადოებაში ყოფნა შემოიფარგლება სამსახურითა და კონცერტებით. დედა წყვეტს, ვის შეიძლება ჰქონდეს ურთიერთობა მის ქალიშვილთან, რის გამოც, ერიკას მცირე საურთიერთო წრე ჰყავს. დედას არ უნდა მისი შვილი გაერთოს „სულელური ოცნებებით სიყვარულზე“ და ისეთი „ფუჭი გატაცებებით“, როგორიცაა კოსმეტიკა და ტანსაცმელი. და რაც მთავარია, დედა ფხიზლად დარაჯობს, რომ მის შვილს მამაკაცი ახლოსაც კი არ გაეკაროს, არ აპირებს გახდეს პატარძლის დედა. „მსოფლიოში ცნობილი პიანისტი ქალი - აი, იდეალი, რაზეც დედა ოცნებობს“.

როდესაც ქალიშვილი დედის სურვილის საწინააღმდეგოდ იქცევა, დედა მას ფიზიკურად უსწორდება. ვალში არც ერიკა რჩება: „ქალები განუწყვეტლივ სცემენ და ტყიპავენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, ისინი სულ მუდამ ერთად არიან [...] და ასეა უკვე ათწლეულების განმავლობაში!“ მერე კი, როდესაც დამშვიდდებიან, გასაოცარ მზრუნველობას იჩენენ ერთმანეთის მიმართ.

დედამ არაფერი იცი, მაგრამ ერიკა რამდენიმეჯერ ყოფილა ახალგაზრდა უცოლო მამაკაცების ბინაში. „იგი ცდილობდა, ვნებითა და გრძნობებით დაეტყვევებინა ისინი [...] თვითონ არაფერს გრძნობდა [...]. ყოველი ეს ვაჟბატონი მალე ტოვებდა ერიკას და მას აღარ სურს ყავდეს ბატონი“.

ჩუმად დაიარება ასევე ქალაქის გარეუბანში მდებარე სტრიპტიზ-ბარში, რათა შიშველი ქალების მშვენიერი სხეულის ყურებით დატკბეს. ღამის ხედვის ბინოკლით შეიარაღებული კი ქალაქის პარკში სიყვარულით დაკავებულ წყვილს უთვალთვალებს და როგორც ირკვევა, პირველად არ მისულა იგი პარკში ამ მიზნით.

კიდევ ერთი უცნაური ჩვევა, რომელიც ერიკას ახასიათებს არის ის, რომ იგი ხშირად ისერავს სხეულს: „საკუთარი სხეულის გაჭრა სხვადასხვა ადგილას - ეს მისი ჰობია“. ერიკას კლასში ფორტეპიანოს ეუფლება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ვალტერ კლემერი. ვალტერი ბეჯითი და გამრჯე მოსწავლეა. დაინტერესებულია სპორტითაც და ვარჯიშობს რამდენიმე სახეობაში. გარდა ამისა, არის „მთელ ქალაქში ცნობილი სპრინტერი ხელოვნებისა და სიყვარულის დარგში“.

იგი სიამოვნებით უსმენს თავის მასწავლებელს, როდესაც ის უკრავს. კლემერი აშკარად გამოხატავს სიმპატიას ერიკას მიმართ. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობს მოხიბლოს მასზე ათი წლით უფროსი ერიკა კოხუტი, მაგრამ უშედეგოდ. ერიკა მას არწმუნებს: „-მე თქვენთვის საზღვარი ვარ, სადაც მთავრდება თქვენი სურვილი, რადგან თქვენ ვერასოდეს გადამაბიჯებთ, ბატონო კლემერ!“ ფროილაინ კოხუთი ირწმუნება, გრძნობებს არ ვცნობ, თუ მაინც რამე გრძბობა დამეუფლა, გონება მას გასაქანს არ მისცემსო.

ვალტერ კლემერს შორეული გეგმები ერიკასთან დაკავშირებით არ აქვს, არც ის უნდა რომ კონსერვატორიაში მათ შესახებ გაიგონ, ქორწინება ხომ გამორიცხულია. ერიკა კი... იცვლება, ცდილობს ლამაზად ჩაიცვას, უკეთესად გამოიყურებოდეს და ამას ვალტერის გამო აკეთებს. ახლა იცვამს იმ კაბებს, რომელიც წლებია მხოლოდ კარადას ამშვენებდა. დედა ეჭვობს, რომ მისი მეტამორფოზის მიზეზი მამაკაცია და წიწმატობს.

ქალს უყვარს, მაგრამ სიყვარულის ნიშნებს არ ავლენს. იგი ურთიერთობის წესებს წინასწარ განსაზღვრავს - უნდა დაემონოს და ამით თავად გახდეს მბრძანებელი. ერიკა წერილს წერს ვალტერს, წერს, რადგან ამას პირადად ვერ ეტყოდა და უხსნის, თუ რა გზით სურს წარიმართოს მათი ურთიერთობა. მასში ერიკა ავლენს მაზოხისტურ მიდრეკილებებს. სურს რომ მამაკაცი მას ძალადობის გზით, სადისტური ხერხებით დაეუფლოს. ვალტერი გაოგნებულია, ხუმრობა ჰგონია. ვალტერის დასკვნით ერიკა მხოლოდ საკუთარ სიამოვნებზე ფიქრობს., რადგან ქალის წამება მას სიამოვნებას არ მოჰგვრის. ის სულ სხვა ურთიერთობას ელოდა... გაბოროტებულია აუსრულებელი ოცნებების გამო და ამაში ერიკას ადანაშაულებს. ქალისგან საშინელი შემოთავაზება მიიღო, რაც უაყოფს ორმხრივ ურთიერთგრძნობას. მას კი უნდოდა ერიკას მბრძანებელი გამხდარიყო.

მხეცივით გამძვინვარებული მიდის ერიკასთან სახლში და ყოველგვარი თოკების, ბორკილების, ხუნდების, გარეშე აკეთებს იმას რასაც ერიკა წერილში მისგან ითხოვდა - ჯერ სცემს, შემდეგ აუპატიურებს.

მეორე დილით ერიკა ჩანთაში დამალული დანით მიდის უნივერსიტეტისკენ, თუმცა გადაწყვეტილი არ აქვს, მოკლავს თუ არა ვალტერს. შენობის წინ სტუდენტების ჯგუფს მოკრავს თვალს, მათ შორისაა ვალტერიც. ისინი მალე შენობაში შედიან. ერიკა დანას იღებს ჩანთიდა, სურს, რომ გულში მოხვდეს დანა, მაგრამ მხარში ირტყამს და მერე სახლისკენ მიიჩქარის...

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელფრიდე იელინეკი "პიანისტი ქალი", გამ. ინტელექტი, თბილისი, 2006.