პეტრე I (ალექსანდრიის პატრიარქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე I ალექსანდრიელი

მღვდელმოწამე პეტრე I ალექსანდრიელი (ბერძნ. Πέτρος Αλεξανδρείας) - ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 25 ნოემბერი, ახალი სტილით - 8 დეკემბერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მღვდელმოწამე პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიაში დაიბადა და აღიზარდა. ღრმად განსწავლული მამა ალექსანდრიის სასწავლებელს განაგებდა. 300 წელს მან თავისი მასწავლებლისა და სულიერი მოძღვრისგან - წმინდა თეონასგან ალექსანდრიის ეკლესიის მესაჭეობა მიიღო. იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმინუსის მიერ (284-305) ქრისტიანთა დევნისას, ნეტარი პეტრე ქალაქიდან განდევნეს. მან იმპერიის მრავალი ოლქი შემოიარა, ბოლოს კი ისევ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, რომ განსაცდელის ჟამს პირადად ეხელმძღვანელა ალექსანდრიის ეკლესიისათვის. მღვდელმთავარი ფარულად ნახულობდა საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიანებს, ეხმარებოდა ქვრივებსა და ობლებს, ქადაგებდა ღვთის სიტყვას, და ღვთისმსახურებას აღასრულებდა. უფალიც იცავდა თავის რჩეულს მდევნელთაგან.

დევნისა და შევიწროების მიუხედავად ალექსანდრიის ეკლესია პეტრე ალექსანდრიელის ბრძნული ხელმძღვანელობით მტკიცდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით მღვდელმთავარი შეიპყრეს. მთელი ხალხი შეიკრიბა საპყრობილის კარებთან მღვდელმთავრის დასახმარებლად. წმინდა პეტრემ, რომელსაც სურდა, თავიდან აეცილებინა სახალხო ჯანყი და სისხლისღვრა, ხელისუფალს წერილობით შესთავაზა, ციხის უკანა კედელი გაერღვიათ და ხალხისგან ფარულად გაეყვანათ იგი სიკვდილით დასასჯელად. ღამის უკუნში წმინდა მწყემსმთავარი ქალაქის გალავანს გადაღმა გაიყვანეს და სწორედ იმ ადგილას მოჰკვეთეს თავი, სადაც ადრე წმინდა მოციქული მარკოზი დასაჯეს სიკვდილით. ეს მოხდა 311 წელს. დილით ქალაქმა შეიტყო წმიდა მღვდელმთავრის მოწამეობრივი აღსასრული. მორწმუნეებმა უფლის სათნომყოფლის ცხედარი ეკლესიაში დააბრძანეს, სამღვდელმთავრო სამოსით შემოსეს და წესის აგების დროს შემაღლებულ ადგილას დასვეს. სიცოცხლეში პეტრე მხოლოდ კვარცხლბეკთან ჯდებოდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, ამ ადგილს გარს შემოვლებულ ღვთაებრივ ნათელს ხედავდა და მასზე ასვლას ვერ ბედავდა.

მართლმადიდებლობის დიდი მოსაგრე - პეტრე ალექსანდრიელი ცნობილია, როგორც ღრმა ღვთისმეტყველი და საეკლესიო მწერალი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.