პეტრე შირშოვი
პეტრე პეტრეს-ძე შირშოვი (რუს. Пётр Петрович Ширшов დ. 12 (25) დეკემბერი, 1905, ეკატერინოსლავი — გ. 17 თებერვალი, 1953, მოსკოვი) — საბჭოთა ოკეანოგრაფი და ჰიდრობიოლოგი, პოლარეთის მკვლევარი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
იყო სახელმწიფო მოღვაწე, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939), საბჭოთა კავშირის გმირი (1938). სკკპ წევრი 1938 წლიდან. მონაწილეობდა არქტიკის ექსპედიციებში, მათ შორის, ყინულმჭრელ „სიბირიაკოვზე“ (1932), გემ „ჩელიუსკინზე“ (1933-34) და მოდრეიფე სადგურ „ჩრდილოეთ პოლუსზე“ (1937-38). 1942-48 წლებში შირშოვი იყო სსრკ საზღვაო ფლოტის სახელმწიფო კომისარი (შემდეგში მინისტრი), 1946 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
შრომები [რედაქტირება]
მთავარი შრომები ეხება პოლარული ზღვების პლანქტონს. შირშოვმა უარყო ჰიპოთეზა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის მაღალ განედებში სიცოცხლის არარსებობის შესახებ. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 4 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით. შირშოვის სახელი დაერქვა უბეს ფრანც-იოსების მიწაზე, წყალქვეშა ქედს ბერინგის ზღვაში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 8, თბ., 1987 წელი.