პეტრე მამრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე გრიგოლის ძე მამრაძე (დ. 27 თებერვალი, 1877, თბილისი — გ. 31 ივლისი, 1937, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, ჰიდროტექნიკოსი, არქიტექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წელს დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.

1907–1910 წლებში ასწავლიდა მათემატიკას თბილისის ქართულ გიმნაზიაში. 1912–17 წლებში დაამუშავა ქუთაისის თბოელექტროსადგურის, ალაზნის ველის, დოღლაურის ველის მიდამოებისა და ლამი-მისაქციელის მიწების მორწყვის პროექტები და სხვ.

1921–1925 წლებში განაგებდა დასავლეთ საქართველოში პირველი საბჭოთა სარწყავი სისტემის და ჭაობების დაშრობის (ქობულეთის რაიონში) სამუშაოებს. 1926–1930 წლებში ხელმძღვანელობდა ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობას, დააპროექტა შირაქის წყალსადენი, სამგორის ველის მორწყვის სქემა. 1932–1937 წლებში დაამუშავა კურორტ წყალტუბოს კეთილმოწყობის გენერალური გეგმის ძირითადი სქემა და სათავეში ედგა წყალტუბოს ჰიდროტექნიკური კომპლექსის მშენებლობას. ამავე პერიოდში ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებულია 1937 წელს.

პეტრე მამრაძეს მიერაა შექმნილი მთაწმინდაზე, ილია ჭავჭავაძის საფლავის მონუმენტის „მწუხარე საქართველო“ არქიტექტურა (1913 წელს).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]