პენტატონიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პენტატონიკა (ბერძნ. pente - ხუთი და tonos - ტონი), ხუთსაფეხურიანი ბგერითი სისტემა (ძვ. „ჩინური“ ან „შოტლანდიური გამა“). პენტატონიკის ძირითადი ტიპი ანჰემიტონურის (უნახევარტონო). მის ბგერათრიგში მეზობელ საფეხურებს შორის მხოლოდ 1 ან 1,5 ტონია და არ არის ნახევარი ტონი, რის გამოც პენტატონიკას არ ახასიათებს მძაფრი კილოური მიზიდულობანი. ხუთსაფეხურიანი ბგერათრიგის პირობებში შესაძლოა პენტატონიკის 5 ვარიანტი.


პენტატონიკისთვის დამახასიათებელია სამბგეროვანი უნახევარტონო ინტონაციური საქცევი - ტრიქორდი (მაგ., სოლ-მი-რე). პენტატონიკა მუსიკალური აზროვნების ერთ-ერთი ადრინდელი საფეხურია. მრავალსაუკუნოვანი განვითარების პროცესში სპეციალური მცირეტერციული ინტერვალების თანდათან შევსების გზით იგი მრავალი ხალხის მუსიკაში სრულ შვიდსაფეხურებიან ჰემიტონურ (ნახევარტონიან) კილოდ ჩამოყალიბდა. პენტატონიკა სუფთა სახით გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ ხალხთა მუსიკაში (ჩინელები, ვიეტნამელები, თათრები, ბაშკირები, ბურიატები), მაგრამ მისი ელემენტები გვხვდება მრავალი სხვა ხალხის არქაული წყობის მელოდიებშიც. ეგზოტიკური თუ არქაული სახეების შესაქმნელად პენტატონიკს ხშირად მიმართავდნენ კომპოზიტორებიც (შოპენი, დებიუსი, ბარტოკი, ჩაიკოვსკი, რიმსკი-კორსაკოვი, მშველიძე, თაქთაქიშვილი და სხვები).

ქართულ ხალხურ მუსიკაში პენტატონიკა სუფთა სახით შემორჩენილია ძირითადად მთის დიალექტებში (განსაკუთრებით ხევსურეთში), მაგრამ მცირედიაპაზონიანი უნახევარტონო (ტრიქორდული) საქცევები ფართოდაა გავრცელებული თითქმის ყველა კუთხეში. ხევსურულ დიალექტში გვხვდება აგრეთვე პენტატონიკა, რომელიც ნახევარ ტონს შეიცავს (მი-ფა-ლა-სი-რე).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჟორდანია მ., ქსე, ტ. 8., 19, თბ., 1984