პენსილვანიის უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პენსილვანიის უნივერსიტეტის გერბი

პენსილვანიის უნივერსიტეტი (ინგ. University of Pennsylvania, მოიხსენიება, როგორც პენი (Penn) ან იუპენი (UPenn)) კერძო, არასექტარული კვლევითი უნივერსიტეტია ფილადელფიაში, პენსილვანია. დაფუძნდა ბენ ფრანკლინის მიერ 1749 წელს. სიძველით აშშ-ის მეოთხე უმაღლესი განათლების დაწესებულება და ამერიკის პირველი უნივერსიტეტია. ასევე აივი ლიგის წევრია. პენი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიურ დაწესებულებად ითვლება.

პენის ძირითადი ფოკუსი ინტერდისციპლინარული კვლევითი პროგრამებია. თუმცა ისტორიულად პენის სიძლიერე მისი სამაგისტრო და პროფესიული სკოლები იყო, ბოლო წლებში მან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა საბაკალავრო პროგრამებზეც. პენის სპეციალიზაცია გაერთიანებული ხარისხის პროგრამებია. აქ ასწავლიან ისეთ უნიკალურ საგნებს, როგორიცაა მაგ. ქცევის ბიოლოგიური ბაზისი; მეცნიერების ისტორია და სოციოლოგია; ლოგიკა, ინფორმაცია და გამოთვლითი პროცესები. პენის პოლიტიკით ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერ სამაგისტრო და პროფესიული საგნების ლექციებსაც.

პენის წამყვანი სკოლებია ჰუმანიტარული მეცნიერებანი, იურისპრუდენცია, მედიცინა, განათლება, ინჟინერინგი და ბიზნესი. პენის ბიზნესის (ვარტონი), არქიტექტურის (დიზაინის სკოლა), კომუნიკაციების (ანენბერგი), მედიცინისა და საფერშლო სკოლები რანგით ამერიკის საუკეთესო ხუთეულშია. პენის იურიდიული, სოციალური პოლიტიკისა და განათლების სკოლები რანგით გამუდმებით საუკეთესო ათეულში ხვდებიან.

პენსილვანიის უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდესი ფონდების მომზიდია. ამ მხრივ ის როგორც წესი უნივერსიტეტებში უდიდეს ხუთეულშია ხოლმე. ამასთან, პენს ამერიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევითი პროგრამების ბაზა გააჩნია, ხარჯავს რა 700 მილიონ ამერიკულ დოლარს ყოველწლიურად.