პარნასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„პარნასი“ ამ სტატიაზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხ. პარნასი (მრავალმნიშვნელოვანი).

პარნასი (Parnasse) — XIX საუკუნის მეორე ნახევარში საფრანგეთში წარმოშობილი პოეტური მიმდინარეობა. სახელწოდება პირველად დაფიქსირდა 1866 წელს ალფონს ლემერის მიერ გამოცემულ პოეტურ ანთოლოგიაში "თანამედროვე პარნასი".

პარნასი დაახლოებით იგივე მიმდინარეობაა პოეზიაში, რაც რეალიზმი პროზაში. როგორც რეალიზმზე, ამ მიმდინარეობაზეც გავლენა მოახდინა ოგიუსტ კონტის პოზიტივიზმმა, რაც ფაქტების მკაცრ შესწავლას ეფუძნება. პარნასი ერთგვარი აღდგენაა კლასიკური სულისკვეთებისა, რომელიც სიმკაცრით, წესრიგითა და გონებით გამოირჩევა. პარნასი არის სახელწოდება საბერძნეთში მდებარე მთისა, რომელიც, მითოლოგიის თანახმად აპოლონის სამფლობელო იყო, აპოლონი კი მშვენიერების განსახიერებას წარმოადგენდა. ამ ტერმინის არჩევა იმაზე მიანიშნებს, რომ მშვენიერება არ არის ყველასათვის ხელმისაწვდომი, არამედ მის მისაღწევად საჭიროა შრომა. პარნასელთა მამამთავრად ითვლება თეოფილ გოტიე, რომელიც ამტკიცებს პოეტური წესების აუცილებლობას და ფორმის მნიშვნელობას. ფორმა უნდა იყოს მყარი და დახვეწილი და არავითარ შემთხვევაში დაუდევარი.

პარნასის პოეზიის ძირითადი პრინციპები შემდეგია:

  • გრძნობის უარყოფა: პოეტი არ უნდა უმღეროდეს საკუთარ "მე"-ს. აქედან გამომდინარეობს პარნასული პოეზიის უპიროვნობა, არაპერსონალურობა, რაც უპირისპირდება რომანტიზმისთვის დამახასიათებელ გადაჭარბებულ მგრძნობელობასა და პათეტიკას. თუმცა პარნასელთა რიგებშიც კი დიდი პოეტები მთლიანად ვერ უკუაგდებდნენ შინაგან "მე"-ს, ვერ აღწევდნენ აბსოლუტურ გაუპიროვნებას.
  • ფორმის კულტი: პოეტი არ უნდა მიენდოს მხოლოდ შთაგონებას, არამედ უნდა იმუშაოს ფორმაზე. თუკი რომანტიზმი სპონტანურობასა და ბუნებრიობას ეძებს, პარნასელები აბსოლუტური მშვენიერების გამოხატვას ცდილობენ და ამისთვის იდეალურ ფორმას ეძებენ. ეს ძიება კი ხშირად ფორმის უბრალო გართულებით მთავრდება.
  • მარადიული, იდეალური, აბსოლუტური მშვენიერების ძიება.
  • მეცნიერებისადმი ნდობა, რაც, მათი აზრით, უფრო მეტად უხსნის კარს წარმოსახვასა და სიახლეს, ვიდრე გრძნობიერება.


ძირითადი წარმომადგენლები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]