პარკოსნები
| პარკოსნები | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Fabaceae ანუ Leguminosae | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
პარკოსნები (Fabaceae ანუ Leguminosae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მასში გამოიყოფა 3 ქვეოჯახი: მიმოზისებრნი (Mimosoideae), ცეზალპინიისებრნი (Caesalpinoideae) და ფარვანისებრნი (Faboideae ანუ Papilionoideae) (ზოგიერთი სისტემატიკოსი ამ ქვეოჯახებს ცალკე ოჯახებად მიიჩნევს). ბუჩქები,მრავალწლოვანი და ერთწლოვანი ბალახებია. იშვიათად ხეები ან ლიანებია. აერთიანებს 500-მდე გვარის 12000 სახეობას. პარკოსნებს ფესვებზე უვითარდებათ კოჟრები — ატმოსფერული აზოტის შემთვისებელი კოჟრის ბაქტერიების გროვები, რომლებიც ნიადაგს ამდიდრებენ აზოტით.
პარკოსნების ზოგიერთი გვარი და ცალკეული წარმომადგენლები (ლობიო, სოია, არაქისი, ცერცვი, ბარდა და სხვა) ცილებით მდიდარი ყუათიანი საჭმელია, არაქისისა და სოიის თესლიდან მიღებულ ზეთს ფართოდ იყენებენ კვების მრეწველობაში (საკონდიტრო წარმოება, კულინარია) და ტექნიკური მიზნებისათვის. საქონლის საკვებ მცენარეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია იონჯას, სამყურას, ესპარცეტს, ცერცველას, ძიძოსა და სხვა მცენარეებს. ზოგიერთი პარკოსნების (წითელი სანდალოზის — Pterocarpus santalinus) მერქანს ძვირფასი ავეჯის დასამზადებლად იყენებენ. პარკოსნების ქერქი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს; მრავალი სახეობა (არღავანი, ალბიცია, გლიცინია, სოფორა, კურდღლისცოცხა და სხვა) დეკორატიულია. იყენებენ აგრეთვე ცოცხალ ღობეებად და ქარსაცავ ზოლებად. პარკოსნების უმრავლესობა კარგი თაფლოვანი მცენარეა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 691-692, თბ., 1984 წელი.