პარიზის ოსმანიზაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარიზის რეკონსტრუქციის ოსმანის გეგმა.

პარიზის ოსმანიზაცია, ოსმანის რეკონსტრუქცია, ან უბრალოდ ოსმანის გეგმა, იყო ნაპოლეონ III-ის დაკვეთით და სენის პრეფექტი ბარონი ჟორჟ-ეჟენ ოსმანის მიერ შესრულებული ძველი პარიზის რეკონსტრუქცია 1852-70 წლებში, თუმცა სამუშაოები 1870 წელს მეორე იმპერიის დამხობის შემდეგაც გაგრძელდა.

პროექტი ქალაქგეგმარების ყველა ასპექტს მოიცავდა, როგორც პარიზის ცენტრში, ისე მის შემოგარენში: ქუჩებსა და ბულვარებს, შენობების ფასადებზე შემოღებულ შეზღუდვებს, საზოგადოებრივ პარკებს, წყალგაყვანილობასა და კანალიზაციას, ქალაქის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ მონუმენტებს. დაგეგმვაზე მრავალმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქის ისტორიაში ქუჩური რევოლუციების სიხშირე იყო.

ოსმანის მიდგომა ქალაქგეგმარებისადმი მკაცრად იქნა გაკრიტიკებული მისი თანამედროვეების მიერ, უგულვებელ იქნა თითქმის მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, თუმცა მოგვიანებით ხელახლა იქნა გადაფასებული ქალაქგეგმარებისადმი მოდერნისტული მიდგომის დისკრედიტების შემდეგ. მისმა რეკონსტრუქციამ პარიზს დღევანდელი იერი მისცა; მისმა გრძელმა, სწორხაზოვანმა და ვრცელმა ბულვარებმა კაფეებითა და მაღაზიებით ახალი ურბანული სცენარი შექმნა და უაღრესად დადებითი პროდუქტიული გავლენა იქონია პარიზელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ძველი პარიზის ვიწრო და უსწორმასწორო შუასაუკუნეებისდროინდელ შუკებში გაჭრილმა ოსმანის ბულვარებმა დასაბამი ჩაუყარა დღეს მსოფლიოში საფრანგეთის დედაქალაქზე შექმნილ პოპულარულ იმიჯს, სადაც უფრო რაციონალურად დაგეგმილი ქალაქი ვრცელი გამზირებითა და ღია სივრცეებით ძველი ქალაქის საზღვრებს ცდება.