პაატა შამუგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაატა შამუგია
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1983(1983-03-20) (41 წლის)
დაბადების ადგილი გალი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus შიზოგადოება
ჯილდოები პრემია „საბა“ და პრემია „საბა“

პაატა შამუგია (დ. 20 მარტი, 1983, გალი) — თანამედროვე ქართველი პოეტი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი. 2015 წელს ის გახდა პირველი პოეტი, რომელმაც ორჯერ მიიღო პრემია „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულისთვის — პირველად „დაუჯდომელისთვის“ და მეორედ „შიზოგადოებისთვის“. „შიზოგადოება“ გახდა საფრანგეთში პრემია მალარმეს ფინალისტი 2022 წელს.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1983 წლის 20 მარტს აფხაზეთში. ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, უახლესი ლიტერატურის სპეციალობით. 2007 წლიდან მუშაობს სხვადასხვა გამომცემლობაში, აქვეყნებს ლექსებს პერიოდიკაში და წერს კრიტიკულ ესეებს.

ფართო საზოგადოებისათვის პაატა შამუგია ცნობილი გახდა სკანდალური წიგნით „ანტიტყაოსანი“. წიგნმა სკანდალი გამოიწვია იმით, რომ ის ამ კლასიკური ტექსტის პაროდირებული ვერსია იყო.

სამწლიანი პაუზის შემდეგ (2010) პაატა შამუგიამ გამოსცა პოეტური კრებული „უპირატესობა“, რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. წინა კრებულისგან განსხვავებით, „უპირატესობა“ არ გამხდარა სკანდალის მიზეზი, პირიქით — კრიტიკამ დადებითად მიიღო ავტორის წიგნი, დაიწერა რეცენზიები, სადაც ავტორს ახალი ქართული პოეზიის გამორჩეულ სახედ მიიჩნევენ.

2011 წელს გამოვიდა ავტორის ახალი წიგნი სახელწოდებით „დაუჯდომელი“, რომელშიც ავტორი რელიგიური თემების გადამუშავებითა და მძაფრი სოციო-პოლიტიკური პათოსით ამბობს სათქმელს.

2014 წელს პაატა შამუგიამ გამოსცა კრებული „შიზოგადოება“, რომელიც გამოსვლისთანავე ლიტერატურული წრეების განხილვის საგანი გახდა. პოეტი და კრიტიკოსი შოთა იათაშვილი ამ კრებულზე საუბრისას აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„​შეგიძლია გადაშალო ნებისმიერ გვერდზე და შთამბეჭდავი ციტატა მოძებნო. და ციტატა არა უბრალოდ ციტატისათვის, არამედ ციტატა, როგორც მძლავრი სოციალური მესიჯი, სლოგანი, მოტო; როგორც ინტერტექსტუალურობით მუშაობის ნიმუში; როგორც პოეტური და მათემატიკური ლოგიკების კვეთაში ჩასახული ახალი, ფრიად უცნაური ნაყოფი...“

პოეტ ეკა ქევანიშვილის თქმით:

ვიკიციტატა
„პაატა შამუგიას „შიზოგადოება“ ხანდახან არის ისეთი ფაქიზი, ნაზი, ძალიან მეტაფორული, და უცებ დაგაგდებს ხოლმე მიწაზე ძალიან ამქვეყნიური შედარებებით.“

მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ,[2][3] სპარსულ[4], ფრანგულ, თურქულ, რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და გერმანულ ენებზე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2015 — „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „შიზოგადოება“
  • 2012 — „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „დაუჯდომელი“
  • 2012 — ჟურნალმა „ცხელმა შოკოლადმა“ პაატა შამუგია დაასახელა წლის ადამიანად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]