ოქროს სტანდარტი
ვიკიპედიიდან
ოქროს სტანდარტი, ოქროს მონომეტალიზმი, ფულადი სისტემა, რომლის დროსაც საყოველთაო ეკვივალენტის როლს ოქრო ასრულებს, ხოლო მიმოქცევაში ფუნქციონირებს ოქროს მონეტები ან ოქროზე გასაცვლელი ფულადი ნიშნები.
[რედაქტირება] ისტორია
ოქროს მონომეტალიზმის სისტემა ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთში XVIII ს-ის ბოლოს, ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში XIX ს-ის უკანასკნელ მეოთხედში. ოქრომონეტარული სტანდარტისათვის, რომელიც ოქროს მონომეტალიზმის კლასიკური ფორმაა, დამახასიათებელია ოქროს მონეტის თავისუფალი მიმოქცევა და ოქროს მიერ ფულის ყველა ფუნქციის შესრულება. ოქროს არასრულფასოვანი ფული თავისი ნომინალური ღირებულებით შეუზღუდავად იცვლებოდა ოქროზე. ოქრო თავისუფლად შემოჰქონდათ და გაჰქონდათ. ამით უზრუნველყოფილი იყო მისი ფუნქცია მსოფლიო ფულის როლში და მოცემული ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსის სიმტკიცე.
ოქრომონეტარული სტანდარტი შეესაბამებოდა განვითარებადი კაპიტალიზმის მოთხოვნილებებს, ხელს უწყობდა მისი საკრედიტო სისტემის განვითარებას, საერთაშორისო ვაჭრობისა და კაპიტალის გატანის ზრდას. იმპერიალიზმის დროს ოქრომონეტარული სტანდარტი საყოველთაოდ გავრცელდა, მაგრამ, ამასთან ერთად, დაიწყო მისი საფუძვლების რყევა. უპირველეს ყოვლისა, შეიზღუდა ოქროს მონეტების თავისუფალი მოჭრა, შემდგომ კი აიკრძალა და მიმოქცევიდან იქნა ამოღებული. საერთო ეკონომიკურმა კრიზისმა ძირი გამოუთხარა ოქროს სტანდარტს.
1914—1918 წლებში ფართოდ გავრცელდა ქაღალდის ფულის ემისია. 1924—1928 წლებში ევროპის მრავალ ქვეყანაში ომის შემდგომი ფულადი რეფორმების შედეგად შემოიღეს ოქროს სტანდარტის ახალი ფორმები: ოქროზოდური სტანდარტი, რომლის დროს ბანკნოტების გაცვლა არსებითად შეიზღუდა, იცვლებოდა მხოლოდ ოქროს ზოდებზე (12,4 კგ. ინგლისში, 12,7 კგ. საფრანგეთში); ოქროდევიზური სტანდარტი, რომლის დროს ბანკნოტები იცვლებოდა არა მარტო ოქროზე, არამედ სხვა ქვეყნების ვალუტაზეც, ეს უკანასკნელი კი შეიძლება გაცვლილიყო ოქროზე.
ოქროს სტანდარტის ახალმა ფორმებმა არ გაამართლა 1929—1933 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო წარმოშობილი სავალუტო კრიზისის შედეგად. საერთაშორისო სავალუტო სისტემას, რომელიც გაფორმდა 1944 წელს ბრეტონვუდზში, ზოგჯერ უწოდებენ ოქროდევიზურ სტანდარტს, ვინაიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდების თანახმად, მის წევრ-ქვეყნებს თავისი საგადასახდელო ბალანსების დეფიციტის დასაფარავად რეზერვები უნდა ჰქონდეს ოქროსა და დევიზებში (ძირითადად აშშ-ის დოლარებში). მაგრამ აშშ — ის ოქროს მარაგის შემცირების გამო ოქროზე ქაღალდის დოლარის გაცვლა გაძნელებული იყო სხვა ქვეყნების მთავრობებისა და ცენტრალური ბანკებისთვისაც კი. 1971 წელს აშშ -ში ოფიციალურად შეწყვიტეს ასეთი გაცვლა.

