ოსური ლიტერატურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოსური ლიტერატურაოსი ხალხის ლიტერატურა. საუკუნეთა განმავლობაში ოსი ხალხის ისტორიული ცხოვრება აისახებოდა და ვლინდებოდა ფოლკლორში. იგი გამოირჩევა ჟანრული მრავალფეროვნებით. ზეპირსიტყვიერების მნიშვნელოვანი ძეგლია ნართული ეპოსი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საწყისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსურ ენაზე პირველი ნაბეჭდი წიგნი „მოკლე კატეხიზისი“ 1798 წელს გამოვიდა. პირველი ოსური ხელნაწერი თარიღდება 1802 წლით.

ოსური ლიტერატურა იწყება თ. მამსუროვის შემოქმედებით (1843-1899). იგი 1865 წელს მუსლიმ ოსებთან ერთად გადასახლდა თურქეთში. მისი ნაწარმოებები ძირითადად საბჭოთა პერიოდში გახდა ხელმისაწვდომი. ოსური ლიტერატურა თემატურად გაამდიდრა და ფორმით სრულყო კოსტა ხეთაგუროვმა (ხეთაგათი), მან პოეზიაში დაამკვიდრა რეალისტური პრინციპები, ხელი შეუწყო ეროვნული პროზისა და დრამატურგიის ჩასახვას.

ოსური პროზის ფუძემდებელია სეკა გადიათი. მისი სოციალურ-ფსიქოლოგიური თხზულებები აღმოცენებულია ფოლკლორულ ტრადიციებზე. აღსანიშნავია არსენ კოცოითის მოთხრობები, რომელთა თემაა „პატარა კაცის“ ცხოვრება, სოფლის წეს-ჩვეულებები და ზნეობანი.

დრამატურგიის განვითარება დაკავშირებულია ელბიზდიყო ბრიტიათის სახელთან. მის პიესებში ასახულია ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა მეფის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ, ოსი ქალის განთავისუფლება ადათისა და სოციალური უთანასწორობის უღლისაგან. ოსური ლიტერატურა ახალი თემებით და სახეებით გაამდიდრეს პოეტმა და დრამატურგმა ბ. გურჯიბეკოვმა (1868-1905), დრამატურგებმა რ. ქოჩისოვამ (188-1910), დ. ყოროევმა (1890-1924).

ოსური ლიტერატურის ძირითადი რეალისტური მიმართულების გვერდით არსებობდა სხვა მიმდინარეობანიც. ა. ქოლიევი (1823-1866) წერდა რელიგიურ ლექსებს; ა. კუბალოვი (1871-1944) ხატავდა წარსულის მაიდეალიზებულ რომანტიკულ სურათებს, მისი პოეზიის თემა იყო ოსური ყოფის ეგზოტიკა, ეროვნული სულის მისტიკური საიდუმლოებანი; ა. თოქაევის სიმბოლისტურ ლექსებში პოეზია დაპირისპირებულია ცხოვრებასთან. მაგრამ ა, პოეტებისათვისაც არ იყო უცხო მშობლიური მხარის ბედი, სამართლიანობისა და თავისუფლების წყურვილი.

ახალი ლიტერატურის ფუძემდებლები გახდნენ რევოლუციური ბრძოლების უშუალო მონაწილე მწერლები. ცომაყ გადიათის (1882-1931) ჯერ კიდევ პირველი რესოლუციის დროს დაწერილ ლექსებსა და ბრიტიათის ტრაგედია „ამრანში“ (1913-1923) არის სოციალური რეალიზმის დამახასიათებელი ნიშნები. რევოლუციის ბრძოლისა და გარდაქმნების პათოსითაა გამსჭვალული ც. გადიათის, გ. ბარაყოვის (1891-1937), ს. ბაღარაევის (1888-1941), ა. კოცოთის, ნიგერის (ი. ჯანაევი, 1896-1947) და სხვათა შემოქმედება.

ახალი ტალღა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ოსური ლიტერატურის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მწერალთა კავშირის სამხრეთ ოსეთის განყოფილების ორგანომ „ფიდიუაგმა“ (1927) და სამხრეთ ოსეთის პროლეტარული მწერლების ასოციაციამ (1929-1934).

30-იანი წლების ოსური ლიტერატურაში წამყვანი გახდა სოციალური რეალიზმის მეთოდი. მთიელთა ცხოვრების განახლება, კოლექტივიზაციაზე გადასვლის დრამატიზმი, ახალი სოფელი აისახა ნიგერის შემოქმედებაში. აღსანიშნავია ს. ბაღარაევის სამოქალაქო ლექსები, ი. არნიგონის და გ. მალიევის ლექსების ნატიფი ლირიზმი. გმირული წარსული, სამოქალაქო ომის ამბები, სოციალისტური მშენებლობა არის ც. გადიათის, გ. ბარაყოვის, ჩ. ბეჯიზათის, ს. ყულაევის მოთხრობებისა, პიესებისა და ნარკვევების თემა.

მწერლობაში მოვიდნენ ბ. ბოციევი (1901-1944), ქ. ძესოვი (დ. 1905), ხ. ფლიევი (1908-1966), კოსტა ფარნიონი (1908-1937), მ. ყამბერდიევი (1909-1931), დ. მამსუროვი (1909-1966), გ. ყაითუყოვი (დ. 1911), თ. ბესაევი (1910-1981), ი. ხოზიევი (1916-1938) და სხვები.

20-30-იანი წლებიდან განვითარდა ეპიკური ჟანრები: პოემა (ნიგერის, მ. ყამბერდიევის, გ. ბარაყოვის, გ. მალიევის პოემები), რომანი (კ. ფარნიონის „ქარიშხლის ხმაური“, 1932; ბ. ბოციევის „დამსხვრეული ჯაჭვი“, 1935; დ. მამსუროვის „მძიმე ოპერაცია“, 1939). მეორე მსოფლიო ომის წლებში დაეცნენ ახალგაზრდა პოეტები მ. ქოჩისოვი (1920-1944), ხ. ქალოევი (1921-1943), გ. ხამიცოვი (1920-1941) და სხვები. ომის ტრაგიზმი და ჰეროიკა, საბჭოთა პერიოდი აისახა პოეტების ილია კავკაზაგის (ი. კაჩმახოვი), გიორგი ძუგაევის, გ. ფლიევის, (დ. 1913), გაფეზის (ფ. გაგლოითი), ი. ფლიევის (დ. 1913), ბ. მურთაზოვის (დ. 1917), დ. დარჩიევის (დ. 1911), ა. ცარუყაევის (დ. 1918), მ. ცირიხოვის (დ. 1919), კოსტა მარღიევის, რევაზ ასაევის, ნაფი ჯუსოითის, ი. ცხოვრებოვის (დ. 1925),, ა. ფუხაევის (დ. 1926), პროზაიკოსების ნ. გაგლოევის (დ. 1930), თ. ჯათიევის (დ. 1910), მ. ცაღარაევის (დ. 1916) და სხვების შემოქმედებაში.

XX საუკუნის მეორე ნახევარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი ნაწარმოებებით წარდგნენ: რევაზ ჩოჩიევი, ეზეთხან ურუიმაგოვა, ე. ბეკოევი (1909-1970), თ. ეფხიევი (1911-1958), დავით ჯიოევი, ნიგა (ნ. გალავანოვა), მ. გაბულოვი (დ. 1928), მ. გუჩმაზოვი (დ. 1930), თავიანთი კვალი დატოვეს ლიტერატურაში პოეტებმა მიხეილ ნართიკოევმა; გიორგი ბესთაუთიმ, ხ. ძაბოლოვმა (1931-1969). აღსანიშნავია დრამატურგების დ. თუაევის (1902-1964), ა. თოქაევის (დ. 1916), გ. ფლიევის, მუხტარ შავლოხოვის, ვ. გაგლოევის (დ. 1928) შემოქმედება. თამამად შემოდგეს ფეხი უახლეს მწერლობაში მ. ბულკათმა (დ. 1928), ი. ქოზაევმა (დ. 1929), გ. ბიწოევმა (დ. 1932), ლ. ხარებოვმა (დ. 1934), ნ. ბაყაევ,ა (1934), ზ. კაბისოვმა (დ. 1936), ა. ყოძათმა (დ. 1937), ი. მალიევ,ა (დ. 1938), გ. ყოდალაევმა (დ. 1938), რ. თედეთმა (დ. 1938), ხ. ალბორთიმ (დ. 1939), შ. ჯიკაევმა (დ. 1940), ს. მინდიაშვილმა (დ. 1940), კ. ხოდოვმა (დ. 1941), მ. ყიზიევმა (დ. 1949) და სხვებმა.

განვითარდა ლიტერატურული კრიტიკა და ლიტერატურათმცოდნეობა [გ. ბეკოევი, 1878-1937; ბ. ალბოროვი, 1886-1968; ა. თიბილოვი, 1887-1937; ვასილ აბაევი (დ. 1900), ს. ქოსირათი, 1900-1937; ხ. არდასენოვი, 1911-1968; ა. ხადარცევა (დ. 1920); ნ. ჯუსოითი, ს. მარზოევი (დ. 1927) და სხვები].

გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსურ ენაზე თარგმნილია მსოფლიო ლიტერატურის შედევრები. ოსი და ქართველი ხალხები საუკუნეთა მანძილზე ცხოვრობდნენ კეთილმეზობლურად, ერთობლივად იბრძოდნენ მომხვდურთა წინააღმდეგ და ქმნიდნენ მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლებს. ამ საფუძველზე ვითარდებოდა მათი ლიტერატურული ურთიერთობებიც. ამ ურთიერთობათა შორეული სათავეები ჯერ კიდევ ამირანისა და ამრანის მონათესავე ეპოსებიდან მოჩანს. ოსური ლიტერატურის ბევრმა გამოჩენილმა წარმომადგენელმა რუსეთსა და საქართველოს ცენტრებში მიიღეს განათლება, პირველი ოსური ხელნაწერი (1802) შესრულებულია ქართული გრაფიკით იოანე იალღუზიძის (ი. აღუზათის) მიერ. ქართული გრაფიკის საფუძველზეა შედგენილი აგრეთვე პირველი ოსური ანბანი (1812). ოსური ფოლკლორის ნიმუშები პირველად 1868 წელს გამოქვეყნდა; მასალები შეადგინეს დ. ჭონქაძემ და გ. ცორაევმა. ქართული თემატიკა და ლიტერატურული მოტივები ოსური ლიტერატურისთვის დასაბამიდანვე ახლობელი იყო. ი. იალღუზუძის პოემა „იალღუზიანი“ (გამოიცა 1885) ერთგვარად ვეფხისტყაოსნის პოეტურ ტრადიციებს ეყრდნობა. საქართველოს, მის ადამიანებს მიუძღვნა თავისი ნაწარმოებები ბევრმა ოსმა მწერალმა (ნ. ჯუსოითიმ, მუხტარ შავლოხოვმა, დ. ჯისოევმა, კავკაზაგმა, გაფეზმა, გ. ძუგაევმა და სხვებმა).

მკვიდრი ტრადიციები აქვს აგრეთვე ოსურ ენაზე ქართული ლიტერატურის ნიმუშების თარგმნას. ვეფხისტყაოსნის ნაწილი პირველად 1938 წელს ითარგმნა, დღეისათვის კი პოემის ორი სრული თარგმანი არსებობს (მუხტარ შავლოხოვის და გ. ბესთაუთის). ოსურ ენაზე თარგმნილია აგრეთვე ქართველი კლასიკოსების ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველიას, ნ. ბარათაშვილის, ა. ყაზბეგის, ე. ნინოშვილის, გ. ერისთავის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ი. აბაშიძის, კონსტანტინე ლორთქიფანიძის და სხვათა ნაწარმოებები.

ქართულ ენაზე თარგმნილია ოსური ლიტერატურის მრავალი ნიმუში, რომლებიც თავმოყრილია წიგნებში: გმირული თაობა, სტალინირი, 1948; სამშობლო (ლექსები), სტალინირი, 1947; კრებული სამხრეთ ოსეთის საბჭოთა მწერლების ნაწარმოებებისა, სტალინირი, 1946; თეთრი მწვერვალები. სამხრეთ ოსეთის მწერლების ლექსები და მოთხრობები, თბ., 1962; ოსური პოეზიის ანთოლოგია, თბ., 1957, ოსური მწერლობის ანთოლოგია, თბ., 2007 და ოს პოეტთა ცალკეულ კრებულებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოსური მწერლობის ანთოლოგია, თბ., 2007
  • ოსური ფოლკლორი, თბ., 2004
  • ოსური ზეპირსიტყვიერება, თბ., 2005 (მთარგმნელები: ბ. ბეპიევი, მ. ცხოვრებოვი)
  • ოსური თქმულებები, თბ., 2009
  • ძუცათი, ჰ-მ, ქსე, ტ. 7, გვ. 601-602, თბ., 1984