ნინო ორბელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ორბელიანი, ნინო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი.
ნინო ორბელიანი
დაბადების თარიღი 1838
გარდაცვალების თარიღი 1919
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ნინო სვიმონის ასული აბაშიძე ორბელიანისა (დ. 1838, ახალქალაქი — გ. 12 მარტი, 1919, თბილისი) — ქართველი პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქართლში სოფ. ახალქალაქში თავად თარხან-მოურავების ოჯახში. ერთხანს ცხოვრობდა ქუთაისში, 14 წლისა მიათხოვეს ქუთაისელ ევგენი მაისურაძეს რომელიც მალე გარდაიცვალა. მონაწილეობდა კულტურულ-სალიტერატურო ცხოვრებაში, თეატრალურ წარმოდგენებში. 1864 წელს მეორედ გათხოვდა გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორბელიანზე. 1870-იან წლებში ნინო უკვე თბილისშია და ნაყოფიერ ლიტერატურულ, თეატრალურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა. გამოირჩეოდა სილამაზით, ორატორული ნიჭით.

ნინო ორბელიანისადმი ლექსები აქვს მიძღვნილი ვ. იურკევიჩს („რუს-იმერელს“).

ნინო ორბელიანის ლექსზე დაწერილი სიმღერა ვანო სარაჯიშვილის შესრულებით.

45 წელი იღვაწა ქართულ პოეზიაში. ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა XIX საუკუნის 60-იან წლებში. მრავალი ლექსის ავტორია, გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ ერთი მცირე მოცულობის კრებული.

ნინო ორბელიანი იყო აკაკი წერეთლის ლირიკის მიმდევარი. სტილითა და ტონით ენათესავებოდა აგრეთვე გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას. მისი პოეზიისათვის ნიშანდობლივია სამშობლოს სიყვარული და ნათელი მომავლის იმედი.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ნინო უკიდურეს სიღატაკეში, უსახლკაროდ ცხოვრობდა. ყველასგან მივიწყებული, გარდაიცვალა 1919 წლის 12 მარტს თბილისში დავრდომილთა თავშესაფარში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 296, თბ., 1994