ოოლითი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოოლითების გროვა

ოოლითი (ბერძნ. ōon – კვერცხი და lithos – ქვა) — სფერული ან ელიფსოიდური ფორმის მინერალური წარმონაქმნი, რომელიც შედგება რკინის და მანგანუმის ჟანგეულებისაგან, სილიკატებისაგან, კარბონატებისაგან და სხვ. ოოლითი ზომით რამდენიმე მკმ-იდან 15-25 მმ-მდეა. 2-5 მმ-ზე მსხვილ ოოლითს პიზოლითი ეწოდება.

ჩვეულებრივ, ოოლითის ცენტრში მოთავსებულია ქვიშის მარცვალი ან რომელიმე ორგანიზმის კარბონატული ნიჟარის ნატეხი, რომლის გარშემო თანდათანობით ილექება ნივთიერება. ამის გამო ოოლითს კონცენტრულ-ნაჭუჭისებრი აგებულება აქვს. ოოლითი წარმოიქმნება ზღვის წყალში და თბილ წყაროებში კოლოიდური ან ბიოქიმიური პროცესების შედეგად.

ოოლითების სახით ხშირად გვხვდება კალციტი, არაგონიტი და სხვ.

ოოლითური წარმონაქმნები აქა-იქ გვხვდება საქართველოშიც. დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 10 მღვიმეშია მიკვლეული აღნიშნული წარმონაქმნი; ესენია: გუმის, მთისკალთის, მაანიკვარის, ჭაღის, ვახუშტი ბაგრატიონისა და სხვ. მღვიმეები.

ოოლითები

პირველად კავკასიაში ოოლითებსა და პიზოლითებს გუმის მღვიმის ბოლო დარბაზის კოროზიულ ორმოებში მიაკვლიეს.[1][2][3]

გუმას ოოლითები და პიზოლითები ზრდის პროცესშია.

დასავლეთ საქართველოს კირქვულ ზოლში ოოლითური მინერალების სიმდიდრით პირველ ადგილზეა ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრული, სადაც ეს მინერალები 145-150 მ სიღრმეზე ხალიჩებს ქმნიან.[4] აქ მინერალების რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს.

ოოლითები კარგად არის წარმოდგენილი ზემო ლიხნის მღვიმეში (აფხაზეთი). ამ კონგლომერატულ მღვიმეში მოიპოვება კლასიკური ოოლითები და პიზოლითები, რომლებსაც აქვთ ბურთისებრი ფორმა და ძალზე მკაფიო (სარკისებრი) ელვარება, რითაც მათ საგრძნობლად ჩამოუვარდება ყველა სხვა მღვიმეში მიკვლეული მინერალები.

ზემო ლიხნის ოოლითები საქართველოს სხვა მღვიმეებთან შედარებით განხვავდება ასევე იმით, რომ მათ ახასიათებთ იდეალური ტკეჩვადობა. ჩაქუჩის დარტყმით მინერალი ადვილად იპობა ცალკეულ სფერულ თხელ ფურცლებად და თანაც გაპობის ზედაპირზე მოელვარე სიბრტყეები ჩნდება. ოოლითური მინერალების ზრდა-განვითარების პირობების შესახებ სამამულო ლიტერატურაში საინტერესო ცნობებს გვაწვდიან დ. გრიგორიევი[5] და გ. მაქსიმოვიჩი.[6]

ეს მინერალები შეიძლება წარმოშვას როგორც გამდიანარე ნაკადმა, ისე წვეთებისა და ჭავლების ვარდნამ. პირველი გზით გაჩენილი ფორმები სიდიდითა და ნაირფეროვნებით აღემატება მეორეს. კალციტურ ოოლითებსა და პიზოლითებს კოლმორფულ მინერალებსაც უწოდებენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 538-539, თბ., 1984 წელი.
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966
  • ტინტილოზოვი ზ., მღვიმეებსა და უფსკრულებში, „ნაკადული“, თბ., 1964
  • Швецов М. С., Петрография осадочных пород. 3 изд., М., 1958

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ზ. ტინტილოზოვი, ზოგიერთი ახალი ცნობა დასავლეთ საქართველოს კარსტული მღვიმეების შესახებ. სპელეოლოგთა პირველი სამეცნიერო სესიის თეზისები, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა, თბ., 1960, გვ. 10-12
  2. ზ. ტინტილოზოვი, მღვიმეთა სამკაულები, ჟურნ. „მეცნიერება და ტექნიკა“, 1961, № 8, გვ. 19-22
  3. ზ. ტინტილოზოვი, კალციტური ოოლითები და პიზოლითებიაფხაზეთის მღვიმეებში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XXXI, № 1, 1963
  4. ზ. ტინტილოზოვი, გ. ჩანგაშვილი, ა. ოქროჯანაშვილი, არაბიკის კირქვული მასივის კარსტულ-სპელეოლოგიური თავისებურებანი, საქართველოს გეოგრაფიის პრობლემები (ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი), გამ. „მეცნიერება“, თბ., 1965, გვ. 60-83
  5. Григорьев Д. П. О генезисе натечных или метаколлоидных колломорфных агрегатов минералов, Зап, Всес. минерал. Общ-ва, ч.82, вып. 1, 1953
  6. Максимович Г. А. Основы карстоведения, т.1, Вопросы морфологии карста, спелеологии и гидрогеологии карста, Пермское книжное издателство, Пермь, 1963