ოლღა მოციქულთასწორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლღა მოციქულთასწორი

წმინდა მოციქულთასწორი ოლღამართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 11 ივლისი, ახალი სტილით - 24 ივლისი.

წმინდანი იზბორსკების დიდებული გვარის ჩამომავალი, კიევის დიდი მთავრის, იგორის მეუღლე იყო. ამ უკანასკნელის მკვლელობის (945) შემდეგ ტახტის მემკვიდრის, სვიატოსლავის მცირეწლოვანების გამო ხელისუფლების სადავეები ოლღას გადაეცა. მომავალი წმინდანი კერპთაყვანისმცემელთა გარემოცვაში იყო აღზრდილი, წარმართული ზნე-ჩვეულებანი ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომაც სასტიკად იძია შური მეუღლის მკვლელ დრევლიანებზე - მათი სამკვიდრებელი დაიპყრო, მოაოხრა და გადაწვა, ათასობით ადამიანი ამოჟლიტა, ბევრიც ტყვედ ჩაიგდო... ამის შემდეგ ოლღამ განამტკიცა ცენტრალიზებული ხელისუფლება, მოიარა, აღწერა და მაზრებად დაყო კიევის მიწები, პირველი საზღვრებიც დაუწესა ქვეყანას... იგი მართალი და გულმოწყალე მსაჯული იყო, უყვარდა გლახაკები, მოხუცები და დავრდომილები; ყველა მოსულს გულისხმიერებით უსმენდა, დაუზარლად ასრულებდა ყოველ სამართლიან სათხოვარს...

ამ დროს ქრისტიანული სარწმუნოება უკვე იწყებდა გავრცელებას კიევში. ქალაქში აღმართული იყო პირველი მართლმორწმუნე მთავრის - ასკოლდის მიერ აგებული წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, ღვთისმსახურება სლავურად აღესრულებოდა, არსებობდა სლავური სახარებაც... ოლღას მოსწონდა მართლმადიდებელთა ცხოვრების წესი, ბიზანტიის მაგალითზე იმასაც ხედავდა, რომ ხალხის სულიერებაში წარმატება ქვეყნის სიმტკიცის საწინდარი იყო, ამიტომაც საბერძნეთს მიაშურა ჭეშმარიტი სარწმუნოების გამოსაძიებლად. კონსტანტინოპოლში ოლღაზე დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანული საყდრების დიდებულებამ, ღვთისმსახურებასაც დაესწრო წმინდა სოფიასა და ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრებში... მისი გული გაიხსნა ქრისტესთვის და გადაწყვიტა, მონათლულიყო. წმინდა საიდუმლო კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა თეოფილაქტემ (933-956) აღასრულა, მიმრქმელი კი თავად იმპერატორი - კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (912-959) იყო. ახალნათელღებულს ელენე დაარქვეს წმინდა მოციქულთასწორი დედოფლის, კონსტანტინე დიდის დედის, ელენეს (ხს. 21 მაისს) პატივსაცემად. პატრიარქმა ასე დალოცა ნეტარი:

ვიკიციტატა
„კურთხეულ ხარ შენ, რამეთუ წყვდიადი დაუტევე და ნათელი შეიყვარე; შენს სახელს კურთხევით მოიგონებს შთამომავლობა!“

ოლღა დარჩა ბიზანტიაში და საფუძვლიანად გაეცნო ქრისტეს სჯულს. მან საეკლესიო ჭურჭელი, ხატები და პატრიარქისგან ნაბოძები, ცხოველმყოფელი ძელისგან გამოკვეთილი ჯვარი ჩაიტანა და რამდენიმე ხუცესიც გამოიყოლა.

მაცხოვრის სიყვარულით ღრმად განმსჭვალულმა დედოფალმა საოცრად კეთილმსახური ცხოვრება დაიწყო, მის სახელთანაა დაკავშირებული კიევის წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სოფიას, ვიტებსკის ხარების, ფსკოვის ყოვლადწმიდა სამების და სხვა მრავალი ტაძრის მშენებლობა. ნეტარს სურდა, მთელი სამთავრო გაენათლებინა ქრისტეს ნათლით, მაგრამ ეს მცდელობა ამაო გამოდგა: მისმა ძემ, სვიატოსლავმა ვერ მიიღო ჭეშმარიტება, აბობოქრდნენ სხვა წარმართი დიდებულებიც...

ოლღამ კერპთმსახურ შვილს დაუთმო ტახტი, თვითონ კი მხოლოდ კიევში მისი არყოფნის დროს განაგებდა სამთავროს. ერთხელ წმინდანი სვიატოსლავის ჩამოსვლამდე თვითონ ხელმძღვანელობდა კიეველთა ბრძოლას მომხდური პაჭანიკების წინააღმდეგ.

წმინდა ოლღა 969 წელს მიიცვალა. მისი უხრწნელი ნაწილები 989 წელს, სხვა წყაროებით კი - 1007 წელს იქნა აღმოყვანებული წმინდა ვლადიმირის მიერ. ნეტარის ნეშტი კიევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადააბრძანეს და ჩაასვენეს სარკოფაგში, რომელსაც მცირე სარკმელი ჰქონდა დატანებული. სარკმელი მხოლოდ ღვთისმოშიშებით მიახლებულთათვის იღებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში წმინდა ნაწილები დაიკარგა.

მართალია, ოლღამ ვერ შეძლო თავის ქვეყნის გაქრისტიანება, მაგრამ დიდი ღვაწლი გასწია ამ მოვლენის დასაჩქარებლად. ამიტომაც უწოდეს მოციქულთასწორი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.