ოლთაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოლთაკე, ოლთაკიკოლხეთის სამეფოს პონტოს დაქვემდებარებაში შემავალი პროვინციების მმართველი (ძვ.წ. I ს.). ძვ. წ. 65 წელს, როდესაც კოლხეთს რომაელი სარდალი გნეუს პომპეუსი თავისი ჯარით შემოესია, ოლთაკე მასთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ძვ. წ. 61 წელს პომპეუსმა იგი რომში, საკუთარ ტრიუმფში გაატარა. შემდეგ რომაელებმა ოლთაკე გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს. მოხსენიებული ჰყავს აპიანე ალექსანდიელს.

ოლთაკეს შესახებ საკმაოდ საყურადღებო წყაროები არსებობს იმავე პერიოდის ან მოგვიანო რომაელ თუ ბერძენ ავტორებში. მაგალითად სტრაბონი მითრიდატეს განსაკუთრებულ მიდგომაზე წერს, როცა იგი კოლხეთში გზავნიდა საკუთარი ახლო გარემოცვის წევრებს. იქნებოდა ეს ადგილობრივი თუ მოკავშირე სხვა ეროვნების ადამიანი. იგი წერს : “...მაგრამ მათი კეთილდღეობა(კოლხი სკეპტუხების) მცირე იყო. როდესაც მითრიდატე ევპატორის ხელისუფლება მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ქვეყანა დაექვემდებარა მის ბატონობას. მეფე მუდმივად გზავნიდა ვინმეს “მეგობრებიდან”, “მოადგილის” ან “გამგებლის” ხარისხით. ამ მმართველთა რიცხვში იყო მოაფერნე – დედაჩემის ბიძა, მამის მხრიდან. ამ ქვეყნიდან მეფე ღებულობდა ყველაზე მეტად დახმარებას თავისი ფლოტის აღსაჭურვად. მითრიდატეს ძლიერების დაცემის შემდეგ მთელი მისი სახელმწიფო დაიშალა და დანაწილდა მრავალ მმართველთა შორის. ბოლოს კოლხეთს დაეუფლა პოლემონი, მაგრამ ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ მართავდა მისი მეუღლე პითოდორიდა, რომელიც იყო კოლხების, ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის დედოფალი” (გეოგრაფია, X|, ||, 18) ნათელია, რომ ოლთაკე სტრაბონის ხაზგასმულ მითრიდატეს “მეგობართა” ვიწრო წრეში შედიოდა და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა. ამ აზრს ამყარებს მეორე საკმაოდ ვრცელი წყარო ლუკულუსის "ბიოგრაფიაში". პლუტარქე მოგვითხრობს ოლთაკეს განსაკუთრებულ თვისებებზე და გავლენაზე: " “მითრიდატეს ბანაკში დანდარიების ერთი ბელადი იყო, სახელად ოლთაკე. დანდარიები ერთ-ერთი ტომია იმ ბარბაროსთა, რომლებიც მეოტისის ტბის სანაპიროზე ცხოვრობდნენ. ეს ოლთაკე ყოველგვარ საომარ საქმეში გამოირჩეოდა ღონითა და მამაცობით. მნიშვნელოვან ამბავთა განსჯის დროს მახვილ გონებას ამჟღავნებდა. სხვებთან ურთიერთობაში კი ფრიად ალერსიანი და თავაზიანი კაცი იყო. ოღონდაც მუდამ უთანხმოება და მეტოქეობა ჰქონდა პირველობის გულისათვის ერთ-ერთ თანამემამულე მთავართან. აი ამის გამო ოლთაკემ მითრიდატეს დიდი საქმის შესრულება აღუთქვა: ლუკულუსის მოკვლას დაპირდა. მეფემ ეს მოიწონა და ოლთაკეს განგებ შეურაცხყოფა მიაყენა, რათა მისი მოჩვენებითი რისხვა გამოეწვია. ვითომ ნაწყენი ოლთაკე ცხენზე შეჯდა და ლუკულუსთან გაიქცა.

ლუკულუსმა იგი გულთბილად მიიღო, ვინაიდან რომაელთა ბანაკში დიდად ჰქონდა სახელი განთქმული. მცირე ხნის გამოცდის შემდეგ ლუკულუსი ისე მოიხიბლა ოლთაკეს საზრიანობით და გულისხმიერებით, რომ ხანდახან მასთან ერთად სადილობდა და ბჭობდა კიდევაც” (პლუტარქე, ლუკულუსი, 16).

როგორც ჩანს სწორედ ამ თვისებებმა განაპირობა დამარცხებული მოხუცი მეფის მთრიდატის მიერ ამ კოლხებისათვის უცხო თუმცა მისთვის სანდო და ომებში გამოცდილი მეგობრის დდატოვება პონტოს სამეფოს უკანასკნელ ბასტიონში, რომელსაც დროებით მაინც უნდა შეეკავებინა რომაელთა წინსვლა. ის ფაქტი, რომ ანტიკური ავტორები კოლხეთში მკვეთრ საომარ ბატალიებს არ მიუთითებენ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოლთაკე მტერს უბრძოლველად დანებდა. ასე რომ მომხდარიყო, ოლთაკე პომპეუსის ტრიუმფზე უმაღლესი რანგის ტყვეთა შორის არ მოხვდებოდა. აპიანე რიგითი გამგებლის სახელს, ხაზგასმით არ მოიხსენიებდა აზიის დატყვევებულ მეფეთა გვერდით. პომპეუსის ტრიუმფზე მხოლოდ მეფეები იყვნენ საკუთარი სახელით დასახელებული. მათ შორის იყო ოლთაკე. იგი რომაელებს წინ აღუდგა, როგორც პონტოს უკანასკნელი სამხედრო ნარჩენების წინამძღოლი და ტყვეობაში მოხვდა გვირგვინოსნის სრული რეგალიებით აღჭურვილი. საპატიო ტყვეთა ჩამონათვალში შესული მისი სახელი მეტყველებს იმაზე, რომ რომაელები ოლთაკეს განიხილავდნენ კოლხეთის მეფედ, დამტკიცებულს მითრიდატე ევპატორის მიერ.

ოლთაკე ძვ.წ. 61 წელს ჩამოატარეს რომში სხვა მეფე მთავრებთან ერთად როგორც ტყვე. შემდეგ პომპეუსმა მათი უმრავლესობა საკუთარი ხარჯებით საკუთარ სამშობლოში დააბრუნა. თუმცა ოლთაკეს პოპულარობა კოლხთა შორის უმნიშვნელო იქნებოდა. ამ კუთხით, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა რომაული ორიენტაციის კოლხი დიდებული არისტარქე. ამის გამო მას მოუწევდა დაბრუნება დანდარიების ტომში, მდ. ყუბანისა და აზოვის ზღვის სანაპიროებზე.

ოლთაკეს დატყვევებით რომაელებმა დაამთავრეს მითრიდატეს მომხრეთა განადგურება. ოლთაკე იყო უკანასკნელი მეომარი, რომელიც მითრიდატეს სახით იბრძოდა. ამიტომაც მიანიჭა გამარჯვებულმა პომპეუსმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მის პიროვნებას და კოლხეთის “გამგებელი” ჩარიცხა უმაღლესი რანგის ტყვეთა სიაში.

ოლთაკეს შემდგომი მოღვაწეობის და სიკვდილის შესახებ აღარაფერია ცნობილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]