ოკამის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოკამის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში, სოფლის განაპირას ჩრდილოეთით, თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (12 X 7,6 მ), ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით, კონსტრუქციის ნაწილებში (კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, კარ-სარკმლის წირთხლები, ლავგარდანი) და ფასადების დეკორატიულ ელემენტებში გამოყენებულია აგური. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს - სამხრეთით და დასავლეთით (ამოქოლილია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, გვერდებზე - თითო თაღოვანი ნიში. დარბაზის გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. გრძივი კედლების ორ წყვილ მარტივ პილასტრს ოდნავ შეისრული საბჯენი თაღები ეყრდნობა. შეისრულია კამარაც.

აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე სამ-სამი თაღოვანი შეღრმავებაა, მათ შორის შუა გვერდითებს აღემატება, მის ზედა ნაწილში აგურის წყობით შეღრმავებული ჯვარია გამოყვანილი. ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე სწორკუთხა შეღრმავებებია. ეკლესიას კბილანა ლავგარდანი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]