ოდიში (ტელეკომპანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოდიში.
ოდიში
ტელე-რადიო კომპანია „ოდიში“
ქვეყანა საქართველო
მაუწყებლობის ზონა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
დაფუძნდა 1989
დამფუძნებელი გრიგოლ ქობალია
ალექსანდრე ქობალია
ლევან ქობალია
ხელმძღვანელ(ებ)ი დავით გრიგოლია
(გენერალური დირექტორი)
საიტი ბმული

ოდიში — რეგიონული ტელეკომპანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ქალაქ ზუგდიდში. ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაფარვის ზონაში შედის სამეგრელოს რეგიონი, ნაწილობრივ სვანეთი და აფხაზეთი. ჰყავს დაახლოებით 300 000-იანი პოტენციური აუდიტორია.

ტელეკომპანია „ოდიში“ როგორც პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია 1989 წელს ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ოდიში საკაბელო ტელევიზია იყო, ხოლო 1991 წლიდან გადავიდა დეციმეტრულ მაუწყებლობაზე. თავიდან ტელეკომპანიის პროგრამა შედგებოდა ადგილობრივი საინფორმაციო გადაცემებისა და ფილმებისგან. 1995 წლიდან ტელეკომპანია საქართველოს სატელევიზიო ქსელში შედის. „ოდიშის“ ეთერში სხვადასხვა დროს გადიოდა ახალგაზრდული გასართობი პროგრამა „ახალგაზრდული ტალღა“, ლიტერატურულ–შემეცნებითი გადაცემები „ანტურაჟი“ და „აპეირონი“, მუსიკალურ-გასართობი პროგრამები და გათამაშებები პირდაპირ ეთერში. პირველ საინფორმაციო გადაცემას ერქვა „ციონი“, ხოლო 2004 წლიდან მისი სახელწოდებაა „დრო“. 1995 წლიდან ტელეკომპანიამ დაიწყო გადაცემის ტრანსლაცია რუბრიკით „დიალოგი პირდაპირ ეთერში“, იმართებოდა ტელედებატები და მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ტელეფონის მეშვეობით დაესვა შეკითხვები ადგილობრივი კანდიდატებისთვის. ტელეკომპანია პროექტს ფონდ „ევრაზიის“ დაფინანსებით ახორციელებდა. ტელეკომპანია „ოდიში“ თანამშრომლობს მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლესთან და ამზადებს ერთობლივ გადაცემებს, კერძოდ, ახალგაზრდულ და საბავშვო–მუსიკალურ პორგრამებს.

ტელეკომპანიის გადაცემათა ბადე მოიცავს საინფორმაციო პროგრამა „დროს“, ყოველკვირულ შემაჯამებელ–ანალიტიკურ პროგრამას „ინფო–დაიჯესტი“, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა–კურთხევით მომზადებულ საეკლესიო გადაცემას „ქრისტეს გზა“, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების პოპულარიზაციას, ასევე გადის გადაცემა „საუბრები მართმადიდებლობაზე“. საეთერო ბადე ივსება სხვადასხვა ჟანრის მხატვრული და დოკუმენტური ფილმებით. ტელეკომპანია „ოდიში“ აქტიურად თანამშრომლობს დამოუკიდებელ ტელეკომპანიათა ასოციაციასთან, რომლის სრულუფლებიანი წევრიც არის. „ოდიშის“ ეთერში ყოველდღიურად გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ აფხაზურ ენაზე, ასევე დამოუკიდებელ ტელეკომპანიათა ასაციაციის მიერ ერთობლივად მომზადებული გადაცემა „მრავალკუთხედი“, რომელიც ყველა რეგიონის მნიშვნელოვან და საინტერესო მოვლენებს აშუქებს.

ტელეკომპანიის დამფუძნებლები არიან გრიგოლ ქობალია, ალექსანდრე და ლევან ქობალიები. 2004-2008 წლებში მას ხელმძღვანელობდა მინჯორაია. 2008 წლიდან დირექტორია დავით გრიგოლია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]