ნიუ-პროვიდენსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიუ-პროვიდენსი
მშობ. სახელი: New Providence

კუნძულის მდებარეობა
გეოგრაფია
ნიუ-პროვიდენსი — ბაჰამის კუნძულები
ნიუ-პროვიდენსი
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები 25°02′ ჩ. გ. 77°24′ დ. გ. / 25.033° ჩ. გ. 77.400° დ. გ. / 25.033; -77.400
ფართობი 207 კმ² (2)
სიგრძე 34 კმ
სიგანე 11 კმ
ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები
უდიდესი ქალაქი ნასაუ
დემოგრაფია
მოსახლეობა 248 948 (2010)
სიმჭიდროვე 1 594 /კმ²
ეთნიკური ჯგუფები აფრიკელები 85%, ევროპელები 12%, აზიელები და ესპანელები 3%
ნასაუს ბრძოლის მხატვრული გამოსახულება

ნიუ-პროვიდენსი (ინგლ. New Providence) — ბაჰამის კუნძულების ყველაზე ხალხმრავალი კუნძული, რომელზეც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 70%-ზე მეტი ცხოვრობს.[1] ამავე კუნძულზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი ნასაუ.[2] მას შემდეგ, რაც ქრისტეფორე კოლუმბმა ახალი მსოფლიო აღმოაჩინა, კუნძული ესპანეთის მმართველობის ქვეშ იყო, მაგრამ ესპანეთი ნიუ-პროვიდენსის განვითარების ნაკლებ ინტერესს იჩენდა (ისევე როგორც მთლიანად ბაჰამის).[3] უდიდესი ქალაქი ნასაუ წარსულში ჩარლზ-ტაუნის სახლით იყო ცნობილი. 1695 წელს მას სახელი შეუცვალა და ნასაუ უწოდა ყველაზე წარმატებულმა ლორდ-მესაკუთრე ნიკოლას ტროტმა, ორან-ნასაუს დინასტიის პრინცის პატივსაცემად, რომელიც შემდეგ დიდი ბრიტანეთის მეფე უილიამ III გახდა. ამჟამად, ბაჰამის კუნძულების ხელისუფლების სამი შტო — აღმასრულებელი, საკანონმებლო და სასამართლო, სწორედ ნიუ-პროვიდენსზეა განთავსებული. კუნძული ქვეყნის მთავარი კომერციული კვანძია. აქვე ფუნქციონირებს 400-მდე ბანკი და სადაზღვევო კომპანია, მისი პოეტი და სასტუმროები კი თავისუფლად ჰყოფნის იმ ოთხ მილიონ ტურისტს, რომლებიც ყოველწლიურად ბაჰამის კუნძულებს სტუმრობენ. კუნძულის სხვა მნიშვნელოვანი დასახლებებია გრანტს-ტაუნი, ბაინ-ტაუნი, ფოქს-ჰილი, ადელაიდე, იამაკრაუ, საუთ-ბიჩი, კორალ-ჰარბორი, ლი-ფორდ-კეი, პარადაის-აილენდი, სი-ბრიზი, კეიბლ-ბიჩი, დეპორტი, გამიერი და ლავ-ბიჩი.[4]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი „ნიუ-პროვიდენსი“ მომდინარეობს XVI საუკუნიდან, როდესაც გემის ჩაძირვისას გადარჩენილმა გუბერნატორმა კუნძულს „ღვთის განგების“ სამადლობლად ეს სახელი უწოდა (ინგლ. Providence - განგება). შემდეგში სახელს მიემატა „ნიუ“, რათა ის გაერჩიათ ბრიტანეთის ჰონდურასის სანაპიროსთან (ამჟამად ბელიზი) მდებარე პატარა კუნძულისგან, რომელიც მეკობრეების განკარგულებაში იყო.[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1670 წლის შემდეგ, ბერმუდელი მარილის შემგროვებლები, რომლებიც ზღვის მარილს აგროვებდნენ კუნძულ გრანდ-ტურკსა და ინაგუაზე, ნიუ-პროვიდენსის მუდმივი სტუმრებიც გახდნენ. ევროპელებმა პირველად კუნძულ ელიუთერის ოკუპაცია მოახდინეს, სულ მოკლე ხანში კი ნიუ-პროვიდენსის.

იმის გამო, რომ ნიუ-პროვიდენსის ნავმისადგომი ფლორიდის სრუტესთან ახლოს იყო, სულ მალე ის მეკობრეთათვის მიმზიდველი ადგილი გახდა, რომლებიც თავს ესხმოდნენ ესპანეთისკენ მიმავალ ოქრო-ვერცხლითა და სხვა ავლადიდებით დატვირთულ გემებს. მეკობრეობამ აქ ზენიტს 1715 - 1725 წლებში მიაღწია, რის შემდეგაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ ოფიციალური კოლონია და სამხედრო შტაბი შექმნა, რომელიც ნავმისადგომთან მდებარე პატარა ქალაქ ნასაუში განთავსდა. ოთხთა ალიანსის ომის (1718–1720) დროს, ნასაუზე იერიში მიიტანეს ესპანელთა ძალებმა, თუმცა ქალაქის დაცვა წარმატებით განახორციელა ადგილობრივმა მილიციამ.

1776 წლის თებერვალში, ამერიკელმა ესეკ ჰოპკინზმა ბრიტანეთის კუთვნილ კუნძულზე შვიდი გემისგან შემდგარი ესკადრით რეიდის მოწყობა სცადა. 3 და 4 მარტს მომხდარი მოვლენებისას, რაც ნასაუს ბრძოლის სახელითაა ცნობილი, ჰოპკინზმა განახორციელა პირველი ამფიბუირი იერიში ამერიკის სამხედრო ძალებით, რომელიც 250 მეზღვაურისგან შედგებოდა. ხომალდ USS Providence (1775)-დან და USS Hornet (1775)-დან გახსნილი ყოველმხრივი ცეცხლით თავდამსხმელებმა ფორტ-მონტაგი წალეკეს. ბრიტანელებმა უკან დაიხიეს და სახმელეთო ძალებმა ფარ-ხმალი დაყარეს. ამერიკელებმა მწყობრში მოიყვანეს 88 ზარბაზანი და 15 ნაღმმტყორცნი, მაგრამ თოფის წამლის დიდი ნაწილი გამოელიათ. ჰოპკინზმა ნადავლით დატვირთული გემები სამშობლოსკენ გაგზავნა.

ამერიკის რევოლუციის შემდეგ, ნიუ-პროვიდენსსა და მიმდებარე კუნძულებზე ათასობით ლოიალისტი გადმოსახლდა თავიანთ მონებთან ერთად, იმედოვნებდნენ რა, რომ პლანტაციურ მეურნეობებს გააშნეებდნენ. მშრალმა ნიადგამა და ნალექების მცირე რაოდენობამ მათი ეს გეგმები ჩაშალა და XIX საუკუნის დასაწყისისათვის ბაჰამის არქიპელაგი უკაცრიელად იქცა. მიუხედავად ამისა, კუნძულებზე გრძელდებოდა მარილის შეგროვება, თუმცა ნიუ-პროვიდენსი ერთადერთ კუნძულად რჩებოდა, რომელიც მოკლებული იყო ყპველგვარ განვითარებას, რაც უპირველესად ვრცელი ბრიტანული სამხედრო დაწესებულებით იყო გამოწვეული. ციხესიმაგრე ნელ-ნელა იშლებოდა და 1850 წლისათვის ის საბოლოოდ მიატოვეს. ნიუ-პროვიდენსს ეკონომიკური წარმატების ორი პერიოდი ჰქონდა, ერთი — ამერიკის რევოლუციისას და მეორე — მშრალი კანონის დროს, როდესაც ის კონტრაბანდის ცენტრი იყო.

1960 წლიდან ნიუ-პროვიდენსი ამერიკელთა საყვარელი ადგილი გახდა დასვენების გასატარებლად, მრავალი ტურისტული შესაძლებლობით. მათ შორისაა ღრმა ნავსადგური ხანმოკლე ვიზიტის საკრუიზო გემებისთვის და სასტუმროები აზარტული თამაშების შესაძლებლობით. 300 000 ბაჰამელის ორი მესამედი ნიუ-პროვიდენსზე ცხოვრობს, თუმცა ეს პროპორცია გარკვეულწილად დაირღვა კუნძულ დიდ ბაჰამაზე მდებარე ქალაქ ფრიპორტის განვითარების ხარჯზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://archive.today/20121117100016/http://www.blurtit.com/q702844.html Seventy percent of the Bahamas population lives on New Providence
  2. https://archive.today/20121117100016/www.blurtit.com/q702844.html Nassau, the capital city is located on New Providence island
  3. Bruce Taylor. (September 1997) Review of Johnson, Howard, The Bahamas From Slavery to Servitude, 1783-1933.. H-Lat Am, H-Net Reviews..
  4. „NEW PROVIDENCE“. Government of the Bahamas. |first=-ს აკლია |last= (დახმარება)
  5. John Everett-Heath. New Providence Island. Encyclopedia.com. ციტირების თარიღი: September 10, 2011.