გოგუცა კუპრაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნინო კუპრაშვილი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კუპრაშვილი.
გოგუცა კუპრაშვილი

1912 წელი, სოფელი ალპანა, აკაკის ხელში უჭირავს მომავალი მსახიობი გოგუცა კუპრაშვილი
დაბადების სახელი ნინო კუპრაშვილი
დაბადების თარიღი 15 აპრილი, 1908
ცაგერი
გარდაცვალების თარიღი 21 სექტემბერი, 1983 (75 წლის)
საქმიანობა მსახიობი

ნინო (გოგუცა) ნიკოლოზის ასული კუპრაშვილი (დ. 15 აპრილი, 1908, ცაგერი — გ. 21 სექტემბერი, 1983, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1955).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატარა გოგუცამ საყოველთაო ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას, მას ლექსი წაუკითხა სოფელ ალპანაში საზეიმო დახვედრის დროს, 1912 წლის 21 ივლისს. გოგუცას არტისტულობით პოეტი მოიხიბლა და მასთან სურათის გადაღება მოინდომა. გოგუცა იხსენებს: „...მე მხოლოდ ის მიკვირს, რომ ასეთ დიდი საზეიმო შეკრება არასოდეს მენახა და როგორ არ დავიბენი. გაბედულად წავდექი წინ და მისივე ლექსი წავიკითხე. აკაკიმ აქეთ-იქით დამიწყო ძებნა, რადგან ხმა ესმოდა, მე კი არსად ვჩანდი…“

თეატრალური საქმიანობაში ბავშვობის ასაკიდანვე, 7-8 წლისა ჩაერთო. 1924 წელს დაამთავრა ჰუმანიტარული სკოლა ქუთაისში და სწავლა განაგრძო თბილისის კონსერვატორიაში ე. წ. დრამატულ ფაკულტეტზე, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ კოტე მარჯანიშვილი და აკაკი ფაღავა. ჯერ კიდევ სწავლისას, 1926 წელს, მარჯანიშვილმა იგი რუსთაველის თეატრში მიიწვია. 1927 წელს გადავიდა მუშათა თეატრში, ხოლო 1928 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი და წამყვანი მსახიობი იყო.

ოცდაათი წელი იღვაწა გოგუცა კუპრაშვილმა ამ სცენაზე და თავისი ნიჭითა და მონდომებით აღზარდა მაყურებლის რამდენიმე თაობა. მან შექმნა ბიჭუნების (ე. წ. ტრავერსი) დაუვიწყარი სახეები მოზარდის სცენაზე: თავისუფლების მოტრფიალე ინგლისელი ჯონი („რობინ ჰუდი“), დოყლაპია ვახუშტი („ნაცარქექია“), დაბეჩავებული გიქორი („გიქორი“), ხულიგანი ნუკა („აურიე რგოლი“), მხიარული რუსი ბიჭი გრიშუტკა („კიკვიძე“) და სხვა.

არანაკლებ მომხიბლავი იყო მსახიობი გოგონებისა და ქალების როლებში: ზანგი ბეკი („ალმასის საბადოები“), წუნია გასათხოვარი („კომბლე“), ცელქი კატო („ქაჯანა“), მოხუცი ძიძა („რომეო და ჯულიეტა“) და სხვა.

გოგუცა კუპრაშვილი თანაბარი წარმატებით ასრულებდა, როგორც დრამატულ და ტრაგიკულ, ისე ლირიკულ-კომედიურ როლებს. ქართველი ახალგაზრდობის ამ უსაყვარლესმა მსახიობმა, მთელი ნათელი ცხოვრება ჩვენი მომავალი თაობის სულიერი აღზრდა-ჩამოყალიბებას შეალია.

დაქორწინებული იყო რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტზე, მომღერალსა და მსახიობ ვალიკო ძაგნიძეზე, რომელიც იყო წევრი ცნობილი მუსიკალური დუეტის — ძაგნიძე და ჩხიკვაძე.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „რობინ ჰუდი“ (თავისუფლების მოტრფიალე ინგლისელი ჯონი)
  • „ნაცარქექია“ (დოყლაპია ვახუშტი)
  • „გიქორი“ (დაბეჩავებული გიქორი)
  • „აურიე რგოლი“ (ხულიგანი ნუკა)
  • „კიკვიძე“ (მხიარული რუსი ბიჭი გრიშუტკა)
  • „ალმასის საბადოები“ (ზანგი ბეკი)
  • „კომბლე“ (წუნია გასათხოვარი)
  • „ქაჯანა“ (ცელქი კატო)
  • „რომეო და ჯულიეტა“ (მოხუცი ძიძა)

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 226, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]