ნიკოლოზ ხიზანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიზანიშვილი.

ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილი, ურბნელი ნიკო (დ. 20 სექტემბერი, 1851, მაღრანდვალეთი — გ. 28 დეკემბერი, 1906, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მღრანდვალეთში, სადაც მისი მამა თადეოზი მსახურობდა მღვდლად. ბავშვობა გაატარა სოფელ ცერონისში. მეგობრობდა სოფელ ავლევში მიხეილ ამირეჯიბის ოჯახთან. ჯერ სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, 1870 წელს კი დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1871-1876 წლებში სწავლობდა ოდესაში ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე. მუშაობდა გამომძიებლად ზანგეზურში და სურამში. 1879-1887 წლებში მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა ცხინვალსა და თიანეთში. თიანეთში მუშაობის დროს შეაგროვა და 1887 წელს „ივერიაში“ გამოსცა ფშავური და ხევსურული ლექსები. მომრიგებელი მოსამართლის მოადგილედ თბილისში.

პირველი წერილი „დროებაში“ გამოაქვეყნა 1879 წელს. 1882 წელს თანამშრომოობდა „იმედთან“. 1883 წელს დაიწყო ხშირი თანამშრლობა „დროებასთან“. 1885 წელს „დროებაში“ გამოაქვეყნდა „ძველი ქართული ოჯახი“. 1886 წელს დაიწყო მუდმივი თანამშრომლობა „ივერიაში“

ხიზანაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი დარგი ქართული სამართლის ისტორია იყო. ამ დარგის სპეციალური კვლევა-ძიება პირველად ხიზანაშვილმა დაიწყო. ძველი ქართული სამართლის უმნიშვნელოვანესი საკითხებისადმი მიძღვნილ მონოგრაფიებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 2 ნაშრომი:„ათაბაგნი ბექა და აღბუღა და მათი სამართალი“ და „ძეგლისდება მეფე გიორგი ბრწყინვალესი“. ხიზანაშვილმა საფუძვლიანად შეისწავლა ქართული ჩვეულებითი სამართალი და ოსტატურად გამოიყენა იგი საკანონმდებლ ძეგლებით გათვალისწინებული ინსტიტუტების ისტორიის გამოსაკვლევად. ხიზანაშვილის იურიდიულ ნაშრომებს ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს ქართული სამართლის ისტორიის მეცნიერებისათვის.

ხიზანაშვილისთვის, როგორ ისტორიის მკვლევრისათვის, დამახასიათებელია ისტორიული წყაროებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება. მონოგრაფიაში „მეფე დავით აღმაშენებელი და მისი დრო“ (ტფ. 1894) დაწვრილებითაა განხილული დავით აღმაშენებლის ეპოქა, მეცნიერულადაა დასაბუთებული დავით აღმაშენებლის დამსახურება და მის მიერ გატარებულ რეფორმათა დადებითი შედეგები. ნაშრომში „გიორგი ბრწყინვალე, მეფე საქართველოსი“ (ტფ. 1890) მან პირველმა შეაფასა სწორად მონღოლთა ბატონობის უარყოფითი შედეგი დაპყრობილი ხალხების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ განვითარებაზე; დამაჯერებლად ახსნა ომებში მონღოლთა წარმატების საიდუმლო და სწორად შეაფასა მეფე გიორგის პოლიტიკური ალღო და მისი დიპლომატიური ურთიერთობა მონღოლებთან. ხიზანაშვილმა დიდი ყურადღება მიაქცია ეთნოგრაფიის სინამდვილის შესწავლას. აღწერა ხევისბერობა, დასტური, შულტა, თემობა, ქადაგი, მესულთანი, ბოსლობა, ოჯახობა, ქორწილი, მეშაბათეები, დაკრძალვა, სიცოცხლით დამარხვა, სულის ცხენი, ჭირის წყენა, წილბერკვა, პირის ჭერა, ყაბახი, დოღი და სხვა.

ხიზანაშვილს ეკუთვნის მრავალმხრივ საინტერესო პუბლიცისტური წერილები („ჩვენი ცხოვრების ევოლუცია“, „გუჯრები ა. ხახანაშვილისა“, „ეხლანდელი სამწერლო ენა“, „კრწანისის ბრძოლა“, „ლიტერატურული მიმოხილვა“, „ქართული ენის შემოღების გამო“, „ეკონომიკა თუ აგრონომია“, „საფუძვლები სახალხო განათლებისა“, „ძველი და ახალი თაობა“ და სხვა). სასიკვდილოდ დაჭრეს თბილისში 1906 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნადირაძე გ., ნიკოლოზ ურბნელი — საქართველოს ისტორიის მკვლევარი, თბ., 1973;
  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 6, თბ., 1982;
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 415, თბ., 1994