ნიკოლოზ ღოღობერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღოღობერიძე.
ნიკოლოზ ღოღობერიძე

ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე (დ. 29 აპრილი, 1838, ქუთაისი — გ. 27 მარტი, 1911, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი, მეწარმე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზი იყო მეორე ვაჟი ბესარიონ ღოღობერიძისა. ნიკოლოზმა პირველდაწყებითი განატლება მიიღო სახლში, დედისგან, რომელიც ცხრა წლის ასაკში ადრე გარდაეცვალა. ნიკოლოზი მიაბარეს ქუთაისის სასწავლებელში და მალე გადაიყვანეს თბილისის გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1857 წელს. თბილისში ის ცხოვრობდა იმ დროს განთქმულ დავუს პანსიონში, სადაც მისი აღმზრდელი იყო ცნობილი ისტორიკოსი ლ. ზაგურსკი. გიმნაზიის კურსის დამთავრების შემდეგ, შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში აქტიურად მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებულ პატრიოტულ წრეში, აგრეთვე მეგობრობდა შემდეგში ცნობილ რუს მოღვაწეებთან: ნ. დობროლუბოვთან, ნ. პანტელეევთან, დ. ხოროშევსკისთან და სხვა.

1861 წელს წარმატებით დაამთავრა საუნივერსიტეტო კურსი და საპროფესოროდაც ამზადებდნენ, მაგრამ მშობლიური ხალხის სამსახური არჩია და საქართველოში დაბრუნდა — გეოგრაფიასა და ლათინურს ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში. სამი წლის შემდეგ ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად დაინიშნა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად. ამავე ხანებში ბაქრაძესთან, სტეფანე მელიქიშვილსა და ვახტანგ თულაშვილთან ერთად თბილისში დააარსა ქართული სტამბა, სადაც ბეჭდავენ ქართულ წიგნებსა და ჟურნალ გაზეთებს. მათვე გამოსცეს გაზეთი „დროება“, რომლის შრიფტი სპეციალურად ვენიდან გამოიწერეს.

1868 წლის 19 თებერვლიდან ღოღობერიძე მუშაობა დაიწყო სასამართლო სისტემაში. ის დაინიშნა ჯერ მომრიგებელ მოსამართლის თანაშემწედ ტფილისის მაზრაში, შემდეგ ქუთაისის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ, ბოლოს კი ქუთაისის ოლქის სასამართლო კოლეგიის წევრად. ერთი პერიოდი მუშაობდა ნაფიც ვექილად, მაგრამ მალე ისევ სასამართლოში დაბრუნდა და დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს უფროს ნოტარიუსად. მამამისის გარდაცვალების შემდეგ იყო ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი. ქუთაისში ყოფნისას ღოღობერიძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო ქუთაიუსის საქალაქო თვითმმართველობის შემოღების საქმეში, მონაწილეობა მიიღო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის დაარსებაში ქუთაისიდან ღოღობერიძე გადავიდა საკუთარ მამულში, რგანში ჩაება მანგანუმის მოპოება-დამუშავების საქმეში. მან მანგანუმის მოპოვება დაიწყო 3 ათასი მანეთით, ხოლო 11 წლის განმავლობაში 100 ათასი მანეთის ქონება შეიძინა. 66 ათასი მანეთი ანდერძად დაუტოვა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებებს.

გარდაიცვალა 1911 წელს ტფილისში, სასტუმრო „ორიანტში“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნადირაძე, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 598.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 352, თბ., 1994
  • ჭიჭინაძე, ზ., ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე და ქართული სტამბა 1627-1913, ტფილისი, 1913
  • ნიკოლოზ ღოღობერიძე // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 12-20.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]