ნიკოლაი ჰარტმანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლაი ჰარტმანი (გერმ. Nicolai Hartmann) (დ. 20 თებერვალი, 1882, რიგა ― გ. 9 ოქტომბერი, 1950, გეტინგენი), გერმანელი ფილოსოფოსი, კრიტიკული ონტოლოგიის ფუძემდებელი. 1920-1945 მარბურგის, კელნის, ბერლინისა და გეტინგენის უნივერსიტეტების პროფესორია.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჰარტმანი ჯერ პ. ნატორპის მოწაფე იყო და მარბურგის სკოლის ნეოკანტიანელთა პოზიციებს იცავდა ("არსის პლატონისეულ ლოგიკა", 1909, "მათემატიკის ფილოსოფიური საფუძვლები პროკლესთან", 1909), შემდეგ კი ე. ჰუსერლის გავლენით დაიწყო გნოსეოლოგიის საზღვრების გადალახვა და "თვით საგნებისაკენ" სვლა. ჰარტმანი მოითხოვს კვლევის დამყარებას მეტაფიზიკის მინიმუმზე, იდეალიზმისა და რეალიზმზე მაღლა დგომისა და თვალსაზრისამდელ პოზიციებზე, გვთავაზობს ობიექტური იდეალიზმის, როგორც ღია სისტემის, საკუთარ გაგებას ("შემეცნების მეტაფიზიკის ძირითადი ნიშნები", 1921), რომელიც შემდგომში განახორციელა დიდ ფაქტობრის მასალასა და ტრადიციის ათვისებაზე ("გერმანული იდეალიზმის ფილოსოფია", ტ. 1, 1923, ტ. 2, 1929) დამყარებით. ეს სისტემა წარმოადგინა შრომებში: "გონითი არსის პრობლემა" (1933), "ონტოლოგიის დაფუძნებისათვის" (1935), "შესაძლებლობა და სინამდვილე" (1938), "რეალური სამყაროს აგებულება" (1940), "ბუნების ფილოსოფია" (1950); აღსანიშნავია აგრეთვე "ეთიკა", რომელიც მ. შელერის გავლენითაა დაწერილი (1926) და უკანასკნელი შრომა "ესთეტიკა" (1953). ჰარტმანმა დაწვრილებით დაამუშავა კატეგორიების პრობლემა, განასხვავა მათი სფეროები და ფენები, დაინახა დიალექტიკის საჭიროება, მაგრამ ვერ განასხვავა ერთმანეთისაგან ტელეოლოგია და განვითარების თეორია და ორივე უარყო, აღიარა მხოლოდ "ჰორიზონტალური" და არა "ვერტიკალური" დიალექტიკა, ამიტომ სისტემის ერთიანობა ვერ დააფუძნა. ჰარტმანის გავლენა განიცადეს გ. იაკობიმ, გ. მარტინმა, ჰ. ვაინმა, მ. ლანდმანმა და სხვ. ჰარტმანის ხელმძღვანელობით 1922 მარბურგში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა მ. გოგიბერიძემ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბაკურია მ., ნ. პარტმანის ზოგადი კატეგოროლოგიის კრიტიკისათვის, თბ., 1985;
  • გოგიბერიძე მ., შემეცნების საგნის პრობლემა, «თსუ მოამბე», 1929, ტ. 9;
  • თევზაძე გ., ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა, თბ., 1967;