ნევრასთენია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნევრასთენიანევროზული ჯგუფის ფსიქიკური აშლილობა. როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ის 1869 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა გეორგ ბირდმა აღწერა.

დაავადების სიმპტომები[რედაქტირება]

ნევრასთენიის ერთ-ერთი ტიპიური დამახასიათებელი ნიშანია გაღიზიანებადობაა. ნევრასთენიით დაავადებულებს მომატებული აქვთ მგრძნობელობა, ამიტომ მათ აღიზიანებთ ხმამაღალი საუბარი, ქუჩის ხმაური, ტელევიზორის ხმა, მუსიკა და ა.შ. ავადმყოფი ადვილად გამოდის წონასწორობიდან, ფეთქებადია, უჭირს ემოციების მოთოკვა, მათი ნებითი კონტროლი, ხშირად ყვირის ან ტირის. მისი ასეთი რეაქცია სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ასთენიით, ფიზიკური და სულიერი გამოფიტვით.

ნევრასთენიას ახასიათებს გამღიზიანებლობითი სისუსტე - გაღიზიანებისა და მრისხანების შეცვლა მოდუნებითა და განურჩევლობით. გარდა ამისა, ნევრასთენიისას თავს იჩენს უძილობაც, რომლის დროსაც ძილი ხდება ზედაპირული, ემოციურად დატვირთული და არასასიამოვნო სიზმრებით სავსე. დარღვეულია დაძინების პროცესიც. ავადმყოფი ვერ იძინებს, დილით კი დაღლილი, გამოუძინებელი, გაღიზიანებული, თავის ტკივილით იღვიძებს. თავის ტკივილი ნევრასთენიის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია და როგორც წესი, ქრონიკულ ხასიათს ატარებს.

ნევრასთენიით დაავადებულ ადამიანებს აღენიშნებათ ყურადღების შესუსტება, განსაკუთრებით აქტიური ყურადღების დაქვეითება,რაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე უარყოფითად აისახება. ქვეითდება ფიქსაციის უნარი, რაც იწვევს გაფანტულობას, მოუკრეფლობას, მოუსვენრობას. გამოხატულია ემოციური ლაბილობაც.

ნევრასთენიით დაავადებულთა გუნებგანწყობა არამდგრადია, მერყევი, ვლინდება შფოთვა და დიფუზური, დაბალი ინტენსივობის შიში.

ნევრასთენიისას ფართოდაა წარმოდგენილი პოლიმორფული სომატო-ვეგეტატიური სიმპტომები: ტაქიკარდია, ლაბილური პულსი, არტერიული წნევის მერყეობა, ოფლიანობა, გასტრო-ენტერული მოვლენები, ტრემორი. ეს მოვლენები მნიშვნელოვნად მწვავდება ემოციური დაძაბულობის დროს.

გამოიყოფა ნევრასთენიის ორი ფორმა:

  • ჰიპერსთენიული - რომლის დროსაც ჭარბობს გამღიზიანებლობა, ემოციური გაუწონასწორებლობა, შფოთვა და დაძაბულობა.
  • ჰიპოსთენიული - რომლის დროსაც გამოხატულია ასთენია, სუსტსულოვნება, ვეგეტატიური დარღვევები.


მიზეზები[რედაქტირება]

ნევრასთენიის გამომწვევი ძირითადი მიზეზია დროში გახანგრძლივებული დაბალი ინტენსივობის სტრესული სიტუაცია, რაც უმთავრესად მიკროსოციალურ, ყოფით ან სამსახურეობრივ პრობლემებთანაა დაკავშირებული.


ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ფსიქიატრიის მოკლე კურსი - გ. ნანეიშვილი, თბილისი 2011

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]