ნასტია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნასტია (< ბერძნ. nastos - შემკვრივებული), ფოთლების, ფოთოლაკებისა და მცენარის სხვა ნაწილების მოძრაობა გაღიზიანების (სინათლის, ტემპერატურის ან სხვა ფაქტორთა) საპასუხოდ. ნასტია გამოწვეულია ორგანოს ზედა და ქვედა მხარეს განლაგებული უჯრედების არათანაბარი ზრდით ან ამ უჯრედებში ტურგორის არაერთნაირი ცვლილებებით. რომელიმე ორგანოს ზედა ნაწილის უფრო ინტენსიური ზრდა იწვევს ეპინასტიას (კვირტების ან კოკრების გაშლა), ქვედა ნაწილისა კი — ჰიპონასტიას (ყვავილსაფრის შემჭიდროება ყვავილობის დამთავრების შემდეგ).

განასხვავებენ: ფოტონასტიას (გამოწვეულია განათების ცვალებადობით); თერმონასტიას (განპირობებულია ტემპერატურის ცვალებადობით); ნიქტინასტიას (გამოწვეულია დღეღამური ცვლილებებით); სეისმონასტიას (მოძრაობა მექანიკური გაღიზიანების საპასუხოდ, მაგ., მწერითმტვერია მცენარეების დინგისა და მტვრის ძაფების მოძრაობა, მწერიჭამია მცენარეების, მორცხვი მიმოზისა და სხვა ფოთლების მოძრაობა); ქემონასტიას (გამოწვეულია ქიმიური ნივთიერებების მოქმედებით). ნასტიის ბიოლოგიური მნიშვნელობა მრავალგვარია: იგი ხელს უწყობს მწერითმტვერია მცენარეების ჯვარედინ დამტვერვას, იცავს მათ არახელსაყრელი პირობებისაგან, ეხმარება მწერიჭამია მცენარეებს მწერების დაჭერაში და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ.326, თბ., 1984