ნამგალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნამგალები (Apodes ან Micropodes), ფრინველების ქვერიგი ნამგალასნაირთა რიგისა. შეიცავს 2 ოჯახს 74 სახეობას (ნამარხი ფორმების გარდა). პატარა ფრინველებია. მასა 50 გრამს აღწევს. აქვთ გრძელი და ვიწრო ნამგლისებური ფრთები, მოკლე და სუსტი ფეხები, რომლებითაც ვერ დადიან. ნამგალები ფრენის დროს იკვებებიან, სვამენ, ჯვარდებიან, აგროვებენ მასალას ბუდისათვის და ა.შ. ფრენენ ძალიან სწრაფად (ზოგი საათში 200 კმ სიჩქარით). იკვებებიან მხოლოდ მფრინავი მწერებით, უმთავრესად მავნებლებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის. ნამგალები ფართოდ არიან გავრცელებული. ბინადრობენ ბარში, მთებსა და უდაბნოებშიც, მაგრამ ირჩევენ გაშლილ ადგილებს. საქართველოში მოიპოვება ნამგალასებრთა (Apodidae) ოჯახის 2 სახეობა: ნამგალა (Apus apus) და მეკირია (Apus melba).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]