ნაკრძალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაკრძალი — ტერიტორიის (აკვატორიის) ნაწილი, სადაც დაცულია მთლიანი ბუნებრივი კომპლექსები. ნაკრძალად ჩვეულებრივ ცხადდება ის ადგილი, რომელიც ან ტიპიბრივია ამა თუ იმ გეოგრაფიული ზონისათვის, ან შეიცავს სამეცნიერო თვალსაზრისით ძვირფას ბუნებრივ ობიექტებს (მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს, ლანდშაფტების ტიპებს, მინერალებს და სხვა). ნაკრძალად შეიძლება გამოცხადდეს მთელი ქალაქი ან მისი ნაწილი, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული, ისტორიულ-მხატვრული ან მემორიალური მნიშვნელობა აქვს.

საქართველოში დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

სახელმწიფო ნაკრძალი - დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას - მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Narure Reserve/Wilderness Area). სახელმწიფო ნაკრძალი არის ტერიტორია და აკვატორია, რომელიც მთლიანად ამოღებულია ჩვეულებრივი სარგებლობიდან კომპლექსის ბუნებრივი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.

ნაკრძალი ბუნების დაცვის ერთ-ერთი ფორმაა. იგი კომპლექსური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, სადაც აკვირდებიან მის ცალკეულ ობიექტებს, კომპლექსებს თუ ბიოგეოცენოზებს. ნაკრძალში შეისწავლიან ნადირ-ფრინველის რაოდენობრივი ცვალებადობის გამომწვევ მიზეზებს, მცენარეთა და ცხოველთა ეკოლოგიურ თავისებურებებს; ამუშვებენ მცენარეთა და ცხოველთა აღრიცხვის მეთოდებს, ტყისა და სოფლის მეურნეობის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდებს, ატარებენ ღონისძიებებს ბუნებრივი კომპლექსების შემოსანახავად, იშვიათად განადგურების გზაზე მდგარ მცენარეთა და ცხოველთა მოსამრავლებლად და სხვა.

საქართველოში ამჟამად 20 ნაკრძალია. მათი საერთო ფართობი 159,900 ჰა შეადგენს. ნაკრძალებში ჩატარებული სამეცნიერო მუშაობა დიდძალ მასალას იძლევა ეკონომიკური განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებისათვის. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები ქვეყნდება ნაკრძალის „შრომებში“, პერიოდულ გამოცემებში, მონოგრაფიებად და სხვა.

სამართლებრივი რეჟიმი[რედაქტირება]

ყოველგვარი საქმიანობა, რაც არღვევს ნაკრძალის ბუნებრივ კომპლექსს ან საფრთხეს უქმნის ბუნებრივი ობიექტების შენარჩუნებას, კანონით აკრძალულია როგორც ნაკრძალის ტერიტორიაზე, ისე მის ირგვლივ დადგენილი დაცვითი ზონის ფარგლებში. ნაკრძალის ტერიტორიაზე აკრძალულია ყოველგვარი ნადირობა, ბუდეებისა და სოროების (ჯილეების, ბუნაგების) განადგურება, თვზაობა, ხეებისა და ბუჩქნარის ჩეხვა და დაზიანება, წიაღისეულის მოპოვება, საქონლის ძოვება და ა. შ. აკრძალულია აგრეთვე უცხო პირთა ყოფნა ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე. უნებართვოდ, თოფითა თუ თევზის, ნადირის, ფრინველის დასაჭერი მოწყობილობით ნაკრძალში ყოფნა ბრაკონიერობად ითვლება. დათვებზე ნადირობა ნებადართულია მხოლოდ არბალეტით (იმ შემთხვევაში, თუ დათვი არის წითელ–მოყვითლო ფერის)

ძველ საქართველოში არსებობდა ე. წ. ყორუღი, რაც ამა თუ იმ მიზნით დაცულ, საერთოდ ნაკრძალ ადგილს ნიშნავდა. ვახტანგ VI-ის სამართლებრივ წიგნში ყორუღუ ნაკრძალ „სანადირო ალაგს“ აღნიშნავდა (მ. 172), დასტურლამალში კი — შავარდნის ბუდეების ადგილსამყოფელს, სადაც აკრძალული იყო ხეების მოჭრა და სიარული (§ 198). ვახტანგ მეფის დასტურლამალშივე იხსენიება მეყორუღე, რომელსაც საძოვრის დაცვა ევალებოდა (§ 103).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 7, გვ.303-304, თბ., 1984
  • ც. თურქაძე, ბ. ბუცხრიკიძე, გარემოს დაცვა და ბუნებათსარგებლობის ეკოლოგია (სალექციო კურსის სახელმძღვანელო), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2008